პოლონეთი-უკრაინა 2012 – 1/4ფინალი: გერმანია 4:2 საბერძნეთი

გერმანიის ნაკრებმა მეხუთედ ითამაშა ევროპის ჩემპიონატის 1/4ფინალში და მეხუთედ გავიდა შემდეგ ეტაპზე!
იოახიმ ლიოვის გუნდმა გუშინ 4:2 დაამარცხა საბერძნეთი და ფერნანდუ სანტუშის ფეხბურთელები სამშობლოში გააბრუნა. თავის მხრივ, ბერძნებმა მეორედ იასპარეზეს ამ ეტაპზე: 2004 წელს, პორტუგალიაში მათ არათუ 1/4ფინალი, ნახევარფინალიც დაძლიეს და საბოლოოდ ჩემპიონებიც გახდნენ.

გდანსკის არენაზე ბუნდესგუნდი მეტოქესთან შედარებით ძალიან ძლიერი აღმოჩნდა. II ნახევრის დასაწყისში ბერძნებმა ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ ლიოვის გუნდმა სულ სხვა თამაში შესთავაზა მეტოქეს, ზეწოლას კი საბერძნეთმა ვერ გაუძლო.

გერმანიამ, რომელიც პირველად 52 წლის წინ დაუპირისპირდა მეტოქეს, დაუმარცხებელი სვლა განაგრძო – საბერძნეთთან მეექვსედ იმარჯვა, 3 მატჩი კი ფრედ დაასრულა.

ამ გუნდების ბოლო პაექრობა, რომელიც 2001 წლის 28 მარტს შედგა ათენში მსოფლიოს 2002 წლის პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირში, ზუსტად ამ ანგარიშით დასრულდა – 4:2 და მაშინაც ბუნდესნაკრებმა გაიმარჯვა.

გუშინდელ შეხვედრაში ანგარიში ევროპის ვიცე-ჩემპიონთა კაპიტანმა ფილიპ ლამმა გახსნა. გერმანელთა ხშირი თავდასხმები ფორვარდებმა და ნახევარმცველებმა სათანადოდ ვერ დაასრულეს, 39ე წუთზე კი წინახაზელებს ლამიც მიეშველა და საჯარიმოს გარედან ძლიერი და ზუსტი დარტყმით დალაშქრა სიფაკისის კარი. მეკარემ ბურთს ხელი წაარტყა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა – 1:0. მიუნხენის ბაიერნის მცველმა საბერძნეთთან 90ედ მოირგო გერმანიის მთავარი საფეხბურთო გუნდის მაისური და მეხუთედ დაარტყა ზუსტად. საგოლე პასი მესუტ იოზილმა მიითვალა – კაპიტანს კარგად დაუგორა ბურთი.

ფერნანდუ სანტუშის ნაკრებმა შესვენების შემდეგ გაათანაბრა ანგარიში: დიმიტრის სალპინგიდისი მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა, საჯარიმოში ჩაწოდებაც შეძლო, იქ კი გერმანელთა ცენტრალური მცველი ჯერომ ბოატენგი ამ ევროზე პირველად შეცდა, სათანადოდ ვერ ითამაშა და გლაზგოს სელტიკის ფორვარდმა გიორგოს სამარასმა ბურთი მანუელ ნოიერის კარში შეაგდო – 1:1.

ამის შემდეგ მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა, მეორე კი მისთვის ხელის შეშლას ცდილობდა. გერმანია წარმოშობით ტუნისელმა სამი ხედირამ დააწინაურა: შეტევაში ჩართულმა ბოატენგმა 61ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, მადრიდის რეალის საყრდენმა ნახევარმცველმა კი დასწრებაზე ითამაშა და ერთი შეხებით ეფექტური გოლი შეაგდო – 2:1. ევროპის 2009 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულმა ხედირამ ნაკრებში 31ე მატჩში მხოლოდ მე2 გოლი გაიტანა.

68ე წუთზე გერმანიის ყველა დროის მეორე საუკეთესო გოლეადორმაც გაიტანა: რომის ლაციოს 34 წლის ფორვარდმა მიროსლავ კლოზემ კუთხურის შემდეგ თავური დარტყმით შეაგდო. ამ შემთხვევაში მეკარე გამოსვლისას აშკარად შეცდა, ბომბარდირმა კი შანსი ხელიდან არ გაუშვა – 3:1.

გდანსკში კლოზემ 120ედ ითამაშა ნაკრებში და 64ე გოლი გაიტანა. შედეგიანი დარტყმების მხრივ თავდამსხმელს მხოლოდ ლეგენდარული გერდ მიულერი უსწრებს: მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მეგოლემ 62 თამაშში 68 ბურთი მიითვალა.

რაც შეეხება სანაკრებო მატჩებს, კლოზე ამ მხრივ მხოლოდ ლოთარ მათეუსს ჩამორჩება – შეგახსენებთ, რომ 80-90იანი წლების გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ ქვეყნის პირველ გუნდში 150ჯერ იასპარეზა.

მე4 გოლი 23 წლის მარკო როისმა 74ე წუთზე ლამაზად გაიტანა: ბრწყინვალედ გამოიყენა მეკარის და მცველების კიდევ ერთი შეცდომა, ერთი შეხებით უძლიერესად დაარტყა და სიფაკისის კარის ცხრიანში გაახვია ბურთი – 4:1. დორტმუნდის ბორუსიის ახალწვეულმა გდანსკში პირველად ითამაშა ევრო 2012ზე, ბუნდესგუნდში კი მეორე გოლი მიითვალა: კონტინენტის პირველობის დაწყებამდე, შვეიცარიასთან ამხანაგურში გამოიჩინა თავი.

მეორე 1/4ფინალის უკანასკნელი გოლი ბერძნებმა გაიტანეს. სლოვენიელ მსაჯს დამირ სკომინას საჯარიმოში ბოატენგის ხელით თამაში არ გამოეპარა, 11მეტრიანი ნიშნულისკენ მიუთითა, სალპინგიდისმა კი ნოიერს შანსი არ დაუტოვა – 4:2.

გერმანიის ნაკრების მეტოქე ხვალ, იტალიის და ინგლისის დაპირისპირებაში გამოვლინდება. როგორც არ უნდა დასრულდეს ევროპირველობის უკანასკნელი მეოთხედფინალი, ნახევარფინალში გულშემატკივრებს ყველა შემთხვევაში გრანდთა ჭიდილი ელით.

22 ივნისი, 2012. ევრო 2012 – 1/4 ფინალი. გდანსკი, არენა. 38 751
გერმანია 4:2 საბერძნეთი
გოლები: 1:0 ფილიპ ლამი (39), 1:1 გიორგოს სამარასი (55), 2:1 სამი ხედირა (61), 3:1 მიროსლავ კლოზე (68), 4:1 მარკო როისი (74), 4:2 დიმიტრის სალპინგიდისი (89, პენ)
კარლსბერგის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მესუტ იოზილი (გერმანია)

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 23 ივნისი)
ფოტო: uefa.com

ka_GEGeorgian