პოლონეთი-უკრაინა 2012 – D ჯგუფი: ინგლისი 3:2 შვედეთი

ჯგუფის პირველი თამაშის შეფერხების გამო ინგლისისა და შვედეთის ნაკრებთა შეხვედრა დაგეგმილზე 15 წუთით გვიან დაიწყო.
ეს იყო ამ გუნდების მე13 პაექრობა. კიევის ოლიმპიურ სტადიონზე დაპირისპირებამდე ინგლისელებმა 7ჯერ სძლიეს მეტოქეს, სკანდინავიელებმა კი 6 მატჩი მოიგეს.
ევროპის ჩემპიონატებზე ინგლისის და შვედეთის ნაკრებთა პირველი შეხვედრა 1992 წელს შედგა: სტოკჰოლმში ტურნირის მასპინძელმა 2:1 დაამარცხა მეტოქე.

ისევე როგორც 20 წლის წინ, ანგარიში ახლაც ინგლისელებმა გახსნეს: როი ჰოჯსონის გუნდის ლივერპულელებმა 23ე წუთზე შეაგდეს გოლი – კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა მარჯვენა ფლანგიდან ჩვეულად ჩაჰკიდა ბურთი მეტოქის საჯარიმოში, იქ კი მისმა თანაკლუბელმა ენდი კეროლმა უბადლოდ ითამაშა: ორ ცენტრალურ მცველს შორის მოქცეულმა, მაღალ ნახტომში თავით დალაშქრა ისაკსონის კარი – 1:0.

23 წლის თავდამსხმელისთვის ეს მე2 გოლი იყო ნაკრებში. შარშან, უემბლიზე, ინგლისმა მისი ერთადერთი ზუსტი დარტყმით სძლია განას.

33ე წუთზე ჯო ჰარტმა შვედეთის ნაკრების კაპიტნის ზლატან იბრაჰიმოვიჩის სახიფათო შეტევა მოიგერია. იტალიის სერია ას საუკეთესო ბომბარდირმა საჯარიმოს გარედან დაარტყა, ბურთი მცველს მოხვდა და მცირედით იცვალა მიმართულება, თუმცა ჰარტმა რეაგირება მოასწრო. 3 წუთში ეშლი იანგმა ვერ ითამაშა კარგად: მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა შვედების საჯარიმოში, თუმცა ბურთი ახლო მანძილიდან ააცილა.

ანგარიში შესვენების შემდეგ, 49ე წუთზე გათანაბრდა. შვედების გამოცდილმა მცველმა ოლოფ მელბერგმა იბრაჰიმოვიჩის პასის შემდეგ გაიტანა – 1:1. მელბერგის დარტყმულ ბურთს გლენ ჯონსონი გადაეღობა, მაგრამ გოლი მაინც გავიდა. საჯარიმო დარტყმა კი, რომელსაც სკანდინავიელთა საპასუხო ბურთი მოჰყვა, კიმ კალსტრიომის წაქცევის გამო დაინიშნა – კეროლმა ის წესების დარღვევით შეაჩერა. მატჩის დასრულებამდე უეფამ მელბერგის გოლი გლენ ჯონსონს ავტოგოლად ჩაუთვალა.

ზუსტად 10 წუთში მელბერგმა მაინც მიითვალა გოლი და შვედეთი დააწინაურა. საბერძნეთის ოლიმპიაკოსის 34 წლის ცენტრალურმა მცველმა ამჯერად თავური დარტყმით დალაშქრა ჯო ჰარტის კარი – 1:2.

ეს მისი მე9 გოლი იყო ნაკრებში ჩატარებულ 118ე მატჩში. სკანდინავიელი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი რეკორდის თანამფლობელია: პოლონეთ-უკრაინა 2012 მის კარიერაში მე4 ევროპირველობაა 2000, 2004 და 2008 წლების ტურნირების შემდეგ…

64ე წუთზე როი ჰოჯსონის გუნდმა ანგარიში გაათანაბრა: შეცვლაზე შესულმა თეო უოლკოტმა ულამაზესი გოლი გაუტანა ანდრეას ისაკსონს. შვედების მეკარემ რამდენიმე წამით ადრე საოცარ ნახტომში მოიგერია ინგლისელთა ცენტრალური მცველის ჯონ ტერის თავური დარტყმა. საგოლე კუთხური სწორედ ამ მომენტს მოჰყვა.

77ე წუთზე ჯო ჰარტმა იბრაჰიმოვიჩის ძალიან სახიფათო შეტევა მოიგერია, მანამდე კი შვედებმა ვერ შეძლეს 2 კონტრთავდასხმის სათანადოდ დასრულება – ბურთი კარს ააცილეს.

სამაგიეროდ, ინგლისელებმა გაიტანეს: უოლკოტი კიდევ ერთხელ შეიჭრა სკანდინავიელთა საჯარიმოში და კარის გასწვრივ დენი უელბეკი მოძებნა, რომელმაც პოზიციურ ბრძოლაში მელბერგს აჯობა და ნახევარბრუნით ისაკსონის კარი დალაშქრა.

მანჩესტერ იუნაიტედის 21 წლის თავდამსხმელს ძალიან ლამაზი გოლი გამოუვიდა – 3:2! კეროლის დარად, მანაც მე2 ბურთი გაიტანა ნაკრებში: ჰოჯსონის გუნდმა 2 ივნისს სწორედ მისი ერთადერთი ზუსტი დარტყმით სძლია ბელგიას.

ჰოჯსონის ინგლისმა პირველი ოფიციალური მატჩი მოიგო და საფრანგეთთან ერთად დაწინაურდა, ერიკ ჰამრენის შვედეთი კი ირლანდიის შემდეგ მე2 გუნდი გახდა, რომელმაც ფლეი ოფში გასვლის შანსი დაკარგა.

უკანასკნელ ტურში ინგლისელთა მეტოქე ჩემპიონატის თანამასპინძელი უკრაინა იქნება, რომელთანაც აქამდე გამართული 4 შეხვედრიდან 3 მოიგო.

15 ივნისი, 2012. ევრო 2012 – D ჯგუფი, II ტური. კიევი, ოლიმპიური. 64 640
ინგლისი 3:2 შვედეთი
გოლები: 1:0 ენდი კეროლი (23), 1:1 გლენ ჯონსონი (49, სკ), 1:2 ოლოფ მელბერგი (59), 2:2 თეო უოლკოტი (64), 3:2 დენი უელბეკი (78)
კარლსბერგის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ოლოფ მელბერგი (შვედეთი)

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 15 ივნისი)
ფოტო: uefa.com

ka_GEGeorgian