პოლონეთი-უკრაინა 2012 – ფინალი: ესპანეთი 4:0 იტალია

ესპანეთი ევროპის სამგზის ჩემპიონია!
ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა კიევის ოლიმპიურ სტადიონზე ევროპირველობის გადამწყვეტ შეხვედრაში ჩეზარე პრანდელის გაწვრთნილი იტალია 4:0 გაანადგურა. სკუადრა აძურა კონტინენტის ჩემპიონატის შესარჩევ და ფინალურ ტურნირზე პირველად დამარცხდა 4 ბურთის სხვაობით.

ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აპენინელებს თავიდანვე არ გაუმართლათ, როცა განაპირა მცველი ჯორჯო კიელინი ნაადრევად შესაცვლელი გაუხდათ.

ისიც შეგვიძლია ვახსენოთ, რომ შეცვლაზე შესული ტიაგუ მოტას ტრავმა და მატჩის ბოლო ნახევარი საათის 10 ფეხბურთელით ჩატარება უიღბლობა იყო, მაგრამ ფაქტს ვერსად გავექცევით: დღეს ესპანეთი მსოფლიოს საუკეთესო გუნდია და წითელმა ხარებმა ეს ფინალში კიდევ ერთხელ დაამტკიცეს.

ესპანეთი პირველი გუნდია ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ მოიგო 3 დიდი ტურნირი. დელ ბოსკეს ნაკრები ამ ფინალამდე გერმანელთა რეკორდის თანაზიარი იყო, მაგრამ კიევური ზეობის შემდეგ პირველია.

უკრაინის დედაქალაქში ესპანეთი მესამედ ავიდა ევრომწვერვალზე და ამით იმავე ბუნდესნაკრების მიღწევა გაიმეორა, თუმცა გუშინდელი მატჩით გერმანელთა სხვა რეკორდი მაინც გააუმჯობესა: ევროფინალი აქამდე არავის მოეგო 4 ბურთის სხვაობით. საუკეთესო მიღწევა 1972 წელს, ბელგიაში დაფიქსირდა, როცა ჰელმუტ შიონის გფრმ 3:0 სძლია სსრკ ნაკრებს.

ანგარიში მე14 წუთზე გაიხსნა: ანდრეს ინიესტას წამოწყებული კომბინაცია სესკ ფაბრეგასის საჯარიმოში შეჭრით გაგრძელდა – ბარსელონის გამთამაშებელმა ადვილად ჩამოიტოვა იტალიელთა მარცხენა მცველი კიელინი და დავიდ სილვას ჩინებული პასი მიაწოდა, მანჩესტერ სიტის ნახევარმცველმა კი თავურით გაიტანა გოლი – 1:0.

ეს 26 წლის ფეხბურთელის მე18 ზუსტი დარტყმა იყო ქვეყნის პირველ გუნდში. სილვამ, ისევე, როგორც ნაკრების წევრთა უმრავლესობამ, მეორედ მოიგო ანრი დელონეს სახელობის თასი, ინიესტა კი ევრო 2012ის ერთ-ერთმა სპონსორმა კარლსბერგმა ფინალის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა.

ტაიმის დასრულებას 4 წუთი უკლდა, როცა ესპანელთა უპირატესობა გაიზარდა: ჩავი ერნანდესის ბრწყინვალე პასით ჟორდი ალბა ჯანლუიჯი ბუფონთან პირისპირ გავიდა და შანსი ხელიდან არ გაუშვა – 2:0.

23 წლის მცველმა ნაკრებში ჩატარებულ მე11 შეხვედრაში პირველი გოლი შეაგდო. მომავალ სეზონში ის ბარსელონაში ითამაშებს: კატალონიურმა კლუბმა მის სანაცვლოდ 14 მილიონი ევრო გადაუხადა ვალენსიას.

თამაშის მიწურულს, როცა იტალია უკვე 10 ფეხბურთელით დარჩა და ღირებულს ვერაფერს ქმნიდა, დელ ბოსკეს გუნდმა კიდევ 2 გოლი გაიტანა: 84ე წუთზე ფერნანდო ტორესმა მესამედ შეარხია ბუფონის კარის ბადე – 3:0.

28 წლის ფეხბურთელმა 98ე შეხვედრა ჩაატარა ნაკრებში და 31ე გოლი შეაგდო. სხვათა შორის, მან პირველი ბურთი ქვეყნის მთავარი გუნდის მაისურით სწორედ იტალიასთან გაიტანა 2004 წლის 28 აპრილს, გენუაში, ამხანაგურ მატჩში.

გუშინდელი გოლის წყალობით ლონდონის ჩელსის ფორვარდი გახდა პირველი, რომელმაც ევროპის 2 ჩემპიონატის გადამწყვეტ შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა: გემახსოვრებათ, 2008 წელს ესპანეთმა მისი ზუსტი დარტყმით მოუგო გერმანიას.

88ე წუთზე ჩელსის კიდევ ერთმა მოთამაშემ გაიტანა: შეცვლაზე შესულმა ხუან მატამ გაიხარა – 4:0.

24 წლის ნახევარმცველმა მე18 სანაკრებო მატჩში მე6 გოლი შეაგდო. სხვათა შორის, მატამ 2006 წელს 19წლამდელთა შორის, 2011 წელს კი 21წლამდელებში მოიგო კონტინენტის ჩემპიონის ტიტული.

