პოლონეთი-უკრაინა 2012 – A ჯგუფი: რუსეთი 4:1 ჩეხეთი

A ჯგუფის მეორე მატჩს ვროცლავის მუნიციპალურმა სტადიონმა უმასპინძლა: ევრო 2008ის ნახევარფინალისტმა რუსეთმა ჩეხეთი 4:1 გაანადგურა. ეს გუნდები ევროპის ჩემპიონატზე 1996 წელსაც შეხვდნენ ერთმანეთს. ის  პაექრობა ფრედ 3:3 დასრულდა.
რუსებმა ზედიზედ მე2 შეხვედრა მოიგეს დიდი ანგარიშით. პოლონეთში ჩასვლამდე ამხანაგურ მატჩში იტალიას 3:0 სძლიეს.

24ე წუთისთვის დიკ ადვოკაატის გუნდი 2 ბურთით იგებდა: მოსკოვის ცსკას ახალგაზრდა შემტევმა ნახევარმცველმა ალან ძაგოევმა მე15 წუთზე გახსნა ანგარიში, 24ე წუთზე კი რომან შიროკოვმა გუნდის კაპიტნის ანდრეი არშავინის ბრწყინვალე პასის შემდეგ მეორედ დალაშქრა პეტრ ჩეხის კარი.

ამ ორი მომენტის გარდა რუსებს საწყის წუთებში კიდევ შეეძლოთ გატანა, მაგრამ იმავე ძაგოევმა ძალიან კარგი მომენტი ვერ გამოიყენა.

შესვენების შემდეგ ჩეხებმა მალევე შეძლეს ერთი ბურთის გაქვითვა: 52ე წუთზე საჯარიმოში შეჭრილმა ვაცლავ პილარმა ლამაზად ჩამოიშორა მეკარე და ზუსტად დაარტყა, მაგრამ მისმა გუნდმა მატჩი მაინც 3 ბურთის სხვაობით წააგო:

79ე წუთზე თამაშის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა ალან ძაგოევმა მეორე გოლი გაიტანა – ანგარიში 3:1 გახდა. ცსკას ნახევარმცველი პირველია, ვინც ამ ტურნირზე დუბლი შეასრულა.

82ე წუთზე რომან პავლიუჩენკომ მეოთხედ დაამწუხრა ჩეხი გულშემატკივრები – საჯარიმოს კუთხეში მცველებს აჯობა და ლონდონის ჩელსის მეკარეს აუღებელი დაურტყა. პავლიუჩენკო ალექსანდრ კერჟაკოვის ნაცვლად ჩაერთო თამაშში – სანკტ-პეტერბურგის ზენიტის ფორვარდმა მანადე რამდენიმე საგოლე მომენტი გაანიავა.

„ტურნირის დაწყებამდე ვთქვი, რომ რუსეთი ამ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია და ახლა ყველა დარწმუნდა ჩემ სიმართლეში. მიხარია, რომ პირველობა კარგად დავიწყეთ – მომდევნო შეხვედრაში მასპინძლებს ვხვდებით და იმედია, მეოთხედფინალის საგზურს გავინაღდებთ,“ – განაცხადა რუსეთის ნაკრების ჰოლანდიელმა მწვრთნელმა დიკ ადვოკაატმა.

A ჯგუფის ლიდერი რუსეთი პოლონეთს 12 ივნისს გაეჯიბრება.

8 ივნისი, 2012. ევრო 2012 – A ჯგუფი, I ტური. ვროცლავი, მუნიციპალური, 40 803
რუსეთი 4:1 ჩეხეთი
გოლები: 1:0 ალან ძაგოევი (15), 2:0 რომან შიროკოვი (24), 2:1 ვაცლავ პილარი (52), 3:1 ალან ძაგოევი (79), 4:1 რომან პავლიუჩენკო (81)
კარლსბერგის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ალან ძაგოევი (რუსეთი)

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 8 ივნისი)

ფოტო: uefa.com

ka_GEGeorgian