პოლონეთი-უკრაინა 2012 – C ჯგუფი: ესპანეთი 1:1 იტალია

C ჯგუფის პირველი თამაში, რომელშიც ბოლო ორი მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული დაუპირისპირდა ერთმანეთს, ევრო 2012ზე გამართული მატჩებიდან საუკეთესო გამოდგა.
იტალიის და ესპანეთის ნაკრებთა 30ე დაპირისპირებას გდანსკის PGE არენამ უმასპინძლა.

საინტერესოა, რომ ესპანელებმა სკუადრა აძურას დამარცხება ოფიციალურ მატჩში კვლავ ვერ შეძლეს: მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე, ასევე საკვალიფიკაციო ტურნირებში პირენეელები მეთხუთმეტედ დაუპირისპირდნენ აპენინელებს და კვლავ ვერ იმარჯვეს.

იტალიის ნაკრებმა, რომელმაც ევროპირველობის დაწყებამდე ზედიზედ 3 ამხანაგური შეხვედრა წააგო, მოულოდნელად კარგად ითამაშა და ვისენტე დელ ბოსკეს უნაკლო ესპანეთთან ქულები გაიყო – 1:1.

მსოფლიოს 2006 და 2010 წლების ჩემპიონები ევრო 2008ზეც შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ ესპანეთის ნაკრებმა სკუადრა აძურა პენალტების სერიაში დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ავსტრია-შვეიცარიაში იტალია იყო ერთადერთი გუნდი, რომელსაც ესპანელებმა ვერ მოუგეს.

თამაში, რომელსაც უეფას პრეზიდენტის მიშელ პლატინის გარდა ესპანეთის სამეფო ოჯახის წევრებიც დაესწრნენ, დელ ბოსკეს გუნდის უპირატესობით დაიწყო: მე9 წუთზე დავიდ სილვას დარტყმული ბურთი ჯანლუიჯი ბუფონის კარს გადაცდა, კიდევ ცოტა ხანში კი მანჩესტერ სიტის ნახევარმცველმა მეორე კარგი მომენტი ვერ გამოიყენა.

მე12 წუთზე ევროპის ჩემპიონი ესპანეთის კარში საჯარიმო დარტყმა დაინიშნა: მსაჯმა სერხიო რამოსი ანტონიო კასანოსთან უხეშობისთვის დააჯარიმა. სტანდარტული მდგომარეობა ანდრეა პირლომ შეასრულა – იკერ კასილიასმა იუვენტუსის ლიდერის სახიფათო დარტყმა მოიგერია.

22ე წუთზე ჩეზარე პრანდელის გუნდს არ გაუმართლა: ანტონიო კასანოს დარტყმული ბურთი ესპანელთა კარს სანტიმეტრებით ასცდა. კიდევ ცოტა ხანში ანდრეს ინიესტამ გაიბრწყინა – ბარსელონის ნახევარმცველმა, რომელიც ამ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ლამაზად შეუტია და დაარტყა, მაგრამ ბუფონმა ბურთი მოიგერია.

34ე წუთზე ანდრეა პირლომ შესანიშნავი პასით კასანო მოძებნა, მილანის თავდამსხმელი საჯარიმოში შეიჭრა და სახიფათოდ დაარტყა. კასილიასმა ბურთი ცუდად მოიგერია, მაგრამ დამატებაზე მარიო ბალოტელიმ წესები დაარღვია და მსაჯმაც იტალიელთა შეტევა შეაჩერა. რამდენიმე წუთში კასანომ მარკიზიოს ჩააწოდა ბურთი, იუვენტუსის ნახევარმცველმა შეუჩერებლად კი დაარტყა, მაგრამ ესპანელთა მეკარემ საიმედოდ ითამაშა.

ტაიმის ბოლო წუთებზე მეტოქეებმა რეალური საგოლე მომენტები ვერ გამოიყენეს: ჯერ ანდრეს ინიესტამ ახლო მანძილიდან გადააცილა ბურთი ბუფონის კარს, რამდენიმე წამში კი ესპანელთა მცველებს საჯარიმოში ტიაგო მოტა უმეთვალყურეოდ დარჩათ – მისი ძალიან სახიფათო თავური კასილიასმა მოიგერია.

