პოლონეთი-უკრაინა 2012 – B ჯგუფი: გერმანია 1:0 პორტუგალია

II ჯგუფის მეორე შეხვედრა დაძაბული კი გამოდგა, მაგრამ სანახაობრივი თვალსაზრისით კარგი ნამდვილად არ ეთქმოდა. იოახიმ ლიოვის გერმანიამ პორტუგალიას 1:0 სძლია.
ეს გუნდები ევროპის ბოლო 4 ჩემპიონატზე მესამედ შეხვდნენ ერთმანეთს: 2000 წელს, ბელგია-ჰოლანდიაში პირენეელებმა ჯგუფში 3:0 გაანადგურეს ბუნდესგუნდი; 2008 წელს, ავსტრია-შვეიცარიაში კი გერმანიამ მეოთხედფინალი 3:2 მოიგო.

პირველი სახიფათო მომენტი ბუნდესნაკრებმა შექმნა: მარიო გომესს მე2 წუთზე თავით შეეძლო გოლის გატანა. რამდენიმე წუთში პორტუგალიელთა მეკარემ რუი პატრისიუმ ლუკას პოდოლსკიმ დარტყმა მოიგერია.

ტაიმის უკანასკნელი 5 წუთი ყველაზე საინტერესო გამოდგა: ჯერ იყო და მესუტ იოზილის მიერ საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს თომას მიულერმა ვერ დაარტყა ზუსტად, შემდეგ მსაჯმა ჰოლგერ ბადშტუბერი ნანისთან უხეშობისთვის გააფრთხილა – გერმანელმა პორტუგალიელს ტერფში ჩაარტყა ფეხი, 45ე წუთზე კი ევროპის ვიცე-ჩემპიონები გაშვებულ გოლს გადაურჩნენ: პეპეს მოჭრილი დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა, მაგრამ კარის ხაზი არ გადაკვეთა. ეს იყო თამაშის ყველაზე სახიფათო მომენტი.

II ნახევარიც გარდამავალი უპირატესობით დაიწყო: მეტოქეები სახიფათოდ უტევდნენ, მაგრამ გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ. ერთ მომენტში პორტუგალიელთა კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუ ჩვეულად შეიჭრა საჯარიმოში, მაგრამ ჯერომ ბოატენგმა შეაჩერა.

73ე წუთზე ანგარიში გაიხსნა: სამი ხედირამ ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა, იქ კი მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელმა მარიო გომესმა ჩინებულად ითამაშა თავით და პატრისიუს შანსი არ დაუტოვა – 1:0. რამდენიმე წუთზე გომესს კიდევ შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ ცარიელი კარის წინ ბურთს ვერ მიწვდა.

თამაშის ბოლო წუთებში პორტუგალიელებს ორჯერ მართებდათ ანგარიშის გათანაბრება: შეცვლაზე შესულმა სილვესტრე ვარელამ ჯერ მანუელ ნოიერს ვერ აჯობა – მეკარემ ბურთი ვარდნაში, ფეხებით მოიგერია, რამდენიმე წუთში კი ვარელას მეორე დარტყმას მცველი გადაეღობა.

„მიხარია, რომ ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დავიწყეთ. ჩვენ ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით და ყველა ქულა მნიშვნელოვანია. საბედნიეროდ, 3 უკვე გვაქვს და მჯერა, ეს 1/4ფინალში გასვლაში ძალიან დაგვეხმარება,“ – განაცხადა გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა. მისი ხელმძღვანელობით ბუნდესგუნდმა წინა ევროპირველობაზე ფინალში იასპარეზა.

გერმანიის ნაკრები მომდევნო შეხვედრას 13 ივნისს ხარკოვში გამართავს: ძველ მეტოქეს, დანიისგან ძლეულ ჰოლანდიას დაუპირისპირდება, იმავე დღის პირველ შეხვედრაში კი პაულო ბენტუს პორტუგალია ლვოვში სკანდინავიელთა დამარცხებას შეეცდება.

9 ივნისი, 2012. ევრო 2012 – B ჯგუფი, I ტური. ლვოვი, არენა, 56 070
გერმანია 1:0 პორტუგალია
გოლი: 1:0 მარიო გომესი (73)
კარლსბერგის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მესუტ იოზილი (გერმანია)

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 9 ივნისი)
ფოტო: uefa.com

ka_GEGeorgian