პოლონეთი-უკრაინა 2012 – 1/4ფინალი: პორტუგალია 1:0 ჩეხეთი

პორტუგალიის და ჩეხეთის ნაკრები გუნდები ევრო 96ის შემდეგ მეორედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს კონტინენტის პირველობის მეოთხედფინალში: 1996 წლის 23 ივნისს, ბირმინგემის ვილა პარკზე გამართული ის მატჩი აღმოსავლეთევროპელებმა კარელ პობორსკის ერთადერთი და ეფექტური გოლით 1:0 მოიგეს.
ოთხი წლის წინ, ავსტრია-შვეიცარიაში, პორტუგალიამ ჯგუფში 3:1 გაიმარჯვა: დეკუს, კრიშტიანუ რონალდუს და რიკარდო კუარეშმას 3 გოლს ჩეხებიდან მხოლოდ ლუბოშ სიონკომ უპასუხა.

გუშინდელი თამაში პაულო ბენტუს გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ პორტუგალიელთა მეკარე რუი პატრისიუ ერთადერთხელ ჩაერთო თამაშში – პეტრ ჟირაჩეკის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი უპრობლემოდ დაიჭირა. მიუხედავად იმისა, რომ გაშვებული გოლის შემდეგ ჩეხებმა შეტევა გააძლიერეს, პირენეელთა საჯარიმოში პეპემ და ბრუნო ალვეშმა მეტოქეს სახიფათო მომენტის შექმნის საშუალება არ მისცეს – გუშინ ორივე ცენტრალურმა მცველმა შესანიშნავად ითამაშა.

II ტაიმი გაცილებით საინტერესო იყო, ვიდრე პირველი. შესვენებამდე პორტუგალიელები უფრო აქტიურობდნენ: კრიშტიანუ რონალდუს დარტყმული ბურთი ერთხელ აისხლიტა კარის ძელმა და ერთხელაც მეკარემ უკუაგდო. მეორე 45 წუთში ბენტუს გუნდის უპირატესობა გაიზარდა და ჩეხების კართან სახიფათო მომენტებმაც იმატა: ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად მეექვსედ აღიარებულმა პეტრ ჩეხმა იმავე რონალდუს, შეცვლაზე შესული უგო ალმეიდას, ფაბიო კოენტრაუს და ნანის ძალიან სახიფათოდ დარტყმული ბურთები მოიგერია, გოლამდე კი კრიშტიანუმ საჯარიმო დარტყმიდან კიდევ ერთხელ შეაზანზარა კარის ძელი.

პორტუგალიელთა კაპიტანი ვარშავის ეროვნულ სტადიონზე უდავოდ საუკეთესო იყო და სამართლიანია, რომ გოლის გარეშე არ დატოვა მინდორი: თანაგუნდელის ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი 79ე წუთზე თავურით შეაგდო ჩეხის კარში. მეკარემ გადახტომა კი მოასწრო, მაგრამ მოგერიება – ვერ. რონალდუს წინააღმდეგ საჯარიმოში გებრე სელასიე იდგა, რომელიც ბურთის მოსაგერიებლად, რატომღაც არ წავიდა, განაპირა მცველის შეცდომა კი მიხალ ბილეკის გუნდს ევროპის ჩემპიონატის დასრულებად დაუჯდა.

ეს რონალდუს მე3 გოლია ამ ტურნირზე და ამ შედეგით ის ალან ძაგოევს, მარიო მაჯნუკიჩს და მარიო გომესს გაუთანაბრდა. მათგან მხოლოდ გერმანიის ნაკრების ფორვარდი შემორჩა ევროპირველობას. ისე კი, ეს იყო კრიშტიანუს მე10 ზუსტი დარტყმა ევრო 2012ის მთლიან ციკლში: გასულ სეზონში მადრიდის რეალის მაისურით 60 ბურთის შემგდებმა რონალდუმ საკვალიფიკაციოში 7ჯერ გაიტანა.

ჩეხების წინააღმდეგ რონალდუმ 94ედ ითამაშა ნაკრებში და მანუელ რუი კოშტას გაუთანაბრდა. ნახევარფინალში ის, სავარაუდოდ, ამ უკანასკნელსაც გაასწრებს და ყველა დროის სიაში მე3 ადგილზე გადაინაცვლებს: წინ მხოლოდ ფერნანდო კოუტუა 110 მატჩით და რეკორდსმენი ლუიშ ფიგუ, რომელმაც ქვეყნის პირველი გუნდის მაისური 137ჯერ მოირგო. სხვათა შორის, ჩეხებთან მატჩს ფიგუ მეორე ლეგენდარულ პორტუგალიელთან, 60იანი წლების ვარსკვლავთან, ეუსებიოსთან ერთად ადევნებდა თვალს.

პორტუგალია ბოლო 4 ჩემპიონატში მესამედ გავიდა ნახევარფინალში: 2000 წელს, ბელგია-ჰოლანდიაში სამხრეთელები დამატებით დროში დამარცხდნენ მომავალ ჩემპიონ საფრანგეთთან, 2004 წელს ნახევარფინალი დაძლიეს და ფინალშიც გავიდნენ, 4 წლის წინ, ავსტრია-შვეიცარიაში კი მეოთხედფინალში დაასრულეს ასპარეზობა.

პაულო ბენტუს გუნდის მეტოქე ხვალ ესპანეთის და საფრანგეთის ნაკრებთა მატჩში გამოვლინდება, ნახევარფინალს კი 27 ივნისს დონეცკის ულამაზესი დონბას არენა უმასპინძლებს.

21 ივნისი, 2012. ევრო 2012 – 1/4 ფინალი. ვარშავა, ეროვნული. 55 590
პორტუგალია 1:0 ჩეხეთი
გოლი: 1:0 კრიშტიანუ რონალდუ (79)
კარლსბერგის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია)

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 22 ივნისი)
ფოტო: uefa.com

ka_GEGeorgian