პლანეტა ბარსა

2000 წელს ფლორენტინო პერესი პირველად გახდა მადრიდის რეალის პრეზიდენტი. სამეფო კლუბის სათავეში მისვლის შემდეგ, სასტუმრო რიცში გამართულ მიღებაზე, მილიარდერმა ბიზნესმენმა თქვა: „არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ სიმართლეს ყველამ თვალი უნდა გაუსწოროს – რეალი საუკეთესო საფეხბურთო ბრენდია მსოფლიოში“!

თუ ვინმეს გულზე მოხვდა მისი სიტყვები, პირველ რიგში კატალონიის სიამაყეს – საფეხბურთო კლუბ ბარსელონას. და თითქოს ეს არ კმარაო, მცირე ხანში რეალის ახალმა პრეზიდენტმა კამპ ნოუდან საუკეთესო ფეხბურთელი, პორტუგალიელი ლუიშ ფიგუ გადაიყვანა. ეს, მშვენივრად ხვდებით, ცეცხლზე ნავთის დასხმა იყო!

პორტუგალიელის სარეკორდო ტრანსფერით – 2000 წლის ზაფხულში რეალმა მასში 58,5 მილიონი ევრო გაიღო – პერესმა „გალაქტიკოს“ შენება დაიწყო.

ფიგუს გენიოსი ფრანგი ზინედინ ზიდანი მიჰყვა უფრო შთამბეჭდავი გარიგებით – 76 მილიონი ევრო, 2002 წელს – მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი, ბრაზილიელი ფენომენი რონალდო, 2003 წელს – ინგლისელი მეგავარსკვლავი დევიდ ბექემი და სამეფო კლუბიც, მანამდე ვალები რომ ახრჩობდა, მომგებიან კორპორაციად გადაიქცა.

მაგრამ თუ პრეზიდენტის პოლიტიკით მადრიდის რეალის საბანკო ანგარიშები ყოველწლიურად იზრდებოდა, მწვანე მინდორზე, თეთრებმა მთავარ კონკურენტს, ბარსელონას დაუთმეს პოზიციები.

დღეს საუკეთესო საფეხბურთო ბრენდი ბარსელონაა და ეს სადავო რომ არაა, ესპანელი ჟურნალისტის კარლეს სალმურის ძალიან საინტერესო და… მრავლისმთქმელი კოლექციაც ცხადყოფს.

საინფორმაციო სააგენტო La Vanguardia-ს დოკუმენტური მასალების განყოფილების მთავარმა რედაქტორმა ახლახანს დაასრულა კვლევა, რომელიც ზემოთქმულს ამტკიცებს: ბოლო წლების განმავლობაში მან ათასამდე ფოტო შეაგროვა, რომლებიც ყველა კონტინენტზეა გადაღებული და მასზე ბარსელონის მაისურით ან საკლუბო ატრიბუტიკით შემოსილი ხალხია აღბეჭდილი. ჟურნალისტმა ეს მასალები საინფორმაციო სააგენტოების – როიტერი, ასოშეიტედ პრესი, ფრანს პრესი, ეფე – არქივებში მოიძია.

ერთ მშვენიერ დღეს სალმურიმ რედაქციის საერთაშორისო პოლიტიკის განყოფილებაში მისული ფოტოებიდან რამდენიმე კადრი შეარჩია, რომელზეც ბარსელონის მაისური ფიგურირებდა. მალე მათ კიდევ რამდენიმე დაემატა, ნელ-ნელა კი კოლექციაც შეივსო.

დღეს არქივი უამრავ საინტერესო ფოტოს ითვლის: ერთზე აღბეჭდილია თაკარა მზის ქვეშ ბარსას ქოლგით მდგარი ერაყელი – ამ ფოტომ The International Herald Tribune-ის გარეკანი დაამშვენა… მეორეზე იემენის სამთავრობო ძალების მიერ დახვრეტილი ამბოხებულები – ერთ-ერთი ბარსას მაისურშია… მესამეზე ლიბიელი პარტიზანი ბარსას კეპით ბენზინგასამართ სადგურზე… სალვადორის ყველაზე საშიში დაჯგუფების მარა სალვატრუჩას 18 წლის წევრი – ბარსას შარფი აქვს წაკრული… საკლუბო ტრუსებში გამოწყობილი მოზეიმე სუდანელები… პატარა პალესტინელი ბიჭუნა მესის მაისურით მეჩეთში, ყურანის კითხვის დროს… ლტოლვილი სირიელი თურქეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ ჰატაიში – მხარზე ბარსელონის პირსაცოხით…

სალმურის კოლექციაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ბრაზილიის ჩრდილოეთით, პატარა ქალაქ სან ფელისში გადაღებულ ფოტოს: მდინარე ამაზონის თვალუწვდენელ აუზში ჩაკარგული ერთ-ერთი მიყრუებული სოფლის მცხოვრებნი, კაიაპოს ტომის ხალხი სამედიცინო შემოწმებაზეა, ერთ-ერთი კი ბარსას მაისურშია. როგორ მიაღწია ბარსელონამ იქ? არავინ იცის.

