პოლონეთი-უკრაინა 2012 – 1/4ფინალი: ესპანეთი 2:0 საფრანგეთი

გუშინ, დონეცკის დონბას არენაზე კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ესპანეთი დღეს მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო გუნდია.
ვისენტე დელ ბოსკეს გაწვრთნილმა ფეხბურთელებმა უპრობლემოდ დაამარცხეს ლორან ბლანის საფრანგეთი, რომელიც ევრო 2012ის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა.
ცნობისათვის: ესპანელებმა ფრანგებს პირველად მოუგეს დიდ საფეხბურთო ტურნირზე.

საკმაოდ მოსაწყენ შეხვედრაში, რომელიც ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონთა კარნახით წარიმართა, ესპანეთის ნაკრებს პრობლემა არ ჰქონია. გუნდის კაპიტანი და მეკარე იკერ კასილიასი ერთადერთხელ ჩაერთო თამაშში – ფრანკ რიბერის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ვარდნაში დაიჭირა. ეს იყო და ეს – ბლანის გუნდს დონეცკში დასამახსოვრებელი არაფერი გაუკეთებია და ის მოლოდინიც, რომ ფრანგები 3 ლეგენდარული მოთამაშის იუბილეს სათანადოდ აღნიშნავდნენ, არ გამართლდა.

გუშინ დაბადების დღე იზეიმეს ევროპის 1984 წლის ჩემპიონმა ალენ ჟირესმა და ევრო 2000ის ტრიუმფატორებმა ზინედინ ზიდანმა და პატრიკ ვიეირამ.

ესპანეთის და საფრანგეთის ნაკრები გუნდები ევროპირველობების ფინალურ ეტაპზე მესამედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. უკვე ხსენებულ ევრო 84ზე, ფინალურ მატჩში ტურნირის მასპინძელმა საფრანგეთმა მიშელ პლატინის და ბრუნო ბელონის გოლებით 2:0 სძლიეს ესპანელებს და პირველად მოიგეს ანრი დელონეს სახელობის თასი, 2000 წელს კი ამ გუნდების გზები 1/4ფინალში გადაიკვეთა. კვლავ ფრანგებმა იმარჯვეს – ზიდანის და იური ჟორკაეფის გოლებს ესპანელთაგან მხოლოდ გაისკა მენდიეტამ უპასუხა პენალტით. იმ დღეს საფრანგეთის პირველი გუნდის ღირსებას ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი ლორან ბლანიც იცავდა…

დელ ბოსკეს გუნდმა პირველი გოლი მე19 წუთზე შეაგდო: ანდრეს ინიესტამ და ჟორდი ალბამ მარცხენა ფლანგიდან შეუტიეს მეტოქეს, თავდასხმა ბურთის საჯარიმოში ჩაწოდებით გაგრძელდა, ფორვარდთა დასახმარებლად შეტევაში ჩართულმა ჩაბი ალონსომ კი ბრწყინვალედ ისარგებლა მცველების უყურადღებობით და თავური დარტყმით დალაშქრა უგო ლორისის კარი – 1:0.

მადრიდის რეალის ნახევარმცველმა გუშინ საიუბილეო, მე100 შეხვედრა ჩაატარა ესპანეთის ნაკრებში. ამ შედეგით მან კარლეს პუიოლს გაასწრო და ახლა მე5 ადგილზეა: მხოლოდ კასილიასს (135 მატჩი), ანდონი სუბისარეტას (126), ჩავის (113) და რაულს ჩამორჩება (102).

მეორე გოლიც მანვე მიითვალა: მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე ანტუან რევეილემ საჯარიმოში წააქცია ბარსელონის შემტევი ნახევარმცველი პედრო როდრიგესი და იტალიელმა არბიტრმა ნიკოლა რიცოლიმ სამართლიანად დანიშნა პენალტი. ალონსომ საჯარიმო დარტყმა ბრწყინვალედ შეასრულა – 2:0. ეს მისი მე15 გოლია ნაკრებში, დუბლი კი მესამედ შეასრულა: 2008 წელს დანიას, ერთი წლის შემდეგ კი არგენტინას გაუტანა 2-2 გოლი. ორივე თამაში ამხანაგური იყო…

27 ივნისს ესპანეთი ზედიზედ მეორედ ითამაშებს ევრონახევარფინალში. დელ ბოსკეს გუნდის მეტოქე ჩეხეთის მძლეველი პორტუგალიაა. მსოფლიოს უძვირფასესი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ თანაკლუბელების კასილიასის, სერხიო რამოსის, ალვარო არბელოას, ჩაბი ალონსოს და სხვათა წინააღმდეგ გავა დონეცკის შახტარის საშინაო სარბიელზე.

23 ივნისი, 2012. ევრო 20121/4 ფინალი. დონეცკი, დონბას არენა. 47 000
ესპანეთი 2:0 შვეიცარია
გოლები: 1:0 ჩაბი ალონსო (19), 2:0 ჩაბი ალონსო (90, პენ)
კარლსბერგის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ჩაბი ალონსო (ესპანეთი)

 

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 24 ივნისი)
ფოტო: uefa.com

ka_GEGeorgian