პოლონეთი-უკრაინა 2012 – C ჯგუფი: იტალია 2:0 ირლანდია

მსოფლიოს 4გზის ჩემპიონი იტალია ირლანდიას მეთორმეტედ, ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე კი პირველად  დაუპირისპირდა.
ამ 12 მატჩიდან სკუადრა აძურამ 7 მოიგო და მხოლოდ 2ჯერ დამარცხდა. ბოლოს ეს გუნდები მსოფლიოს ან ევროპირველობებზე 1994 წელს, ამერიკაში გამართულ უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე შეხვდნენ – ჯგუფში ირლანდიელებმა 1:0 იმარჯვეს.

კონტინენტის პირველობის ერთ-ერთი ფავორიტის წინააღმდეგ ირლანდიელთა გამოცდილმა თავდამსხმელმა დემიენ დაფმა მეასედ მოირგო ნაკრების მაისური, ამ იუბილეს აღსანიშნავად კი გუნდისთავმა რობი კინმა დაფს კაპიტნის სამკლავური დაუთმო.

ირლანდიელთა იტალიელმა თავკაცმა ჯოვანი ტრაპატონიმ ნაცადი შემადგენლობა გაიყვანა მინდორზე, ჩეზარე პრანდელიმ კი დაცვაში 3 მოთამაშე შეცვალა: იგნაციო აბატემ, ანდრეა ბარძალიმ და ფედერიკო ბალძარეტიმ გუშინ პირველად ითამაშეს ევრო 2012ზე.

პირველი სახიფათო მომენტი 30ე წუთზე შეიქმნა ირლანდიელთა საჯარიმოში: მცველებს ბურთის გამოტანა გაუჭირდათ, ანტონიო დი ნატალემ კარში დაარტყა, ბურთი კი შონ სენტ-ლეჯერს მხარში მოხვდა. რომ არა მცველი, შეი გივენის კარში გოლი გავიდოდა.

ამ მომენტს სკუადრა აძურას არანაკლებ სახიფათო თავდასხმები მოჰყვა: ტრაპატონის გუნდმა ჯერ დანიელე დე როსის შეტევა მოიგერია, რამდენიმე წამში კი გივენმა ანდრეა პირლოს დარტყმული ბურთი ვერ შეიმაგრა – კუთხურზე გადაუვარდა.

ანგარიში 35ე წუთზე გაიხსნა.

გოლი, რომელიც ანტონიო კასანომ შეაგდო, სწორედ ხსენებულ კუთხურს მოჰყვა: ანდრეა პირლოს ჩაწოდების შემდეგ იტალიელთა ფორვარდმა თავით გადაგზავნა ბურთი კარში – 1:0. მილანის შემტევმა ქვეყნის პირველი გუნდის მაისურით 32ე შეხვედრაში მე10 გოლი შეაგდო. შეი გივენის კარში შეგდებული ბურთი კასანოსთვის მესამეა ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე: 8 წლის წინ, პორტუგალიაში, მან ჯერ შვედებს, მერე კი ბულგარელებს გაუტანა. და ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ფეხბურთელი, ვისაც მშობლიური ქალაქის ბარის გულშემატკივრებმა ბარელი მარგალიტი შეარქვეს, ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი იყო ევრო 2012ის საკვალიფიკაციოში – 6 გოლი გაიტანა.

შესვენების შემდეგ თამაში პრანდელის გუნდის უდიდესი უპირატესობით განახლდა: დი ნატალეს, პირლოს, კასანოს და ბალძარეტის დარტყმების შემდეგ მცველები 3ჯერ გადაეფარნენ ბურთს. რამდენიმეწუთიან მონაკვეთში აპენინელთა თავდასხმაში იუვენტუსელი მცველები ჯორჯო კიელინი და ანდრეა ბარძალიც ვიხილეთ.

55ე წუთზე იტალიელებმა კიდევ ერთი სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს: ვეტერანი დი ნატალე გივენის საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა და დაარტყა კიდეც, მაგრამ ირლანდიელთა კარის დარაჯმა ზუსტად შეარჩია პოზიცია და ბურთი იოლად დაიჭირა.

რამდენიმე წუთში ბუფონმა ითამაშა ბრწყინვალედ: კიტ ენდრიუსმა ძლიერად და ზუსტად შეასრულა საჯარიმო დარტყმა, იუვენტუსის მეკარემ კი ბურთი გაჭირვებით უკუაგდო. საფინალო სასტვენამდე მსაჯმა ენდრიუსს წითელი ბარათი აუფრიალა.

ძირითადი დროის ბოლო წუთზე ტიფოზებმა მეორედ გაიხარეს: კუთხურის შემდეგ მარიო ბალოტელიმ ჩინებულად შეარჩია პოზიცია და ვარდნაში შეაგდო გოლი – 2:0. მანჩესტერ სიტის 21 წლის თავდამსხმელისთვის ეს მე2 გოლია ნაკრებში: შარშან, 11 ნოემბერს, პოლონელებს ვარშავაში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში შეუგდო პირველი ბურთი.

„საწყის 20 წუთში გაგვიჭირდა – მეტოქემ კარგად ითამაშა, მაგრამ მალე მოვიპოვეთ უპირატესობა და საბედნიეროდ, ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც ჩვენ გვინდოდა. მიხარია, რომ ჩემი ფეხბურთელები, რომლებსაც არაერთი ტიტული მოუგიათ, კვლავ ასე მოტივირებულნი არიან“, – განაცხადა გამარჯვებულთა მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ.

ორბურთიანი გამარჯვებით სკუადრა აძურა 1/4ფინალში გავიდა, ირლანდიამ კი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის ჰოლანდიის დარად, ტურნირი უქულოდ დაასრულა.

ჩეზარე პრანდელის გუნდი მეოთხედფინალს 24 ივნისს ჩაატარებს კიევში – D ჯგუფის პირველადგილოსანს შეხვდება.

18 ივნისი, 2012. ევრო 2012 – C ჯგუფი, III ტური. პოზნანი, მუნიციპალური. 38 794
იტალია 2:0 ირლანდია
გოლები: 1:0 ანტონიო კასანო (35), 2:0 მარიო ბალოტელი (90)
კარლსბერგის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ანტონიო კასანო (იტალია)

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 18 ივნისი)
ფოტო: uefa.com

ka_GEGeorgian