არც ბარსელონის მაისურში გამოწყობილი სახელგანთქმული ადამიანების ფოტოების ნაკლებობაა: შოტლანდიელი მსახიობი, მისტერ ჯეიმს ბონდი – შონ კონერი; სამხრეთი აფრიკის ექს-პრეზიდენტი, პოლიტიკოსი ნელსონ მანდელა; მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფორმულა 1-ში, გერმანელი ავტომრბოლი სებასტიან ფეტელი; ამერიკელი რეჟისორი სპაიკ ლი და მისი თანამემამულე, მუსიკოსი ბრიუს სპრინგსტინი; NBA-ის ვარსკვლავი და მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი კობი ბრაიანტი; Microsoft-ის დამფუძნებელი, მილიარდერი ბილ გეიტსი; ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი და პალესტინელთა ლიდერი მაჰმუდ აბასი…

„ბარსა ყველაზე პოპულარული საფეხბურთო კლუბია და გუნდიც ზუსტად პასუხობს ხალხის სიყვარულს – იუნისეფთან გაფორმებული უპრეცედენტო კონტრაქტი ამის დასტურია,“ – ამბობს კარლეს სალმური.

2006 წლიდან ბარსელონა გაეროს ბავშვთა ფონდს ყოველწლიურად მილიონნახევარი ევროთი ეხმარება. ის, რომ კატალონიური გუნდი მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში დიდი პატივისცემით სარგებლობს და პოპულარულია, გარკვეულწილად, ამ ნაბიჯის დამსახურებაცაა.

შესაძლოა, ჩვენ არ მოგვეწონოს კლუბის მესვეურთა სატრანსფერო პოლიტიკა ან გავღიზიანდეთ, როცა გუნდი პრიმერადივიზიონის მაჩანჩალასთან უსახურად ითამაშებს, მაგრამ ერთ საკითხში აუცილებლად უნდა შევთანხმდეთ – დღეს ბარსელონა საუკეთესო ბრენდია.

და თუ ზემოთქმულში მაინც ეჭვი გეპარებათ, შეგახსენებთ, რომ კარლეს სალმურის ფოტოკოლექცია არასაფეხბურთო თემაზე მთელ მსოფლიოში გადაღებულ ათასამდე ფოტოს ითვლის.

მათ, ვისაც არ იცნობენ ან არ უყვართ, კარს არ უღებენ.

ბარსელონამ კი ყველგან შეაღწია.

იქაც კი, სადაც არც იციან, რა არის ფეხბურთი და რას ნიშნავს ბარსა.

ადრიანა ლიმა

ბრაზილიელი ტოპ-მოდელი ადრიანა ლიმა ბარსელონას ეგიდით მოწყობილ ერთ-ერთ საქველმოქმედო ღონისძიებაზე

 

Facebook & Twitter
დედამიწაზე 7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს.

ამ 7 მილიარდიდან Facebook-ის და Twitter-ის სოციალურ ქსელებში თითქმის მილიარდ 500 მილიონი ადამიანია გახვეული.

და ამ თითქმის მილიარდნახევრიდან 25 მილიონზე მეტი საფეხბურთო კლუბ ბარსელონის ოფიციალური გვერდების მომხმარებელია: Facebook-ზე კატალონიურ კლუბს 21 376 981 ადამიანი ანიჭებს უპირატესობას, Twitter-ზე – 3 741 040!

ორივე ქსელში კატალონიის სიმბოლო ლიდერია და აქედან მარტივი დასკვნაც:

ბარსელონა ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელების ყველაზე პოპულარული საფეხბურთო კლუბია!

პოპულარული კლუბების ათეული (Facebook)
1.ბარსელონა (ესპანეთი) – 21 376 981 გამომწერი
2.რეალი (მადრიდი, ესპანეთი) – 20 351 777
3.მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი) – 19 961 486
4.არსენალი (ლონდონი, ინგლისი) – 7 740 591
5.ჩელსი (ლონდონი, ინგლისი) – 7 405 514
6.ლივერპული (ინგლისი) – 7 231 126
7.იუვენტუსი (ტურინი, იტალია) – 7 101 434
8.მილანი (იტალია) – 6 212 535
9.გალათასარაი (სტამბოლი, თურქეთი) – 6 078 660
10.ბორუსია (დორტმუნდი, გერმანია) – 2 853 174

პოპულარული კლუბების ათეული (Twitter)
1.ბარსელონა (ესპანეთი) – 3 741 040
2.მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი) – 2 729 691
3.რეალი (მადრიდი, ესპანეთი) – 2 464 341
4.ჩელსი (ლონდონი, ინგლისი) – 1 110 594
5.არსენალი (ლონდონი, ინგლისი) – 946 855
6.ლივერპული (ინგლისი) – 493 501
7.გალათასარაი (სტამბოლი, თურქეთი) – 466 638
8.ფენერბაჰჩე (სტამბოლი, თურქეთი) – 295 873
9.მილანი (მილანი) – 176 297
10.ბეშიქთაში (სტამბოლი, თურქეთი) – 53 783

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 20 თებერვალი)

ka_GEGeorgian