პოგაჩარის ფრანგული ზღაპარი
ტურ დე ფრანსი 21 წლის სლოვენიელის, ტადეი პოგაჩარის მოულოდნელი ტრიუმფით დასრულდა.
ყველაფერი ბოლოსწინა, შაბათის ეტაპმა გადაწყვიტა: პრიმოჟ როგლიჩი 13 დღის განმავლობაში დაქროდა ლიდერის ყვითელი მაისურით, მაგრამ იმ დღეს სამთო ეტაპს ვეღარ გაუძლო, პოგაჩარმა კი დიდებულად იარა და თითქმის 2 წუთით აჯობა ლიდერს, საერთო ჩათვლაში კი წუთზე ოდნავ მეტით დაწინაურდა!
დაუწერელი წესით, ტურ დე ფრანსის უკანასკნელ ეტაპზე ველომრბოლები მშვიდად გადიან ტრასას და ამიტომაც, გუშინდელ, XXI ეტაპს საერთო ჩათვლა დიდად არ შეუცვლია: პოგაჩარმა 87 საათში, 20 წუთსა და 5 წამში დაფარა წლევანდელი ტურის სრული გზა, II ადგილზე გასული როგლიჩი გამარჯვებულს 59 წამით ჩამორჩა, III ადგილზე კი ავსტრალიელი რიჩი პორტე გავიდა – +3.30 წუთი.
„გამარჯვებაზე კი არა, მხოლოდ ტურში მონაწილეობაზე ვოცნებობდი… ყვითელ მაისურს თუ მოვირგებდი და, მით უმეტეს, პირველ ადგილზე გავიდოდი, ამას ნაღდად ვერ წარმოვიდგენდი“! – განაცხადა პოგაჩარმა, ვინც ველოსპორტის ამომავალ ვარსკვლავად ითვლება.
სლოვენიელმა 2018 წელს დაიქუხა, როცა რამდენიმე კლასიკური რბოლა მოიგო, შარშან პირველად გაამართლა გაცემული ავანსი – ვუელტა III ადგილზე დაასრულა, ტურ დე ფრანსზე გუშინდელი ტრიუმფის შემდეგ კი მას უდიდეს მომავალ უკვე ყველაზე მკაცრი კრიტიკოსებიც კი უწინასწარმეტყველებენ.
ტურ დე ფრანსის 107 წლიან ისტორიაში 21 წლის პოგაჩარი მეორე ყველაზე ახალგაზრდა ტრიუმფატორია ფრანგი ანრი კორნეს შემდეგ. ამ უკანასკნელმა შორეულ 1904 წელს, 19 წლისამ იპირველა, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პირველ 4 ადგილზე გასულები დისკვალიფიკაციით დაისაჯნენ.
პოგაჩარის გუშინდელი ტრიუმფი იმითაცაა აღსანიშნავი, რომ 1983 წლის გამარჯვებულის, ფრანგი ლორენ ფინიონის შემდეგ ტურ დე ფრანსის პირველი დებიუტანტი ჩემპიონია!
და კიდევ: სლოვენიელმა ყვითელი მაისურის გარდა საუკეთესო ახალგაზრდის და მთის მეფის ტიტულებიც მოიგო, 3 მაისურით კი პოგაჩარამდე ბოლოს ლეგენდარულმა ბელგიელმა ედი მერქსმა იპირველა, 1969 წელს.
„ყველას მადლობელი ვარ, ვინც ამ წარმოუდგენელ გამარჯვებაში წვლილი შეიტანა: მადლობა გუნდს, ხელმძღვანელებს და ყველას, ვინც ჩემი ირწმუნა“, – განაცხადა სლოვენიელმა დაჯილდოების შემდეგ.
მისმა გუნდმა, UAEმ (არაბთა გაერთიანებული საამიროები) ისტორიაში პირველი გრან ტური მოიგო. მათი გამარჯვებით დასრულდა ინეოსის სერია – ზედიზედ 5 ტრიუმფი ტურ დე ფრანსზე (პირველი 4 ამ გუნდმა სქაის სახელით მოიპოვა).
დაახლოებით 2 კვირაში ჯირო დ იტალია დაიწყება (3 ოქტომბერს), 20 ოქტომბერს კი ვუელტა აიღებს სტარტს.
ლაშა გოდუაძე (2020 წლის 21 სექტემბერი)
ფოტო: letour.fr