პოლონეთი-უკრაინა 2012 – D ჯგუფი: საფრანგეთი 0:2 შვედეთი

უცნაურია, მაგრამ ისეთი გუნდი, როგორიც შვედეთია, ჯგუფში ჩარჩა. ერიკ ჰამრენის რჩეული ფეხბურთელები უკრაინასაც უგებდნენ და ინგლისსაც, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ საფრანგეთთან გაიხარეს. არადა, სკანდინავიელთათვის ლორან ბლანის გუნდთან წარმატება, სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, არაფრისმომცემი იყო – მე4 ადგილს თავი მაინც ვერ დააღწიეს. ალბათ, შვედეთი საუკეთესო მეოთხეადგილოსანია ამ ევროპის ჩემპიონატზე.

ლორან ბლანის საფრანგეთი 23 მატჩში დაუმარცხებელი იყო. ევრო 2012ის საკვალიფიკაციო ტურნირის საწყის მატჩში, 2010 წლის სექტემბერში ბელარუსთან წაგების შემდეგ ფრანგებმა უძლეველად იარეს, არაერთი ძლიერი მეტოქე დაამარცხეს და ერთი შეხედვით, არც სკანდინავიელებთან უნდა შექმნოდათ პრობლემები, მაგრამ 0:2 დამარცხდნენ.

მეტოქეებმა მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყეს: საფრანგეთის ყველა დროის საუკეთესო საფეხბურთო კომენტატორს, ქვეყნის ხმად წოდებულ ტიერი როლანს მიაგეს პატივი.

სანახაობრივი თვალსაზრისით II ტაიმი პირველს აშკარად სჯობდა. ორ გოლს რომ თავი დავანებოთ, შესვენების შემდეგ ტემპი უფრო მაღალი იყო და სახიფათო მომენტებიც ხშირად იქმნებოდა.

58ე წუთზე ჰამრენის გუნდმა პირველი გოლი გაიტანა უგო ლორისის კარში: ლიონის მეკარემ, რომელმაც მანამდე და შემდეგაც არაერთი სახიფათო დარტყმა მოიგერია, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ბრწყინვალე შეტევასთან ვერაფერი გააწყო – 0:1.

ჩრდილოელთა 30 წლის კაპიტანმა შესანიშნავი მაკრატელათი შეაგდო გოლი! ეს მისი 33ე ბურთი იყო შვედეთის ნაკრების მაისურით, ევროჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე კი მეექვსედ დალაშქრა მეტოქეთა კარი: 2004 და 2008 წლებშიც 2-2 გოლით დაასრულა კონტინენტის პირველობები. და ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ლორისის კარში შეგდებული ბურთით იბრაჰიმოვიჩმა ნაკრების ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მე4 ადგილზე გადაინაცვლა. ახლა მხოლოდ სვენ რიდელს (49), გუნარ ნორდალს (43) და ჰენრიკ ლარსონს ჩამორჩება (37).

91ე, მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე შვედებმა მეორედ გაიხარეს: მარჯვენა გარემარბმა სებასტიან ლარსონმა უძლიერესი დარტყმით დაასრულა თანაგუნდელთა იერიში და კარის ბადე კინაღამ გახია – 0:2.

ინგლისის სანდერლენდის 27 წლის ნახევარმცველმა, ვისაც შვედეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ქვეყნის პირველ გუნდში მე6 გოლი შეაგდო, წლეულს კი მესამე: 29 თებერვალს, ხორვატებთან 3:1 მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

„მძიმე თამაშს ველოდი, მაგრამ არ მეგონა ასე თუ გაგვიჭირდებოდა. ვერ ვითამაშეთ კარგად, განსაკუთრებით შეტევების დაგვირგვინებისას, თუმცა არ ვთვლი, რომ ტრაგედია მოხდა. მთავარია, რომ ჯგუფიდან გავედით – ახლა სულ სხვა მატჩები იწყება“, – განაცხადა ლორან ბლანმა, რომელმაც 2000 წელს ფეხბურთელის რანგში აღმართა ანრი დელონეს სახელობის თასი.

1/4ფინალში მისი გუნდის მეტოქე კონტინენტის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი იქნება. მათი გზები ევროჩემპიონატებზე ბოლოს სწორედ 2000 წელს, ბელგია-ჰოლანდიაში გამართულ ტურნირზე გადაიკვეთა: როჟე ლემერის საფრანგეთმა 1/4ფინალის დამატებით დროში 2:1 სძლია ხოსე ანტონიო კამაჩოს ესპანეთს.

23 ივნისს დანიშნულ მატჩს დონეცკის დონბას არენა უმასპინძლებს.

19 ივნისი, 2012. ევრო 2012 – D ჯგუფი, III ტური. კიევი, ოლიმპიური. 63 010
საფრანგეთი 0:2 შვედეთი
გოლები: 0:1 ზლატან იბრაჰიმოვიჩი (58), 0:2 სებასტიან ლარსონი (90)
კარლსბერგის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი)

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 19 ივნისი)
ფოტო: uefa.com

ka_GEGeorgian