პოლონეთი-უკრაინა 2012 – A ჯგუფი: პოლონეთი 1:1 საბერძნეთი

ევროპის XIV ჩემპიონატი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მასპინძელთა და ბერძენთა მატჩით გაიხსნა. თამაშს, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა, სპეციალურად ევრო 2012თვის რეკონსტრუირებულმა ვარშავის ეროვნულმა სტადიონმა უმასპინძლა.

პოლონეთის და საბერძნეთის ნაკრებთა დაპირისპირებამდე ევრო 2012ის გახსნის საზეიმო ცერემონი მოეწყო. სანახაობა, რომელსაც უეფას ხელმძღვანელების გარდა პოლონეთის და უკრაინის პირველი პირები დაესწრნენ, კომპანია ფილმმასტერ ივენთსმა დადგა. 6 წლით ადრე ამავე კომპანიის დადგმული შოუთი გაიხსნა ტურინის ზამთრის ოლიმპიადა.

ევრო 2004ის ტრიუმფატორმა საბერძნეთის ნაკრებმა მეორედ ითამაშა ევროპირველობის გახსნის მატჩში და კვლავ არ დამარცხდა. ფერნანდუ სანტუშის გუნდს მოგებაც შეეხლო, მაგრამ ბერძენთა კაპიტანმა გეორგოს კარაგუნისმა 71ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა – გაძევებული ვოიცეხ შჩესნის ნაცვლად კარში ჩამდგარმა პრჟემისლავ ტიტონმა ბურთი მოიგერია.

იმ დროისთვის ანგარიში 1:1 იყო. მე17 წუთზე პოლონელთა საუკეთესო ფეხბურთელმა რობერტ ლევანდოვსკიმ თავურით გახსნა ანგარიში, 51ე წუთზე კი დიმიტრის სალპინგიდისმა მასპინძელ მცველთა უყურადღებობით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა.

სალპინგიდისი, რომელიც II ტაიმში სოტირის ნინისის ნაცვლად ჩაერთო თამაშში, პირველი ბერძენი ფეხბურთელი გახდა, ვინც გოლის გატანა მსოფლიო ჩემპიონატზეც მოახერხა და ევროპირველობაზეც.

გუნდებმა შეხვედრა 10 ფეხბურთელით დაასრულეს: ესპანელმა არბიტრმა კარლოს ველასკო კარბალიომ 44-ე წუთზე სოკრატის პაპასტათოპულოსს მეორედ უჩვენა ყვითელი ბარათი და მოედანი დაატოვებინა, პოლონელთა მეკარე ვოიცეხ შჩესნი კი, ვინც ზევით ვახსენე, ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააგდო. ლონდონის არსენალის მეკარის უხეშობას კარაგუნისის ვერგამოყენებული პენალტი მოჰყვა.

„იქიდან გამომდინარე, რომ წაგებას გადავრჩით, 1:1 ჩვენთვის ბრწყინვალე შედეგია. წინ კიდევ 2 თამაში გვაქვს და დარწმუნებული ვარ ჩემი ფეხბურთელები წარმატების მისაღწევად ყველაფერს გააკეთებენ,“ – განაცხადა პოლონელთა თავკაცმა ფრანციშეკ შმუდამ.

„თუ პირველ 20 წუთს არ ჩავთვლით, ჩემმა გუნდმა კარგად ითამაშა და გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღო. წინ 2 მნიშვნელოვანი პაექრობა გველის და მჯერა, იმ შეხვედრებში უკეთ ვიასპარეზებთ,“ – ეს უკვე ბერძენთა პორტუგალიელი მწვრთნელი ფერნანდუ სანტუშია.

პოლონეთის და საბერძნეთის ნაკრები გუნდები II ტურის შეხვედრებს სამშაბათს, 12 ივნისს ჩაატარებენ: პოლონეთი რუსეთს დაუხვდება, ბერძნები კი ჩეხებს დაუპირისპირდებიან.

8 ივნისი, 2012. ევრო 2012 – A ჯგუფი, I ტური. ვარშავა, ეროვნული, 56 070
პოლონეთი 1:1 საბერძნეთი
გოლები: 1:0 რობერტ ლევანდოვსკი (17), 1:1 დიმიტრის სალპინგიდისი (51)
71-ე წუთზე გეორგოს კარაგუნისმა (საბერძნეთი) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
კარლსბერგის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი)

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 8 ივნისი)
ფოტო: uefa.com

ka_GEGeorgian