პოლონეთი-უკრაინა 2012 – D ჯგუფი: უკრაინა 0:1 ინგლისი

ტურნირის მეორე მასპინძელმა უკრაინის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე დებიუტი ჯგუფში დაასრულა – პოლონეთის დარად, ფლეი ოფში ვერც ოლეგ ბლოხინის გუნდი გავიდა, ინგლისთან 0:1 დამარცხდა და ჯგუფში მე3 ადგილი დაიკავა.
უახლოეს მომავალში მეტოქეები კვლავ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს: მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევში ინგლისი და უკრაინა ერთ ჯგუფში იასპარეზებენ.

ეს იყო ამ გუნდების მე5 დაპირისპირდება. როი ჰოჯსონის ინგლისმა მეოთხედ იმარჯვა. მასპინძლებმა კაპიტნის და საუკეთესო ფეხბურთელის ანდრეი შევჩენკოს გარეშე დაიწყეს თამაში – კიევის დინამოს ფორვარდი ვარჯიშზე დაშავდა და სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა. სამაგიეროდ, ბრიტანელებს ნომერ პირველი ფორვარდი დაუბრუნდათ: პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადმა ფეხბურთელმა უეინ რუნიმ 2მატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა.

თამაში მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო: ბლოხინის გუნდი საწყის წუთებში ბურთს აკონტროლებდა და დროგამოშვებით სახიფათოდ უტევდა ჯო ჰარტის კარს.

პირველი სახიფათო მომენტი უკრაინული ფეხბურთის იმედმა ანდრეი იარმოლენკომ შექმნა, თუმცა საჯარიმოში შეჭრილმა ბურთი კარგად ვერ დაამუშავა და ჯონ ტერიმ ამით ჩინებულად ისარგებლა – სიტუაცია განმუხტა. რამდენიმე წუთში მარკო დევიჩმა დაარტყა – ჰარტმა ბურთი მოიგერია. ცოტა ხანში უკრაინელთა გარემარბმა ანდრეი კონოპლიანკამ წამოიწყო სახიფათო შეტევა, რომელიც კვლავ ვერ დასრულდა გოლით. შემდეგ ინგლისელები ფლანგზე შეცდნენ და გუსევმა გაისროლა – ბურთი მცირე მანძილით ასცდა ჰოჯსონის გუნდის კარს.

სტუმრებმა პირველი მომენტი მეკარე ანდრეი პიატოვის უხეში შეცდომის შემდეგ შექმნეს – ინგლისელთა კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა სახიფათოდ დაარტყა, თუმცა მცველებმა ბურთი კუთხურზე მოიგერიეს. ჯერარდმა, ვისთვისაც ეს 95ე მატჩი იყო ნაკრებში, გუნდის მაისური პირველად 2000 წელს, სწორედ უკრაინასთან ამხანაგურ შეხვედრაში მოირგო.

ტაიმის ბოლო სახიფათო მომენტი შესვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეიქმნა: რუნის პირველი თავური დარტყმა პიატოვის კარს მცირე მანძილით ასცდა. ამ შემთხვევაში უკრაინა აშკარად გადარჩა.

მატჩის განახლება და გოლი ლამის ერთი იყო: ჯერარდმა კვლავ ფლანგიდან შეუტია, კარის გასწვრივ ჩააწოდა ბურთი, საჯარიმოში კი ერთმანეთის მიყოლებით შეცდნენ უკრაინელი მცველები და მეკარე. ამ უკანასკნელმა ბურთი ვერ დაიჭირა, ცარიელ კარში გოლის გატანა კი რუნის არ გასჭირვებია – 0:1.

მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელმა ქვეყნის პირველ გუნდში 29ე გოლი მიითვალა და ამით ყველა დროის ბომბარდირთა შორის ახლა მე8-9 ადგილებს იყოფს ვივიან ვუდვორდთან ერთად. ერთი ზუსტი დარტყმაც და რუნი მე5-7 ადგილებზე მყოფ ტომ ფინეის, ნეტ ლოფტჰაუზს და ალან შირერს გაუთანაბრდება.