მან გოლი ტორესის პასით შეაგდო, ამ ზუსტი გადაცემის წყალობით კი ეს უკანასკნელი ევრო 2012ის „ოქროს ბუცს“ დაეუფლა – მარიო მანჯუკიჩის, მარიო გომესის, მარიო ბალოტელის, კრიშტიანუ რონალდუს და ალან ძაგოევის დარად ტორესმაც 3 ბურთი გაიტანა, თუმცა კონკურენტებს მეტი ზუსტი პასის წყალობით და ნათამაშევი დროის სიმცირით აჯობა…

მერე მსაჯის საფინალო სასტვენი იყო, რამაც საფეხბურთო სამყაროს ესპანელთა კიდევ ერთი დაუვიწყარი გამარჯვების შესახებ ამცნო. ნაკრების კაპიტანმა იკერ კასილიასმა მეორედ აღმართა მთავარი ევროჯილდო და ამით ტურნირის ისტორიაში შევიდა, პირენეელებმა კი იტალია ოფიციალურ მატჩებში 92 წლის მანძილზე პირველად დაამარცხეს.

„წავაგეთ გუნდთან, რომელიც საუკეთესოა მსოფლიოში, რომელმაც დღეს უკეთესად ითამაშა და ამიტომ ვთვლი, რომ გულდასაწყვეტი არაფერია. ცხოვრებაში ხანდახან ისეთი თამაშებიც გიწევს, როცა თავს ზემოთ ძალაა არაა და ერთადერთი, რაც გრჩება, ეს მოთმინებაა. ვულოცავ მეტოქეს, ისინი ღირსეული ჩემპიონები არიან“! – განაცხადა დამარცხებულთა კაპიტანმა ბუფონმა, რომელმაც გუშინ ეროვნულ გუნდში 120ედ ითამაშა.

„სანამ მომხდარს გავაანალიზებ, გეტყვით, რომ ადრე თუ გვიან ჩვენც წავაგებთ… იტალიამ შესანიშნავად ითამაშა და ვთვლი, რომ ძალიან გაგვიმართლა 4 ბურთით რომ მოვიგეთ. ცხადია, მეტოქეს ტრავმირებული მოთამაშე ძალიან დააკლდა… ეს ესპანეთის ნაკრების ბრწყინვალე ეპოქაა და მიხარია, რომ კვლავ გავიმარჯვეთ! 2008 წელს ლუის არაგონესმა დასახა გზა, რომელსაც მივყვებით და ხედავთ, რომ ჯერჯერობით ვიგებთ. ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავს, ბრწყინვალე ბიჭები… ჩემპიონობა დიდებულია“! – ვისენტე დელ ბოსკემ ფიფას ოქროს თასის შემდეგ ანრი დელონეს სახელობის ჯილდოც მოიგო და ამით ლეგენდარული გერმანელი სპეციალისტის ჰელმუტ შიონის რეკორდი გაიმეორა.

მომდევნო შეხვედრას ევროპის ახლა უკვე 3გზის ჩემპიონი ესპანეთი 15 აგვისტოს ჩაატარებს პუერტო რიკოში, პირველი ოფიციალური მატჩი კი კონტინენტის ჩემპიონებს 11 სექტემბერს, თბილისში ელით: ბრაზილია 2014ის შესარჩევს მსოფლიო ფეხბურთის ლიდერი საქართველოში დაიწყებს.

1 ივლისი, 2012. ევრო 2012ფინალი. კიევი, ოლიმპიური. 63 170
ესპანეთი 4:0 იტალია
გოლები: 1:0 დავიდ სილვა (14), 2:0 ჟორდი ალბა (41), 3:0 ფერნანდო ტორესი (84), 4:0 ხუან მატა (88)
ესპანეთი: იკერ კასილიასი (კაპ), ალვარო არბელოა, სერხიო რამოსი, ჟერარ პიკე, ჟორდი ალბა, სერხიო ბუსკეტსი, ჩაბი ალონსო, ჩავი, ანდრეს ინიესტა (ხუან მატა 87), დავიდ სილვა (პედრო როდრიგესი 59), სესკ ფაბრეგასი (ფერნანდო ტორესი 75)
მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე
იტალია: ჯანლუიჯი ბუფონი (კაპ), იგნაციო აბატე, ლეონარდო ბონუჩი, ანდრეა ბარძალი, ჯორჯო კიელინი (ფედერიკო ბალძარეტი 21), ანდრეა პირლო, კლაუდიო მარკიზიო, რიკარდო მონტოლივო (ტიაგუ მოტა 57), დანიელე დე როსი, მარიო ბალოტელი, ანტონიო კასანო (ანტონიო დი ნატალე 46)
მწვრთნელი: ჩეზარე პრანდელი
გაფრთხილება: ჟერარ პიკე, ანდრეა ბარძალი
მსაჯები: პედრუ პროენშა (პორტუგალია); ბ.მირანდა (პორტუგალია), რ.სანტუში (პორტუგალია)
კარლსბერგის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ანდრეს ინიესტა (ესპანეთი)

 

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 2 ივლისი)
ფოტო: uefa.com

ka_GEGeorgian