პოლონეთი-უკრაინა 2012 – C ჯგუფი: ესპანეთი 1:0 ხორვატია

მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ესპანეთი დიდი საფეხბურთო ტურნირის ფინალურ ეტაპზე პირველად დაუპირისპირდა ხორვატიას. ამავდროულად, ეს იყო ამ გუნდების მე5 საერთაშორისო მატჩი. წინა 4 პაექრობიდან ესპანელებმა 2 მოიგეს და მხოლოდ ერთი წააგეს.

პირველი საგოლე მომენტი თამაშის დაწყებიდან ზუსტად ერთ საათში(!) შეიქმნა: ხორვატების ელვისებური იერიში ლუკა მოდრიჩმა საჯარიმოში ჩაწოდებით გააგრძელა, იქ კი ივან რაკიტიჩმა თავით დაარტყა, მაგრამ დიდებულად ითამაშა ჩემპიონთა კაპიტანმა – იკერ კასილიასმა ბურთი უკუაგდო! მადრიდის რეალის მეკარემ ბალკანელთა წინააღმდეგ 134ე შეხვედრა ჩაატარა ნაკრებში.

ხორვატთა ამ შეტევის შემდეგ ესპანეთიც გააქტიურდა: სტიპე პლეტიკოსას კართან არეულობამაც იმატა და კუთხურებმაც. ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა ფლანგებიდან სერხიო რამოსით და ფერნანდო ტორესის ნაცვლად თამაშში ჩართული ხესუს ნავასით შეუტია, შუიდან კი ბარსელონის ლიდერები ჩავი და ანდრეს ინიესტა აქტიურობდნენ.

78ე წუთზე გოლის გატანის ჩინებული შანსი ჰქონდა სესკ ფაბრეგასს: ინიესტას პასის შემდეგ ხელს არავინ უშლიდა და დარტყმაც შეეძლო, მაგრამ ბარსელონას შუახაზელმა კიდევ ერთი ხორვატი მცველის მოტყუება გადაწყვიტა, ამის საშუალება კი, ცხადია, აღარ მისცეს. ფაბრეგასი დავიდ სილვას ნაცვლად შევიდა მინდორზე.

ამ მომენტის შემდეგ კასილიასმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა: შეცვლაზე შესული ივან პერიშიჩის ძლიერად დარტყმული ბურთი მოიგერია. იქვე დელ ბოსკეს გუნდმა კიდევ ერთი შანსი ვერ გამოიყენა: რიცხვობრივი უპირატესობის მიუხედავად, ხორვატთა საჯარიმოს მიახლოებული სერხიო ბუსკეტსი რატომღაც შეყოვნდა, ეს კი მცველებს შეტევის ჩასაშლელად ეყოთ.

ფიფას რეიტინგის ლიდერმა გოლი მაინც გაიტანა. 88ე წუთზე ბალკანელები თამაშგარე მდგომარეობის შექმნისას შეცდნენ და მეკარესთან პირისპირ გასულმა ანდრეს ინიესტამ ცარიელ კართან დარჩენილ ხესუს ნავასს მიაწოდა ბურთი. სევილიას გარემარბი ბურთიანად შევიდა პლეტიკოსას კარში – 1:0.

თამაში ასეც დასრულდა და ესპანეთი 1/4ფინალში ჯგუფის გამარჯვებულის სტატუსით გავიდა. ფლეი ოფში ვისენტე დელ ბოსკეს გუნდის პირველი მეტოქე D ჯგუფის მეორეადგილოსანი იქნება. მატჩს 23 ივნისს დონეცკის დონბას არენა უმასპინძლებს.

„მეტოქემ სივრცეები შეგვიზღუდა და ამიტომაც შეგვიქმნა პრობლემები, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ მთლიანობაში ჩემმა გუნდმა უკეთ ითამაშა და გამარჯვებაც დაიმსახურა. ცალკეულ მომენტებს რომ თავი დავანებო, 17ჯერ დავარტყით კარში, ასეთ დროს კი მოგება, თუნდაც ერთი ბურთით, ვფიქრობ დამსახურებულია“, – ესპანელთა მთავარი მწვრთნელი დელ ბოსკე გამარჯვებით კმაყოფილი იყო.

რაც შეეხება ხორვატიას, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ეს გუნდი ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით იასპარეზებს. სლავენ ბილიჩმა, ვინც 2006 წლიდან წვრთნიდა ნაკრებს, ჯერ კიდევ ევროპირველობის დაწყებამდე გააფორმა კონტრაქტი მოსკოვის ლოკომოტივთან.

„მსურს მადლობა გადავუხადო ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციას, რომ ჩემთან 6 წლის მანძილზე ითანამშრომლა. რამდენიმე დღეში ახალ გუნდს შევუერთდები, მშობლიურ ნაკრებს კი წარმატებებს ვუსურვებ. ამ გუნდთან ერთად გატარებული თითოეული წუთი ჩემთვის უდიდესი სიამოვნების მომგვრელი იყო და ამის გამო ფეხბურთელების და თანაშემწეების მადლობელი ვარ“, – ბილიჩი იმ ხორვატიის ნაკრების მცველი იყო, რომელმაც პირველად ააფრიალა სახელმწიფო დროშა ევროპის ჩემპიონატზე. ეს 1996 წელს, ინგლისში მოხდა.

18 ივნისი, 2012. ევრო 2012 – C ჯგუფი, III ტური. გდანსკი, PGA არენა, 39 076
ესპანეთი 1:0 ხორვატია
გოლი: 1:0 ხესუს ნავასი (88)
კარლსბერგის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ანდრეს ინიესტა (ესპანეთი)

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 18 ივნისი)
ფოტო: uefa.com

ka_GEGeorgian