პოგაჩარის მესამე ტრიუმფი

საფეხბურთო ევროპის ჩემპიონატმა და კარსმომდგარმა პარიზის ოლიმპიადამ 29 ივნისს დაწყებული და რამდენიმე საათის წინ დასრულებული ტურ დე ფრანსი კი დაჩრდილა, მაგრამ ამით სეზონის მეორე გრან ტურს ბევრი არაფერი დააკლდა. იმიტომ, რომ რიგით 111-ე „დიდი ფრანგული მარყუჟი“ ძალიან საინტერესო, ამავდროულად კი, არაერთი ფაქტი გამო, ისტორიულიც გამოდგა.

ბევრმა, როცა შედეგებს გადახედავს, შესაძლოა გაიკვირვოს, თუ რატომ ვუწოდე შეჯიბრებას საინტერესო, გამარჯვებულმა ხომ 6 წუთზე მეტით აჯობა მეორეადგილოსანს. მაგრამ საქმე ისაა, რომ ველოსპორტის მოყვარულებმა ჩემპიონის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და დომინანტური რბოლა ვიხილეთ. ამიტომაც დავწერე, რომ ველომარათონი ძალიან საინტერესოდ წარიმართა.

საბოლოო შედეგი ასეთია: ტურ დე ფრანსის 2020 და 2021 წლის გამარჯვებულმა და 2022 და 2023 წლების ვიცე-ჩემპიონმა, სლოვენიელმა ტადეი პოგაჩარმა 21 ეტაპზე გაშლილი 3498 კილომეტრი 83 საათში, 38 წუთსა და 56 წამში დაფარა. ეს 6 წუთით და 17 წამით უკეთესია, ვიდრე მეორე ადგილზე გასული დანიელის, 2022 და 2023 წლების ჩემპიონის იონას ვინეგორის დრო. კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე სპორტის ამ სახეობის კიდევ ერთი ვარსკვლავი, ახალგაზრდებს შორის ყველაზე სწრაფი, ბელგიელი რემკო ევენპოლი შედგა (+9.18 წუთი).

ტადეი პოგაჩარმა მესამედ მოიგო ტური. ის აქამდეც მოვლენად ითვლებოდა. ქება მისთვის უცხო არაა, მაგრამ ყველა დროის უდიდეს ველომრბოლს, ტურის ხუთგზის ტრიუმფატორს, კანიბალად წოდებულ ბელგიელ ედი მერქსს სლოვენიელი პირველად მხოლოდ ამ ზაფხულს შეადარეს, უფრო კონკრეტულად კი რბოლის დამაგვირგვინებელ, მესამე კვირაში. ეს იმიტომ, რომ სლოვენიელმა ბოლო რვა დღეში ზღაპრულად იასპარეზა და ხუთი ეტაპი მოიგო, აქედან ოთხი ურთულესი, სამთო, ასევე დამაგვირგვინებელი, ინდივიდუალური დროზე რბოლა მონაკოდან ნიცამდე. პოგაჩარი 1948 წლის შემდეგ პირველი გახდა, რომელმაც ტურის ზედიზედ სამი ეტაპი მოიგო, ამაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ „პოგიმ“ ედი მერქსის ერთ-ერთი რეკორდი გაიმეორა – მხოლოდ ამ ორს მოუგია „ფრანგული მარყუჟის“ ყველაზე მეტი სამთო ეტაპი, ცამეტი.

განვლილი სამი კვირის მანძილზე პოგაჩარმა ექვსჯერ გადაკვეთა ფინიშის ხაზი პირველმა, კარიერაში ტურზე 17 გამარჯვება მოაგროვა და ყველა დროის მოწინავე ათეულში შეაბიჯა. ლიდერი აქაც ედი მერქსი გახლდათ 34 გამარჯვებით, მაგრამ მისი მიღწევა წელს გააუმჯობესა ვეტერანმა ბრიტანელმა, 39 წლის მარკ კავენდიშმა. მან მართალია ერთადერთი, რიგით მეხუთე ეტაპი მოიგო, მაგრამ ისტორიული ხომ არის? ბოლოს და ბოლოს თვით მერქსს გაასწრო! სხვათა შორის, კავენდიშს სამახსოვრო ჯილდო ლეგენდარულმა ფრანგმა კალათბურთელმა ტონი პარკერმა გადასცა.

და რადგან ისტორიულ ამბებს მივადექი, რამდენიმე საინტერესო ფაქტსაც აღვნიშნავ:

ტურ დე ფრანსი 111-ედ ჩატარდა, ველომარათონი 26-ედ დაიწყო სხვა ქვეყანაში, მაგრამ პირველად… იტალიიდან! 2024 წლის რბოლაში მონაწილე 22 გუნდის 218-მა სპორტსმენმა ფინიშისკენ სვლა ფლორენციიდან დაიწყო. ორგანიზატორებმა ამ ნაბიჯით იტალიელის პირველი გამარჯვების საუკუნოვან იუბილეს მიაგეს პატივი – 1924 წელს ჩემპიონი ოტავიო ბოტეჩია გახდა;

ისტორიული გამოდგა სან მარინოს „გამოჩენაც“. ეს ჯუჯა სახელმწიფო მე-12 ქვეყანა გახდა, რომლის ტერიტორიაზეც ტურ დე ფრანსის ეტაპი გაიმართა. საერთოდ კი, წლევანდელი ტურის მონაწილეები ოთხ ქვეყანას ესტუმრნენ – საფრანგეთის, იტალიის და სან მარინოს გარდა მონაკოც მოინახულეს;

აუცილებლად უნდა ვახსენო 24 წლის ერითრეელი ბინიამ გირმეი, რომელიც პირველი შავკანიანი აფრიკელი გახდა, ფრანგული მარყუჟის ეტაპზე რომ გაიმარჯვა. ეს 1 ივლისს მოხდა, როცა გირმეიმ პიაჩენცაში დაწყებული და ტორინოში დასრულებული რბოლა მოიგო. მომდევნო დღეებში მან კიდევ ორჯერ გაიმარჯვა და საბოლოოდ მწვანე მაისურით დაასრულა შეჯიბრება, როგორც ყველაზე მეტი ქულის მომპოვებელმა;

და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ამბავი: ტურ დე ფრანსი პირველად არ დასრულდა პარიზში. ხუთ დღეში საფრანგეთის დედაქალაქში ოლიმპიადა გაიხსნება, ამიტომ რბოლის ორგანიზატორებმა უკანასკნელი, სიმბოლური დატვირთვის მქონე ეტაპის ფინიში ზღვისპირა ნიცაში გადაიტანეს. ტადეი პოგაჩარმა სწორედ ამ კოხტა ქალაქში აღმართა ჩემპიონის თასი.

და ამით ის გახდა პირველი ლეგენდარული იტალიელის, მარკო პანტანის შემდეგ, რომელმაც ერთ წელს მოიგო ჯირო დ’იტალია და ტურ დე ფრანსი. „პატარა სპილოდ“ წოდებულმა პანტანიმ ველოსპორტის ყველაზე პრესტიჟული დუბლი 1998 წელს შეასრულა. სხვათა შორის, პოგაჩარი სწორედ იმ წელს დაიბადა.

ლაშა გოდუაძე
2024 წლის 21 ივლისი
ფოტო: letour.fr

ka_GEGeorgian