პირველი ნაბიჯი ისტორიამდე
„ვფიქრობ, ნაპოლის ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან შორს წასვლა შეუძლია. მეტიც, მათ ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად მივიჩნევ. ამ გუნდს არ აქვს სუსტი წერტილი“.
ეს სიტყვები ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ აინტრახტი-ნაპოლის გუშინდელი შეხვედრის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე, სქაი-იტალიის ეთერით გამოსვლის დროს განაცხადა.
76 წლის სპეციალისტი, რომელსაც ფეხბურთელის და მწვრთნელის რანგში არაერთი ტიტული მოუგია, ხოლო მილანს ზედიზედ სამჯერ შეუძღვა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, დიდი ხანია სხვადასხვა საფეხბურთო გადაცემებში მონაწილეობს. კაპელო ყოველთვის ზუსტი შეფასებებით გამოირჩეოდა და მგონი, არც ახლა შეცდა: ლუჩანო სპალეტის ამ ნაპოლის მართლა შეუძლია თასისთვის ბრძოლა, მიუხედავად იმისა, რომ ფინალი ჯერ ძალიან შორსაა.
ამის თქმის საფუძველს ნეაპოლელთა გუშინდელი თამაში მაძლევს, რომელშიც იტალიელებმა შანსი არ დაუტოვეს გერმანელებს. ევროპალიგის გამარჯვებულმა აინტრახტმა მხოლოდ საწყის წუთებში სცადა მეტოქის დაჩაგვრა, თუმცა არაფერი გამოუვიდა და მეკარე კევინ ტრაპს უნდა უმადლოდეს, რომ მხოლოდ 0:2 წააგო.
სამწუხაროდ, ოცდათორმეტი წლის გოლკიპერმა ორჯერ მოუგო დუელი ხვიჩა კვარაცხელიას – ნეაპოლელთა ქართველ ლიდერს ჯერ პენალტი არ გაატანინა, მოგვიანებით კი პირისპირ გასულსაც აჯობა. სხვათა შორის, სპალეტის გუნდმა მესამე თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა ამ გათამაშებაში და მიუხედავად ამისა, ნაპოლი მაინც ყველაზე შედეგიანი კლუბია ოცდაორი გოლით.
ხვიჩამ ორი დიდებული შანსი ვერ გამოიყენა, მაგრამ მეორე საგოლე კომბინაციაში თავისებურად დახატა, ჯოვანი დი ლორენცოს მეორე გოლი გაატანინა და მაინც მოსწყვიტა აპლოდისმენტები ნეაპოლელთა ტიფოზებს.
თამაშის შემდეგ ფაბიო კაპელომ ასე შეაფასა ჩვენი ბიჭის თამაში: „ის მომაკვდინებელია და ეს ძალიან კარგად იცოდა მეტოქემ. სწორედ ამიტომ, კვარაცხელიას წინააღმდეგ ყოველთვის იდგა ორი, ეპიზოდებში კი სამი ფრანკფურტელი. მისი დამსახურებაა, რომ საპირისპირო ფლანგზე მოთამაშე ირვინგ ლოსანოს მეტწილად თავისუფალი სივრცე ჰქონდა და ოსიმენის გოლიც, მექსიკელის გარღვევას და საჯარიმოში ჩაწოდებას რომ მოჰყვა, მარტივად შეგვიძლია კვარაცხელიას ფაქტორით ავხსნათ. მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლის 77-ე ნომერმა პენალტი ვერ გაიტანა და პირისპირ გასულმაც ვერ აჯობა მეკარეს, ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო იტალიელთა შორის. ეს მის დიდ ნიჭსა და შესაძლებლობებზე მეტყველებს“.
იმ ორი მომენტის მიუხედავად, რომელმაც ძალიან დამწყვიტა გული, მეც ვთვლი, რომ ხვიჩა ერთ-ერთი საუკეთესო იყო გუშინ, საგოლე გადაცემაზე კი განსაკუთრებული რა უნდა დავწერო? დილიდან ვკითხულობ იტალიელი მიმომხილველების შეფასებებს და უკლებლივ ყველა აღფრთოვანებულია.
ეს ხვიჩას მეოთხე საგოლე პასი იყო ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში და ამ შედეგით ის პირველ ადგილზეა ლეო მესისთან, ლივერპულელ დიოგო ჟოტასთან და მანჩესტერ სიტიდან ბაიერნში გადაბარგებულ ჟოაუ კანსელუსთან ერთად. როგორი ოთხეულია?
„ეს ბიჭი ჯადოქარია“! – ასე მოიხსენია ერთ-ერთმა ონლაინ-გამოცემამ კვარაცხელია და იქვე ნეაპოლელთა ქართველი ახალწვეულის ზღაპრული სტატისტიკაც შეგვახსენა, ყველა შეხვედრაში მინიმუმ ერთ გოლში მონაწილეობსო. მართლაც ასეა: სერია ა-ში ჩატარებულ 19 მატჩში კვარაცხელიამ 10 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა, ჩემპიონთა ლიგაში კი გუშინ მეექვსედ ითამაშა და ჯგუფში შეგდებულ 2 გოლს და 3 საგოლე გადაცემას ერთიც მიუმატა. „25 თამაში და 25 გოლი ნამდვილად არაა ცუდი ათ მილიონად შეძენილი ბიჭისთვის“, – იხუმრა იმავე გამოცემამ.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად უეფას ტექნიკურმა კომისიამ ირვინგ ლოსანო დაასახელა, ევროპული ფეხბურთის მმართველი სახლის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა კი გვამცნო, რომ ნაპოლიმ ისტორიაში პირველი გასვლითი თამაში მოიგო ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში და ძალიან მიუახლოვდა მეოთხედფინალს. ნომერ პირველ კონტინეტურ ტურნირში კი ნეაპოლელებს ამ ეტაპზე არასდროს უთამაშიათ, თვით დიეგო არმანდო მარადონას დროსაც.
საპასუხო შეხვედრას 15 მარტს ლეგენდარული არგენტინელის სახელობის სარბიელი უმასპინძლებს და დიდი იმედი მაქვს, ნაპოლის ისტორიულ წარმატებაში ხვიჩა უფრო დიდ წვლილს შეიტანს.
მანამდე კი სერია ა-ს მორიგი მატჩებია, რომელთაგან უახლოესი სამ დღეში გაიმართება ემპოლიში.
ლაშა გოდუაძე
2023 წლის 22 თებერვალი
ფოტო: sscnapoli.it