პოლონეთი-უკრაინა 2012 – A ჯგუფი: პოლონეთი 1:1 რუსეთი

ამ თამაშს დიდი არეულობა უძღოდა წინ: რუსეთის ნაკრების დაახლოებით 5 ათასამდე გულშემატკივარმა სტადიონამდე მარშის მოწყობა სცადა, თუმცა პოლონელთა ქომაგებმა ამის უფლება არ მისცეს. რამდენიმე ფანის ჩხუბი მალე დიდ არეულობაში გადაიზარდა, საბოლოოდ კი დედაქალაქის მერიას სპეციალური დანიშნულების რაზმის გამოძახება მოუხდა.

პირველი სახიფათო მომენტი პოლონელებმა შექმნეს: ობრანიაკის მიერ მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი ვიაჩესლავ მალაფეევმა ფეხით მოიგერია. მასპინძელთა შეტევა კიდევ ერთი ძალიან სახიფათო დარტყმით გაგრძელდა, თუმცა რუსეთის ნაკრების კარის დარაჯმა კვლავ საიმედოდ ითამაშა.

მე18 წუთზე ფრანციშეკ შმუდას გუნდმა გოლი გაიტანა: ეუგენ პოლანსკიმ რობერტ ლევანდოვსკის პასის შემდეგ დაარტყა ზუსტად, მაგრამ მსაჯმა აშკარა თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი არ ჩათვალა. მანამდე რუსეთის ნაკრების ცენტრფორვარდი ალექსანდრ კერჟაკოვი პოლონელთა საჯარიმოში მოცელეს, მაგრამ გერმანელმა არბიტრმა თამაშის გაგრძელება ბრძანა.

38ე წუთზე სტუმრებმა ანგარიში გახსნეს: I ტურში პეტრ ჩეხის კარში 2 გოლის გამტანმა ალან ძაგოევმა კვლავ გამოიჩინა თავი – მოსკოვის ცსკას ამომავალმა ვარსკვლავმა ამჯერად თავური დარტყმით შეაგდო. ეს მისი მე3 გოლი იყო ევრო 2012-ზე.

II ტაიმის დაწყებას პოლონელების ძალიან სახიფათო იერიში მოჰყვა: გუნდის საუკეთესო ბომბარდირი რობერტ ლევანდოვსკი ძალიან სწრაფად შეიჭრა საჯარიმოში, მაგრამ მალაფეევს დროულად ვერ გასცდა და პასიც ცუდი გამოუვიდა.

რამდენიმე წუთში დიკ ადვოკაატის გუნდს შეეძლო გოლის გატანა – რუსებმა მეტოქის საჯარიმოსთან რიცხვობრივი უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ მარჩინ ვასილევსკიმ არშავინის პასი ჩაჭრა და შეტევაც დასრულდა.

57ე წუთზე პოლონელებმა ანგარიში გაათანაბრეს. გუნდის კაპიტანმა იაკუბ ბლაშჩიკოვსკიმ ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა: მალაფეევის კარში ბურთი საჯარიმოს ხაზიდან ჩაახვია – 1:1! დორტმუნდის ბორუსიას ნახევარმცველი კარლსბერგმა შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა…

რამდენიმე წუთში მეტოქეებმა საგოლე მომენტები ვერ გამოიყენეს: ჯერ ძაგოევის დარტყმული ბურთი მოიგერია პოლონელთა მეკარე ტიტონმა, წამებში კი უკვე მალაფეევმა გადაარჩინა გუნდი – ობრანიაკმა დაარტყა სახიფათოდ.

საბოლოოდ ფრე – 1:1. ამ შედეგმა ყველაზე მეტად რუსეთის ნაკრები გაახარა – II ტურის შემდეგ დიკ ადვოკაატის გუნდი ჯგუფში დაწინაურდა, პოლონეთი კი, რომელმაც ორივე თამაში ფრედ დაასრულა, მესამეა – ბერძნების მძლეველი ჩეხეთი ქულით უსწრებს.

„ზეწოლა თამაშიდან თამაშამდე იზრდება. რა თქმა უნდა ამას  ყველა მონაწილე გრძნობს, მაგრამ ჩვენ, როგორც მასპინძლები – გაათმაგებულად! დღევანდელმა შეხვედრამ დამანახა, რომ კარგი გუნდი გვყავს. ჩვენ შევიძლია რთული ამოცანების გადაჭრა და მიუხედავად იმისა, რომ ჩეხებთან თამაში ჩემი გუნდისთვის გადამწყვეტი იქნება, მჯერა: შევძლებთ მეოთხედფინალში გასვლას“! – განაცხადა პოლონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

უკანასკნელ ტურში პოლონეთ-ჩეხეთის და რუსეთ-საბერძნეთის დაპირისპირება ერთდროულად დაიწყება.

12 ივნისი, 2012. ევრო 2012 – A ჯგუფი, II ტური. ვარშავა, ეროვნული. 47 400
პოლონეთი 1:1 რუსეთი
გოლები: 0:1 ალან ძაგოევი (38), 1:1 იაკუბ ბლაშჩიკოვსკი (57)
კარლსბერგის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: იაკუბ ბლაშჩიკოვსკი (პოლონეთი)

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 12 ივნისი)
ფოტო: uefa.com

ka_GEGeorgian