პოლონეთი-უკრაინა 2012 – 1/4ფინალი: იტალია 0:0 ინგლისი

იტალიის ნაკრები მე4 ნახევარფინალისტია: ჩეზარე პრანდელის გაწვრთნილმა სკუადრა აძურამ კიევის ოლიმპიურ სტადიონზე ჩინებულად ითამაშა, ძირითად და დამატებით დროში ინგლისს ყველა კომპონენტში აჯობა და მიუხედავად იმისა, რომ თამაშიდან გოლი ვერ გაიტანა, პენალტების სერიაში მოიგო – 4:2.

4 წლის წინ, ავსტრია-შვეიცარიაში, სკუადრა აძურა მომავალ ჩემპიონ ესპანეთთან სწორედ მეოთხედფინალში დამარცხდა საფეხბურთო ლატარეაში, ამჯერად კი იმარჯვა. თავის მხრივ, ინგლისის ნაკრები ზედიზედ მეორედ გამოეთხოვა კონტინენტის პირველობას ამ ეტაპზე წაგებული პენალტების გამო: 2004 წელს, პორტუგალიაში სვენ-გორან ერიქსონის ინგლისი ტურნირის მასპინძელთან დამარცხდა. მაშინ დევიდ ბექემმა და დარიუს ვასელმა დააღალატეს გუნდი, ამჯერად კი სეხნიებმა, ეშლი იანგმა და კოულმა. ევრო 2008ზე ინგლისს არ უთამაშია.

როი ჰოჯსონის გუნდმა ევროპირველობა დაუმარცხებლად დაასრულა, ისე კი, ნაკრების სათავეში მილანის ინტერის ყოფილი თავკაცის მისვლის შემდეგ, ფეხბურთის სამშობლოს მთავარი გუნდი 6 თამაშია წაუგებელია: პოლონეთ-უკრაინაში ჩასვლამდე ინგლისელებმა ამხანაგურებში ნორვეგიას და ბელგიას სძლიეს.

ოლიმპიურ სტადიონზე იტალიის და ინგლისის ნაკრებები 23ედ დადგნენ ერთმანეთის პირისპირ. აქამდე ბრიტანელებმა 7ჯერ იმარჯვეს, აპენინელებმა კი ორით მეტი თამაში მოიგეს.

ეს იყო მეტოქეთა მეორე ევროდაპირისპირება: 1980 წელს, იტალიაში გამართულ ტურნირში მასპინძლებმა მარკო ტარდელის ერთადერთი გოლით გაიმარჯვეს…

პირველი სახიფათო მომენტები საწყის 5 წუთში შეიქმნა: ჯერ დანიელე დე როსის შორიდან დარტყმული ბურთი მოხვდა ჯო ჰარტის კარის ძელს, რამდენიმე წამში კი იტალიელთა კაპიტანმა ჯანლუიჯი ბუფონმა გადაარჩინა გუნდი – გლენ ჯონსონის 3 მეტრიდან დარტყმული ბურთი სასწაული რეაქციით დაიჭირა. სკუადრა აძურას კარის დარაჯმა გუშინ 118ე შეხვედრა ჩაატარა ქვეყნის პირველი გუნდის მაისურით. ამ შედეგით ის მესამეა: მხოლოდ ფაბიო კანავაროს (136 მატჩი) და პაოლო მალდინის (126) ჩამორჩება…

ამის შემდეგ რამდენიმე საგოლე შანსი ვერ გამოიყენა მარიო ბალოტელიმ: მანჩესტერ სიტის ფორვარდმა ინგლისელთა მეკარეს და თანაკლუბელს, ჯო ჰარტს 2ჯერ ვერ აჯობა, ერთხელ ბრწყინვალედ მოთამაშე ჯონ ტერიმ არ დააცალა დარტყმა; კარგი შანსი გაუშვა ხელიდან ანტონიო კასანომ; არ გაუმართლა დე როსის და ანტონიო ნოჩერინოს; ინგლისელთა კარის ძელს დიამანტის დარტყმის შემდეგ კიდევ ერთხელ მოხვდა ბურთი; იმავე ნოჩერინომ გოლიც გაიტანა, მაგრამ მსაჯმა სამართლიანად დააფიქსირა თამაშგარე…

პენალტების სერია სკუადრა აძურამ დაიწყო: მარიო ბალოტელიმ ჰარტს მარჯვენა კუთხეში გაუტანა – 1:0. ბრიტანელთა კაპიტანმა ჯერარდმაც მარჯვნივ დაარტყა – ბუფონი ბურთს ვერ მიწვდა – 1:1. მერე რიკარდო მონტოლივოს ჯერი დადგა – ბურთი კარს ააცილა – 1:1. უეინ რუნიმ შანსი ხელიდან არ გაუშვა – 2:1. ამის მერე პენალტის ნიშნულთან ანდრეა პირლო მივიდა და დიდოსტატურად ითამაშა: მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულმა ნახევარმცველმა პანენკას სტილში გაიტანა – 2:2.

ინგლისელთა უბედობაც ანგარიშის გათანაბრებისთანავე დაიწყო: ეშლი იანგის დარტყმული ბურთი კარის ხარიხას მოხვდა – 2:2, ნოჩერინომ კი იტალია წინ გაიყვანა – 3:2. მერე ბურთთან ეშლი კოული მივიდა: ჩემპიონთა ლიგის მომგებმა მცველმა, ვინც გუშინ 98ედ გავიდა მინდორზე ნაკრების მაისურით, ბუფონს ვერ აჯობა: მსოფლიოს 4გზის საუკეთესო მეკარემ ბურთი დაიჭირა – 3:2.

იტალიელთა მე5 დარტყმა ბოლონიას შემტევმა ნახევარმცველმა დიამანტიმ შეასრულა: გოლი გაიტანა და სკუადრა აძურაც ნახევარფინალში გავიდა. პირველად, 2000 წლის შემდეგ.

28 ივნისს, ვარშავის ეროვნულ სტადიონზე მსოფლიოს 4გის ჩემპიონი იტალია მსოფლიოს 3გზის ჩემპიონ გერმანიას დაუპირისპირდება. ბუნდესგუნდს აძურასთან ბოლო ოფიციალური მატჩი მწარედ ახსოვს: 2006 წელს, გერმანიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის 1/2ფინალი მარჩელო ლიპის გუნდმა დამატებით დროში 2:0 მოიგო.

გერმანიას მსოფლიოს და ევროპის პირველობები 3-3ჯერ მოუგია, მაგრამ ამ ტურნირების ფინალურ ეტაპზე იტალიასთან არასდროს გაუხარია.

24 ივნისი, 2012. ევრო 2012 – 1/4 ფინალი. კიევი, ოლიმპიური. 64 340
იტალია 0:0 (დდ, პენ 4:2) ინგლისი
პენალტები: მარიო ბალოტელი – 1:0, სტივენ ჯერარდი – 1:1, რიკარდო მონტოლივო – 1:1 (ააცილა), უეინ რუნი – 1:2, ანდრეა პირლო – 2:2, ეშლი იანგი – 2:2 (ხარიხა), ანტონიო ნოჩერინო – 3:2, ეშლი კოული – 3:2 (მეკარე), ანტონიო დიამანტი – 4:2
კარლსბერგის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ანდრეა პირლო (იტალია)

 

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 25 ივნისი)
ფოტო: uefa.com

ka_GEGeorgian