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე რუნიმ მე5 გოლი გაიტანა და ამ შედეგით მხოლოდ შირერს ჩამორჩება. 8 წლის წინ, პორტუგალიაში, ევრო 2004ზე 18 წლის რუნიმ პირველად ითამაშა დიდ საფეხბურთო ტურნირზე და 4 თამაშში ამდენივე ბურთი შეაგდო: ჯგუფში 2-2ჯერ დალაშქრა შვეიცარიის და ხორვატიის ნაკრებთა კარი.

გოლის შემდეგ თამაში უფრო საინტერესო გახდა, ოლეგ ბლოხინმა ანდრეი შევჩენკოც ჩართო, მაგრამ მასპინძლებმა მაინც წააგეს. სათქმელია, რომ ერთ მომენტში უნგრელ მსაჯთა ხუთეული უხეშად შეცდა: უკრაინელთა თავდასხმისას ჯერ თამაშგარე მდგომარეობა არ დააფიქსირეს, რამდენიმე წამში კი მარკო დევიჩს გოლი არ ჩაუთვალეს. ტერიმ ბურთი კარიდან გამოიტანა, პირით ხაზთან მდგომმა თანამსაჯმა კი აშკარა გოლი არ დააფიქსირა.

„ყველამ კარგად იცის რა შეუძლია რუნის. გოლს თავი დავანებოთ, მთავარი სხვა რამაა – მისი სახით კიდევ ერთი ლიდერი დაგვემატა, ფლეი ოფის წინ კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ რთული ჯგუფი მოვიგეთ“, – განაცხადა ჰოჯსონმა, რომლის ხელმძღვანელობით ინგლისელებმა მეხუთედ ითამაშეს და მეოთხედ გაიმარჯვეს. ევრო 2012ის დაწყებამდე ბრიტანელებმა ამავე ანგარიშით ამხანაგურებში სძლიეს ნორვეგიას და ბელგიას.

„93 წუთის მანძილზე ინგლისს სწრაფ ტემპში რომ ეთამაშო, ძალიან კარგად უნდა იყო მზად. მიხარია, რომ ჩემი გუნდი ამ მხრივ უნაკლო იყო, სხვაა, რომ შედეგი არადამაკმაყოფილებელი გამოდგა. წაგების და ჯგუფში ჩარჩენის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ გამოუცდელობაა. ჩვენ არაერთი იმედისმომცემი ახალგაზრდა გვეზრდება, რომლებიც აუცილებლად დარჩებიან ნაკრებში“, – განაცხადა მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ ბლოხინმა. მისი თქმით, ანდრეი შევჩენკოს ნაკრებიდან წასვლა გადაწყვეტილია, თუმცა ეს მოვლენა აუცილებლად აღინიშნება გამოსამშვიდობებელი მატჩით.

ინგლისი 1/4ფინალში გავიდა. 24 ივნისს, კიევის ოლიმპიურ სტადიონზე ბრიტანელები იტალიელებს დაუპირისპირდებიან.

მსოფლიო ფეხბურთის გრანდები ევროპის ჩემპიონატზე 1980 წლის შემდეგ პირველად შეხვდებიან ერთმანეთს: 32 წლის წინ, აპენინის ნახევარკუნძულზე გამართული ტურნირის ჯგუფში სკუადრა აძურამ მარკო ტარდელის გოლით 1:0 იმარჯვა.

19 ივნისი, 2012. ევრო 2012 – D ჯგუფი, III ტური. დონეცკი, დონბას არენა. 48 700
უკრაინა 0:1 ინგლისი
გოლი: 0:1 უეინ რუნი (48)
კარლსბერგის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: სტივენ ჯერარდი (ინგლისი)

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 19 ივნისი)
ფოტო: uefa.com

ka_GEGeorgian