პოლონეთი-უკრაინა 2012 – B ჯგუფი: დანია 1:0 ჰოლანდია

B ჯგუფის პირველ თამაშს ხარკოვის მეტალისტის სტადიონმა უმასპინძლა: ევრო 2012ის ფავორიტად აღიარებულმა ჰოლანდიის ნაკრებმა ჯგუფის მაჩანჩალად მონათლულ დანიასთან 0:1 წააგო.
სკანდინავიელებთან ოფიციალურ მატჩამდე ბერტ ვან მარვიიკის გუნდმა ამხანაგურ შეხვედრაში ჩრდილოირლანდიელებს 6 უპასუხო გოლი გაუტანა, მაგრამ ამჯერად ერთიც ვერ შეაგდო.

ჰოლანდიელთა თავკაცმა შემტევი შემადგენლობა აირჩია: ცენტრალურ თავდამსხმელად ინგლისის პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული რობინ ვარ პერსი გაამწესა, მის უკან კი უესლი სნეიდერი, არიენ რობენი და ტრავმამოშუშებული იბრაჰიმ აფელაი. ამ უკანასკნელს ბარსელონაში ლამის მთელი სეზონი გაუცდა. მოლოდინისამებრ, დანიელებთან თამაშს სათადარიგოთა სკამზე შეხვდა გერმანიის ბუნდესლიგის საუკეთესო გოლეადორი კლაას იან ჰუნტელაარი.

თავის მხრივ, დანიელთა თავკაცმა მორტენ ოლსენმა კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვა არჩია: პირველივე წუთებიდან ნათლად გამოჩნდა, რომ ფეხბურთელებს გოლის არგაშვება უფრო დაავალა, ვიდრე გატანა.

მატჩი ნარინჯისფერთა აშკარა უპირატესობით დაიწყო, ტაიმის შუაში კი ჯერ არიენ რობენმა ვერ გამოიყენა ანგარიშის გახსნის კარგი შანსი – რობინ ვარ პერსის პასის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გავიდა, რამდენიმე წუთში კი უკვე ლონდონის არსენალის თავდამსხმელმა ვერ დაარტყა კარგად – ბურთი კარს ააცილა.

24ე წუთზე დანიელებმა პირველი სახიფათო შეტევა განახორციელეს და გოლიც გაიტანეს: მიქაელ კრონ-დელიმ ბრწყინვალედ ითამაშა, წამებში აუარა გვერდი ჰოლანდიელთა დაბნეულ მცველებს და მეკარესთან პირისპირ გასულმა, შტეკელენბურგს ბურთი ფეხებსშუა გაუტანა – 1:0.

ჰოლანდიელებმა ზეწოლა გააძლიერეს და 36ე წუთზე რობენს შეეძლო ანგარიშის გათანაბრება: მეკარე სტეფან ანდერსენმა უყურადღებოდ ითამაშა, მისი პასი ბაიერნის გარემარბმა ჩაჭრა და დაარტყა კიდეც, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა.

შესვენებამდე ვან მარვიიკის გუნდს კიდევ 2ჯერ მართებდა საპასუხო ბურთის შეგდება, მაგრამ ჯერ აფელაის გაუცუდდა დარტყმა, ტაიმის მიწურულს კი ვან პერსის მეკარემ აჯობა.

მეორე ნახევარი პირველი ტაიმის სცენარით წარიმართა: მეტწილად ჰოლანდიელები უტევდნენ, მორტენ ოლსენის გუნდი კი კარს იცავდა. თამაშის მიწურულს ნარინჯისფერები ვაბანკზე წავიდნენ: მწვრთნელმა კიდევ ორი შემტევი ფეხბურთელი ჩართო თამაშში – ჰუნტელაარი და რაფაელ ვან დერ ვაარტი, მაგრამ ნანატრი გოლი მაინც ვერ გაიტანეს. უესლი სნეიდერის ბრწყინვალე პასის შემდეგ ჰუნტელაარს შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ ვერ ივარგა, დამატებაზე კი ვან პერსიმ წესები დაარღვია და მსაჯმა შეტევა შეაჩერა.

დანიამ ჰოლანდიის ნაკრები 45 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა ძირითად დროში! 1992 წელს, შვედეთში გამართული ევროპირველობის ნახევარფინალში რიქარდ მიოლერ-ნილსენის გუნდმა ჰოლანდიას პენალტების სერიაში აჯობა.

ამ შეხვედრაში ჰოლანდიელთა მცველმა ჯეტრო ვილემსმა ევროპირველობების რეკორდი დაამყარა: 18 წლისა და 71 დღის ფეხბურთელი ყველაზე უმცროსია, ვისაც კი ოდესმე უთამაშია ევროჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე. ვილემსმა ბელგიელი ენცო შიფოს რეკორდი გააუმჯობესა. 1984 წლის 13 ივნისს, საფრანგეთში იუგოსლავიის წინააღმდეგ შიფო 18 წლის და 115 დღისა გავიდა მოედანზე.

9 ივნისი, 2012. ევრო 2012 – B ჯგუფი, I ტური. ხარკოვი, მეტალისტი, 35 923
დანია 1:0 ჰოლანდია
გოლი: 1:0 მიქაელ კრონ-დელი (24)
კარლსბერგის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მიქაელ კრონ-დელი (დანია)

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 9 ივნისი)
ფოტო: uefa.com

ka_GEGeorgian