პოლონეთი-უკრაინა 2012 – C ჯგუფი: ხორვატია 3:1 ირლანდია

C ჯგუფის მეორე შეხვედრაში ხორვატიამ ირლანდია 3:1 დაამარცხა. მარიო მანჯუკიჩმა თავური დარტყმით 2 გოლი გაიტანა და ალან ძაგოევთან ერთად ბომბარდირთა სიას ლიდერობს.

ირლანდიის ნაკრები ევროპირველობებს 24წლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა: 1988 წელს, მაშინდელ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გუნდი ჯგუფში ჩარჩა. ჯოვანი ტრაპატონის ნაკრებს ახლაც იგივე ემუქრება: ხორვატებთან მატჩის შემდეგ მათ ესპანელებთან და იტალიელებთან მოუწევთ პაექრობა, ამ თამაშებში გამარჯვება კი ძალიან რთული იქნება.

ანგარიში მე3 წუთზე გაიხსნა: დონეცკის შახტარის და ხორვატიის ნაკრების კაპიტანმა დარიო სრნამ ძლიერად დაარტყა, ბურთის მოგერიება სტივენ უორდმა სცადა, მანჯუკიჩმა კი თავით დაამატა – მეკარე შეი გივენმა გადახტომა მოასწრო, მაგრამ კარი გოლისგან ვერ იხსნა – 1:0.

სტატისტიკოსთა ინფორმაციით, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი საგოლე დარტყმა ტურნირის ისტორიაში: ამაზე ადრე გოლი მხოლოდ 5ჯერ გავიდა.

მე19 წუთზე ანგარიში გათანაბრდა: ირლანდიელთა ყველაზე ძვირადღირებულმა ფეხბურთელმა ეიდენ მაკგიდიმ საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი შონ სენტ-ლეჯერმა ვედრან ჩრლუკას აჯობა და თავური დარტყმით გაიტანა – 1:1.

I ტაიმი ხორვატიის ნაკრებმა მაინც მოიგო: ნიკიცა იელავიჩმა, ვინც სახიფათო მომენტის დასაწყისში აშკარა თამაშგარე მდგომარეობაში იყო, ირლანდიელი მცველის შეცდომა დიდებულად გამოიყენა – შეი გივენს შანსი არ დაუტოვა – 2:1.

II ტაიმის დაწყება და სლავენ ბილიჩის გუნდის მე3 გოლი ლამის ერთი იყო: 49-ე წუთზე ფლანგიდან ივან პერიშიჩმა ჩააწოდა, მარიო მანჯუკიჩმა კი კიდევ ერთხელ ითამაშა თავით დიდებულად – ლამაზი გოლი გაიტანა.

მანჯუკიჩი კარლსბერგმა თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.

„სამწუხაროა, რომ წავაგეთ – მეტოქემ გვაჯობა, განსაკუთრებით ნახევარდაცვაში. მომდევნო შეხვედრაში შემადგენლობას, ალბათ, შევცვლით. ჩვენი მეტოქე ესპანეთი იქნება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ამ გუნდს ჯერჯერობით მხოლოდ ქულა აქვს, ვფიქრობ, ჯგუფიდან გასვლის შანსი ჯერ კიდევ გვაქვს,“ – განაცხადა ირლანდიის ნაკრების იტალიელმა მწვრთნელმა ჯოვანი ტრაპატონიმ.

„სიმართლე გითხრათ, გამარჯვებას ველოდი – ირლანდიელები ძალიან კარგად შევისწავლეთ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ თამაშს ბრწყინვალე ფორმაში შევხვდით. ჩვენ ირლანდიას შარშანაც ვეთამაშეთ, მაგრამ იმ მატჩისგან განსხვავებით, ახლა კმაყოფილი ვარ,“ – ეს უკვე ხორვატთა თავკაცი სლავენ ბილიჩია.

ბალკანელები 14 ივნისს მეორე შეხვედრას გამართავენ – იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

10 ივნისი, 2012. ევრო 2012 – C ჯგუფი, I ტური. პოზნანი, მუნიციპალური, 38 869
ხორვატია 3:1 ირლანდია
გოლები: 1:0 მარიო მანჯუკიჩი (3), 1:1 შონ სენტ-ლეჯერი (19), 2:1 ნიკიცა იელავიჩი (43), 3:1 მარიო მანუჯიკიჩი (49)
კარლსბერგის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მარიო მანჯუკიჩი (ხორვატია)

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 10 ივნისი)
ფოტო: uefa.com

ka_GEGeorgian