პირველი თუშური ზღაპარი

ჩვენთან, თუშეთში, ზურგზე არავინ წვებაო, შეიძლება თებჟორიკა წამოგეპაროს, გულზე დაგახტეს და მერე მეყოლე ვარდივითო.

ეს სიტყვები თუშმა ბიჭმა გვითხრა ზემო ომალოში, რამდენიმე ულამაზესი სოფლის მოვლის შემდეგ დაქანცულები რომ ჩამოვჯექით კოცონთან, მაშინ.

თებჟორიკა მაჯლაჯუნა ყოფილა, ჭინკისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, დაგრეხილფეხებიანი კაცუნა, რომელსაც ერთადერთი მიზანი ამოძრავებს – დაიმარტოხელოს ვინმე და ჭკუიდან გადაიყვანოს.

იმავე ბიჭმა გვითხრა, თუშეთში რამდენიმე ტყეა, რომელსაც გვერდს ვუვლითო. მე არ მინახავს, მაგრამ ამბობენ, რომ ასეთ ტყეებში ჩაკარგულ ბილიკებთან სპეციალური დაფებიც დგას: თუ შეხვალთ, დიდი შანსია ვეღარ დაბრუნდეთ, ან თუ შეძელით და იქაურობას თავი დააღწიეთ, გონი აღარ მოგეკითხებათო.

მოკლედ, დიდი ოხერი ვინმე ყოფილა ეს თებჟორიკა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სუსტი წერტილი, როგორც აქილევსს ის ოხერი ქუსლი, მასაც მოეძებნება. ჩვენი მასპინძლის თქმით, ერთ მონადირეს რომ წამოადგა ეს თებჟორიკა, იმას არ შეშინებია, დაუჭერია დაუპატიჟებელი სტუმარი, ფეხზე ფრჩხილიც აუთლია, მერე ნადავლი ქარქაშში ჩაუგდია და აი მანდ დამთავრებულა საშიში კაცუნას ამბავი. თურმე ფრჩხილწაჭრილ თებჟორიკას ძალა ეცლება, ხმალს, როგორც ჯვრის ფორმის ნივთს, ვეღარ ეკარება და მის მფლობელსაც ბოლომდე ემონება.

აუცილებლად უნდა დავაზუსტო: თებჟორიკას ჯვრის და ჯვრის ფორმის ნივთების კი ეშინია, მაგრამ თუ გინდა რომ დაგემონოს და დაუღალავ მსახურად იქცეს, აუცილებლად ფეხის ფრჩხილი უნდა აათალო. სხვანაირად უბრალოდ შეეშინდება და გაიქცევა.

იმ გულმაგარ მონადირეს თებჟორიკა მაგრად უწვალებია: თავის და ნათესავების სახლები ხომ ააშენებინა სიპი ქვით, სოფლის თავსა და ბოლოში ორი კოხტა კოშკიც ააგებინა და საერთოდ, როგორც ვაჟა ზაზაევიჩი იტყოდა, მაქსიმალურად დატვირთა და შეაგუა სამუშაო ატმოსფეროს…

ლეგენდები და ხალხური გადმოცემები კი მაინტერესებს და მიყვარს, მაგრამ თუშეთში ზღაპრული ბუნებით უფრო მოვიხიბლე. ლამის მთელი საქართველო მოვიარე, ამ ულამაზეს კუთხეში კი აგვისტოს 13-ში პირველად მოვხვდი. და ვინანე, რადგან იქ მიმავალ გზას პირველად მხოლოდ ახლა, ჭაღარაშეპარული დავადექი.

საქართველოს ყველა კუთხე ხომ ულამაზესი და თავისებურია, მაგრამ თუშეთი სრულიად განსხვავებულია და ასე მგონია, ყველაზე თვალწარმტაციცაა. საოცარი მთების, ჩანჩქერების, ხეობების, კლდეებზე შეფენილი სოფლების, ღრუბლებში ჩაძირული გზების და რა ვიცი კიდევ რის გამო!

თუშეთში 4 დღე გავატარე და ეს ფოტოები, ამ, პირველ ალბომში რომ მოვაქციე, 13 აგვისტოს გადავიღე: თბილისიდან გამთენიისას გასულებმა თორღვას აბანოებს, შემდეგ კი ერთ-ერთ ურთულეს – აბანოს უღელტეხილს დაახლოებით დილის 10 საათისთვის ჩავუარეთ, შუადღით კი დიკლოშიც ავედით.

დიკლო, შენაქო და ზემო ომალო – ასეთი იყო პირველი დღის განრიგი.

დიკლოში, კლდის პირზე აგებული ციხისკენ მიმავალ ბილიკს რომ დავადექით, წვიმამ მოგვისწრო. მაგრად გავილუმპეთ, მაგრამ ნისლში და საცალხეფო ბილიკით ციხის გალავანზე ასულებმა მაინც ბევრი ვიცინეთ, ფოტოებიც გადავიღეთ და ბოლოს, ჩვენ დელიკებთან მისულებმა, სამოსიც გამოვიცვალეთ.

აი შენაქოში კი მშვენიერი ამინდი დაგვხვდა: მზე საამოდ აცხუნებდა, არსად გვეჩქარებოდა და ყველა კუთხეში გადაშლილი საოცარი ხედებით ვტკბებოდით.

საღამოს ზემო ომალოში დავბრუნდით, ვახშამზე თუშური ჭაჭაც მივირთვით და კაცმა რომ თქვას, დიდად არც იმაზე ვინერვიულეთ (მხოლოდ ფეხბურთის მოყვარულებმა, ცხადია), რომ ლაიფციგის რედ ბულმა მადრიდის ატლეტიკოს 2:1 მოუგო და ლიგის ნახევარფინალში გავიდა. სიმართლე გითხრათ, ფავორიტად ჩოლო სიმეონეს გუნდი მიმაჩნდა, მაგრამ მცდარი პროგნოზის გამო დიდად არ მინერვიულია: ვიცოდი, რომ მეორე დღეს კიდევ უფრო საინტერესო თუშური ზღაპარი მელოდა და ამიტომ.

14 აგვისტოს გირევი, ფარსმა და დართლო მოვიარეთ, თუშური ხინკალიც დავაგემოვნეთ და ცხელ-ცხელ კოტორსაც გეახელით.

იმ დაუვიწყარ თავგადასავალს მეორე ალბომს მივუძღვნი. იმდენი ფოტო გადავიღე, სათვალავი ამერია, მაგრამ ისეთი სანახაობა იყო, სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი.

თუშეთი მაგარია!

თუშეთი ზღაპარია!

ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
თუშეთი, დიკლო-შენაქო-ზემო ომალო; 2020 წლის 13 აგვისტო

ka_GEGeorgian