პოლონეთი-უკრაინა 2012 – D ჯგუფი: უკრაინა 2:1 შვედეთი

ამ მატჩით კონტინენტის ჩემპიონატის I ტური დასრულდა. კიევში, სპეციალურად ევრო 2012თვის განახლებულ ოლიმპიურ სტადიონზე უკრაინელებმა შვედებს უმასპინძლეს.
მეტოქეები მოედანზე კაპიტნებმა ანდრეი შევჩენკომ და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიყვანეს. უკრაინელთა გუნდისთავი ახლო წარსულში მილანის ვარსკვლავი იყო, იბრაჰიმოვიჩი კი ახლა სარგებლობს ამ სტატუსით. გოლის გატანა ორივე კაპიტანმა მოახერხა: იბრაჰიმოვიჩმა ერთხელ გაიხარა, შევჩენკომ 2ჯერ.

I ტაიმი დაძაბული გამოდგა, მაგრამ სახიფათო მომენტი სულ რამდენჯერმე შეიქმნა: 25ე წუთზე  უკრაინელებმა სწრაფად შეუტიეს მეტოქეს – შევჩენკო მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ჩვეულად ვერ დაარტყა. ბურთი კარს მცირე მანძილით ასცდა.

37ე წუთზე ანდრეი ვორონინმა საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა, შვედების კარის დარაჯმა ისაკსონმა ბურთი გაჭირვებით უკუაგდო, მაგრამ სახიფათო შეტევა მასპინძლებმა ვეღარ გააგრძელეს. ვორონინის დარტყმას შვედების კონტრშეტევა მოჰყვა, თუმცა საჯარიმოში შეჭრილ იბრაჰიმოვიჩს მცველი დაეწია და ბურთი აართვა.

39ე წუთზე შევჩენკოს აქტიურობას სტუმართა საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, მაგრამ კიევის დინამოს ახალგაზრდა ვარსკვლავის ანდრეი იარმოლენკოს დარტყმულ ბურთს მცველები გადაეღობნენ. უკრაინელთა კუთხური სკანდინავიელებმა იოლად მოიგერიეს.

II ტაიმის საწყის 15 წუთში 3 გოლი გავიდა: 52ე წუთზე შვედებმა გახსნეს ანგარიში – თანაგუნდელის პასს იბრაჰიმოვიჩმა ტერფი დაუხვედრა და ბურთი პიატოვის კარში შეაგორა – 0:1. ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელმა ეროვნულ გუნდში 32ე გოლი მიითვალა და ამ შედეგით 90იანი წლების თავდამსხმელს კენეტ ანდერსონს გადაასწრო.

3 წუთში ყველაფერი თავიდან დაიწყო: იარმოლენკომ მარჯვნიდან შეუტია, ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა და გამოცდილმა შევჩენკომ ბრწყინვალე ნახტომში გაათანაბრა ანგარიში – 1:1. კიდევ 7 წუთში, 62ე წუთზე უკრაინელებმა კუთხურის შემდეგ გაიხარეს: შევჩენკომ კვლავ დასწრებაზე ითამაშა და ისევ თავურით გაიტანა – 2:1.

უკრაინელთა კაპიტანმა ქვეყნის პირველ გუნდში 47ე და 48ე გოლები გაიტანა. ის გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

76ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩის ზუსტი და ძლიერი დარტყმა პიატოვმა მოიგერია. მილანის ფორვარდმა მოგერიებულ ბურთზეც სცადა თამაში, მაგრამ მსაჯმა წესების დარღვევის გამო შეტევა შეაჩერა. უკრაინელთა მეკარემ მალე კრისტიან ვილჰელმსონის ძლიერი დარტყმაც მოიგერია.

„თამაშის წინ ანდრეის ვუთხარი, რომ ის 2 გოლს გაიტანდა. არ დამიჯერა, ეს ფანსტასტიკური იქნებაო, მაგრამ ხომ ხედავთ – სასწაულები ხდება! თუ არ ჩავთვლით ზლატან იბრაჰიმოვიჩს, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ უკეთ ვითამაშეთ. მიუხედავად იმისა, რომ გოლი გავუშვით, ბიჭებმა შეძლეს და მატჩი მოიგეს. ამის გამო მათ მხოლოდ ქება ეკუთვნით,“ – განაცხადა მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ ბლოხინმა.

თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულმა ანდრეი შევჩენკომ სპეციალურ რეიტინგში 9,7 ქულა მიიღო. ასეთი მაღალი კოეფიციენტით ამ ევროპირველობაზე ჯერ არავინ შეუფასებიათ.

მომდევნო ტურში უკრაინა საფრანგეთს დაუპირისპირდება. ეს გუნდები რამდენიმე თვის წინ ამხანაგურად შეხვდნენ ერთმანეთს – უკრაინელები შინ 1:4 დამარცხდნენ.

11 ივნისი, 2012. ევრო 2012 – D ჯგუფი, I ტური. კიევი, ოლიმპიური, 64 290
უკრაინა 2:1 შვედეთი
გოლები: 0:1 ზლატან იბრაჰიმოვიჩი (52), 1:1 ანდრეი შევჩენკო (55), 2:1 ანდრეი შევჩენკო (62)
კარლსბერგის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ანდრეი შევჩენკო (უკრაინა)

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 11 ივნისი)
ფოტო: uefa.com

ka_GEGeorgian