პოლონეთი-უკრაინა 2012 – A ჯგუფი: ჩეხეთი 2:1 საბერძნეთი

ევრო 2012ის II წრე ჩეხეთის და საბერძნეთის ნაკრებთა მატჩით დაიწყო. ჩეხები საწყის ტურში რუსეთთან 1:4 განადგურდნენ, ევრო 2004ის ტრიუმფატორმა ბერძნებმა კი გახსნის თამაშში მასპინძელ პოლონეთთან ფრედ ითამაშეს.
ეს გუნდები 8 წლის წინ, პორტუგალიაში, ევრო 2004ის ნახევარფინალშიც შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ ოტო რეჰაგელის გაწვრთნილმა საბერძნეთმა ტანმაღალი მცველის ტრაიანოს დელასის ერთადერთი გოლით გაიმარჯვა.

მე3 წუთზე პეტრ ჟირაჩეკი საჯარიმოში შეიჭრა და უძლიერესად დაარტყა. ბერძენთა მეკარემ ხალკიასმა ბურთს ხელი წაჰკრა, თუმცა კარი გოლისგან ვერ იხსნა – 1:0. ჩეხეთის ნაკრების პირველი საგოლე შეტევა ტომაშ ჰუბშმანმა წამოიწყო – ჟირაჩეკი ბრწყინაველ პასით მან გაიყვანა მეკარესთან პირისპირ.

მე6 წუთზე გებრე სელასიემ მარჯვენა ფლანგიდან შეუტია, საჯარიმოში შესულმა კარის გასწვრივ ჩააწოდა, ხალკიასმა კვლავ ვერ შეძლო დარტყმის მოგერიება და ვაცლავ პილარმა მეტოქესთან ჭიდილში ბურთი კარში შეაგორა – 2:0. პილარმა მეორე მატჩში მეორე გოლი გაიტანა – მან რუსებთან შეხვედრაშიც გამოიჩინა თავი.

ჩეხეთის ნაკრებმა ევროჩემპიონატების რეკორდი დაამყარა: მატჩის დაწყებიდან მე6 წუთისთვის 2 გოლი აქამდე არავის გაუტანია.

53ე წუთზე თამაშის მე3 და უკანასკნელი გოლი გავიდა: გლაზგოს სელტიკის თავდამსხმელმა გიორგოს სამარასმა მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა ჩეხების საჯარიმოში, სადაც პეტრ ჩეხი უხეშად შეცდა. მის უკან მეურვის გარეშე დარჩენილ გეკასს ბურთის ცარიელ კარში შეგორება არ გასჭირვებია – 2:1.

ამ 3 გოლის გარდა იყო კიდევ ერთი ზუსტი დარტყმა, თუმცა არბიტრმა თანამსაჯის ნიშნის შემდეგ თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და საბერძნეთის ნაკრების გოლი არ ჩათვალა.

ჩეხეთის ნაკრებმა 3 ქულა მოიპოვა და 1/4ფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა, თუმცა საუკეთესო 8 გუნდში მოსახვედრად მიხალ ბილეკის გუნდმა ტურნირის თანამასპინძელი პოლონეთი აუცილებლად უნდა დაამარცხოს.

„თამაშის მოგება ძალიან კარგია და მიხარია, რომ პირველი ქულები მოვიპოვეთ, მაგრამ ჩვენი მიზანი მხოლოდ ეს ნამდვილად არაა. ძლიერი გუნდი გვყავს, ვიცით, რომ გაცილებით მეტი შეგვიძლია, ვიდრე ჯგუფში კარგი გამოსვლაა და ამიტომ, მჯერა ბიჭები პოლონეთთან თამაშში მაქსიმუმ გაიღებენ,“ – განაცხადა ბილეკმა მატჩის შემდეგ.

საბერძნეთის ნაკრების პორტუგალიელი მწვრთნელი ფერნანდუ სანტუში წინა დღით ამბობდა, რომ მისი გუნდისთვის ფრე კარგი შედეგი იქნებოდა. ათენის აეკის ყოფილმა თავკაცმა ჩეხებთან მარცხის შემდეგ განაცხადა: „არ გაგვიმართლა. საწყის წუთებში ძალიან ცუდად ვითამაშეთ, უამრავი შეცდომა დავუშვით და დავისაჯეთ. სამწუხაროდ, უმძიმეს მდგომარეობაში ჩავიგდეთ თავი, მაგრამ მეოთხედფინალში გასვლას მაინც ვეცდებით – შანსი ხომ გვაქვს.“

ჯგუფის უკანასკნელ მატჩში ჩეხები ფრანციშეკ შმუდას პოლონეთს დაუპირისპირდებიან.

12 ივნისი, 2012. ევრო 2012 – A ჯგუფი, II ტური. ვროცლავი, მუნიციპალური. 41 105
ჩეხეთი 2:1 საბერძნეთი
გოლები: 1:0 პეტრ ჟირაჩეკი (3), 2:0 ვაცლავ პილარი (6), 2:1 თეოფანის გეკასი (53)
კარლსბერგის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ვაცლავ პილარი (ჩეხეთი)

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 12 ივნისი)
ფოტო: uefa.com

ka_GEGeorgian