პოლონეთი-უკრაინა 2012 – D ჯგუფი: საფრანგეთი 1:1 ინგლისი

11 ივნისის პირველ მატჩში არამარტო D ჯგუფის, ზოგადად, ევრო 2012ის ორი ფავორიტი დაუპირისპირდა ერთმანეთს. ეს იყო ინგლისის და საფრანგეთის ეროვნული გუნდების 31ე შეხვედრა. ფრანგებმა, რომლებმაც დონეცკში უკეთ ითამაშეს, 9ჯერ იმარჯვეს, ინგლისელებმა 16ჯერ, ეს ფრე კი ისტორიაში მე6 იყო.

ფეხბურთის სამშობლოს ინგლისის ნაკრები 8წლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა ევროპის ჩემპიონატს. გუნდმა, რომელსაც არასდროს მოუგია ევროპირველობა, ამ ტურნირზე ბოლოს 2004 წელს, პორტუგალიაში ითამაშა – ინგლისელები მაშინ მასპინძლებთან 1/4ფინალში, პენალტების სერიაში დამარცხდნენ.

პირველი სახიფათო მომენტი მე11 წუთზე შეიქმნა: ინგლისელთა მეკარემ ჯო ჰარტმა სამირ ნასრის დარტყმული ბურთი ვერ შეიმაგრა. ჰარტიც და ნასრიც წელს ინგლისის პრემიერლიგის ჩემპიონები გახდნენ – ორივე მანჩესტერ სიტის ფეხბურთელია.

მე15 წუთზე ლორან ბლანის გაწვრთნილი საფრანგეთის ნაკრები გაშვებულ გოლს გადაურჩა: ჯეიმს მილნერმა ეშლი იანგის პასის შემდეგ უგო ლორისი კი მოატყუა, მაგრამ ცარიელ კარში ვეღარ შეაგდო – ააცილა.

30ე წუთზე პირველი გოლი გავიდა: ინგლისელთა კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა მეტოქის საჯარიმოში, სადაც მანჩესტერ სიტის კიდევ ერთმა ფეხბურთელმა ჯოლეონ ლესკოტმა თავით ზუსტად ითამაშა – 1:0.

რამდენიმე წუთში ჯო ჰარტმა ალუ დიარას არ გაატანინა: ბრწყინვალე ნახტომით მოიგერია ფრანგის თავური დარტყმა. ფრანკ რიბერიმ ბურთი კვლავ დიარას დაუბრუნა, თუმცა საყრდენი ნახევარმცველის მეორე თავურის შემდეგ ბურთი ინგლისელთა კარს აცდა.

39ე წუთზე ევროპის ორგზის ჩემპიონმა საფრანგეთმა მაინც გაათანაბრა: საჯარიმოს მარჯვენა კუთხესთან ფეხბურთელებმა მოკლე პასებით დააბნიეს მცველები, რიბერიმ ბურთი იქვე მყოფ სამირ ნასრის დაუგორა და მანაც უძლიერესი დარტყმით ინგლისელთა კარი დალაშქრა – 1:1. ჯო ჰარტმა ბურთი ახლო კუთხეში გაუშვა, თუმცა უნდა ითქვას, რომ მეკარეს მცველები ეფარებოდნენ.

შესვენების შემდეგ პირველი სახიფათო მომენტი ფრანგებმა შექმნეს: რიბერის წამოწყებული შეტევა მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანმა პატრის ევრამ საჯარიმოსთან მიახლოებით და ჩაწოდებით გააგრძელა, თუმცა ჯერარდმა ბურთი ძლიერი დარტყმით კუთხურზე გადააგდო.

66ე წუთზე ბლანის გუნდმა კიდევ ერთხელ შეუტია, მადრიდის რეალის ფორვარდმა კარიმ ბენზემამ საჯარიმოს გარედან უძლიერესად დაარტყა, მაგრამ ჰარტმა საიმედოდ ითამაშა.

82ე წუთზე საფრანგეთის ნაკრებს გამარჯვების გოლის გატანა შეეძლო: კაბაიეს ძალიან სახიფათოდ დარტყმულ ბურთს ბოლო მომენტში დენი უელბეკმა ფეხი აჰკრა და კუთხურზე მოიგერია. ჯო ჰარტს ამ შემთხვევაშიც თანაგუნდელი მცველები უშლიდნენ ხელს.

„ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ შედეგით – არა. ჩვენ უამრავი სახიფათო მომენტი შევქმენით და მხოლოდ ერთი გოლი გავიტანეთ. იმედია, მომდევნო მატჩებში უფრო ზუსტნი ვიქნებით,“ – განაცხადა ფრანგების მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა. მისი გუნდი II ტურში უკრაინას დაუპირისპირდება.

„დასაწყისისთვის საფრანგეთთან ფრე ცუდი შედეგი ნამდვილად არაა,“ – ინგლისელთა მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი ქულით კმაყოფილი დარჩა. მისი ხელმძღვანელობით ინგლისმა ორი ამხანაგური მატჩი მოიგო ნორვეგიასთან და ბელგიასთან, მაგრამ პირველივე ოფიციალურში ფრეს დასჯერდა.

II ტურში ჰოჯსონის გუნდი შვედეთის ნაკრებს შეხვდება.

11 ივნისი, 2012. ევრო 2012 – D ჯგუფი, I ტური. დონეცკი, დონბას არენა, 47 400
საფრანგეთი 1:1 ინგლისი
გოლები: 0:1 ჯოლეონ ლესკოტი (30), 1:1 სამირ ნასრი (39)
კარლსბერგის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: სამირ ნასრი (საფრანგეთი)

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 11 ივნისი)
ფოტო: uefa.com

ka_GEGeorgian