შესვენების შემდეგ თამაშის ტემპმა იმატა: იტალიელთა კაპიტანმა ბუფონმა ჯერ სესკ ფაბრეგასის, შემდეგ კი ინიესტას სახიფათო დარტყმები მოიგერია, 54ე წუთზე კი მარიო ბალოტელიმ გაუშვა ანგარიშის გახსნის რეალური შანსი: ფლანგზე სერხიო რამოსს აართვა ბურთი და ესპანელთა საჯარიმოში შეიჭრა, თუმცა იმავე რამოსმა შეცდომა გამოასწორა – წამოეწია ბალოტელის და ბურთი დაათმობინა.

მანჩესტერ სიტის თავდამსხმელი პრანდელიმ მალე ვეტერანი ანტონიო დი ნატალეთი შეცვალა. 34 წლის ფორვარდმა, რომელიც ამ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კარიერას ასრულებს, რამდენიმე წუთში გოლიც გაიტანა: პირლოს ბრწყინვალე პასის შემდეგ პიკე ჩამოიტოვა, საჯარიმოში შეიჭრა და ესპანელთა კარი დალაშქრა – 1:0.

დელ ბოსკეს გუნდმა მალევე გაათანაბრა: დავიდ სილვამ ბრწყინვალე პასით ბუფონთან პირისპირ დატოვა ფაბრეგასი და სესკმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა – 1:1.

76ე წუთზე ესპანელებს დაწინაურებაც შეეძლოთ, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულ ფერნანდო ტორესს ბუფონმა დარტყმა არ აცალა და ბურთი აართვა. ლონდონის ჩელსის ფორვარდს თამაშის მიწურულს კიდევ ჰქონდა საგოლე შანსი – მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო, მაგრამ დარტყმა ძლიერი გამოუვიდა და კარს საერთოდ ააცილა.

89ე წუთზე იუვენტუსის შუახაზელმა კლაუდიო მარკიზიომ ვერ გამოიყენა ძალიან კარგი საგოლე შანსი – საჯარიმოში შეჭრილმა ძლიერად ვერ დაარტყა. ესპანელთა კაპიტანმა კასილიასმა საიმედოდ ითამაშა.

მსაჯის მიერ დამატებული დროის პირველ წუთზე ჩაბი ალონსოს არ გაუმართლა: ჩავის პასის შემდეგ ძლიერად კი დაარტყა, მაგრამ არაზუსტად. ეს იყო ამ ლამაზი და დაძაბული შეხვედრის უკანასკნელი საინტერესო მომენტი.

„ყველაზე ძალიან გული იმაზე მწყდება, რომ მეტოქეს მალე მივეცით ანგარიშის გათანაბრების შანსი. ცოტა უფრო ყურადღებით რომ გვეთამაშა, დარწმუნებული ვარ მოვიგებდით,“ – განაცხადა სკუადრა აძურას მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ.

„რა თქმა უნდა მოგება გვინდოდა, ეს არცაა დასამალი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ გულდაწყვეტილი ვარ. ჩვენ კარგად ვითამაშეთ, ქულა მოვიპოვეთ ძლიერ გუნდთან, ასეთ დროს კი ცუდ ხასიათზე არ უნდა იყო,“ – ეს უკვე ესპანელთა თავკაცი ვისენტე დელ ბოსკეა.

მომდევნო ტურში, რომელიც 14 ივნისს გაიმართება, იტალია ხორვატიას შეხვდება, ესპანეთი კი ირლანდიის დამარცხებას შეეცდება.

10 ივნისი, 2012. ევრო 2012 – C ჯგუფი, I ტური. გდანსკი, PGE არენა 38 869
ესპანეთი 1:1 იტალია
გოლები: 0:1 ანტონიო დი ნატალე (61), 1:1 სესკ ფაბრეგასი (49)
კარლსბერგის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ანდრეს ინიესტა (ესპანეთი)

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 10 ივნისი)
ფოტო: uefa.com

ka_GEGeorgian