პოლონური ჩანახატები: ჩვენ, სპორტი და მუსიკა ტაურონ არენაზე

ევროპის III თამაშები ერთი კვირის წინ დასრულდა და მეც ნელ-ნელა დავიწყებ კრაკოვული შთაბეჭდილებების გაზიარებას.
იმ ორი კვირის განმავლობაში, რაც პოლონეთში გავატარე, მასპინძელ ქალაქსა და შემოგარენში არაერთი საინტერესო ადგილი მოვინახულე. როცა უცხოეთში ვმოგზაურობ, იქაურობას ყოველთვის თბილისს ვადარებ. და იშვიათი გამონაკლისის გარდა, მშურს ხოლმე დამხვდურების, რადგან მეც ისეთივე კეთილმოწყობილ და ლამაზ ქალაქში მინდა ცხოვრება.
ახლაც იგივე დამემართა: შემშურდა კრაკოველების! ამ კოხტა ქალაქში თითქმის ყველაფერი მომეწონა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაწყებული, უამრავი დასასვენებელი პარკით გაგრძელებული და სპორტული არენებით დასრულებული. ცნობილ ტურისტულ ადგილებსა და მუზეუმებზე არაფერს ვამბობ.

ჩემი პირველი ჩანახატი ტაურონ არენაზეა, სადაც საქართველოს გუნდმა ევროპის III თამაშების პირველი ოქროს მედალი მოიგო, ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძის გამარჯვებას ვგულისხმობ.

მოფარიკავეებმა ტაურონ არენის ვეებერთელა დარბაზში გაითამაშეს მედლები და მეც რამდენჯერმე ვესტუმრე იქაურობას. ყველაზე სასიამოვნო, რა თქმა უნდა, 25 ივნისის საღამო გამოდგა, როცა სანდრო ბაზაძემ ფინალში იასპარეზა და ოქროს მედალი მოიგო. სანამ მისი პრესკონფერენცია დაიწყებოდა, ტაეკვონდოში ზურაბ კინწურაშვილიც ჩემპიონი გახდა. სპორტული თვალსაზრისით 25 ივნისი დიდებულად დასრულდა, მაგრამ რადგან იმ ამბებზე თავის დროზე დავწერე, ახლა მხოლოდ ტაურონ არენის შესახებ მოვყვები.

ჩემი აზრით სწორედ ასეთი უნდა იყოს მულტისპორტული კომპლექსი, რომელსაც საჭირო დროს სხვა დანიშნულებითაც გამოიყენებ, მაგალითად მრავალათასიანი კონცერტის მისაღებად.

ჩვენი იქ ყოფნის დღეებში არენის ტერიტორიაზე სტინგის ტურნეს აფიშები იყო გაკრული, ხოლო როცა ინტერნეტში ამ დარბაზის შესახებ წავიკითხე, პირველად შემშურდა კრაკოველების: ტაურონ არენა 2014 წლის 12 მაისს გაიხსნა და მას შემდეგ იქ ენიო მორიკონეს (ორჯერ), ჰანს ციმერის (ორჯერ), ელტონ ჯონის (ორჯერ), მეტალიკის (ორჯერ), ანდრეა ბოჩელის (ორჯერ), აირონ მეიდენის (ორჯერ), რობი უილიამსის (ორჯერ), პოლ მაკარტნის, როჯერ უოტერსის, ქისის, სლეშის, ბრაიან ადამსის, კეტი პერის, ეროს რამაძოტის, სკორპიონსის, ბლექ საბათის, ენრიკე იგლესიასის, როდ სტიუარტის, აეროსმითის, ლინკინ პარკის, ჟან-მიშელ ჟარეს, ქუინის და ადამ ლამბერტის ერთობლივი და კიდევ ათამდე პოპულარული შემსრულებლის თუ ანსამბლის კონცერტი გაიმართა! პოლონელ ვარსკვლავებს აღარ დავასახელებ, მათთვის ტაურონ არენა მშობლიური სახლია.

არანაკლებ შთამბეჭდავია შეჯიბრებების ჩამონათვალი, რომელსაც ამ მშვენიერმა დარბაზმა უმასპინძლა: ფრენბურთელთა მსოფლიო ლიგა და მსოფლიო ჩემპიონატი, ჰოკეის მსოფლიო პირველობა I დივიზიონის ნაკრებ გუნდებს შორის, ვაჟ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატი…

ეს რაც შეეხება დიდ საერთაშორისო ტურნირებს, თორემ ტექნიკის უკანასკნელი სიტყვით აღჭურვილი ვრცელი დარბაზი დროგამოშვებით მასპინძლობს პოლონეთის ჩემპიონატებს კრივსა და ქერლინგში, ბადმინტონსა და მხატვრულ ტანვარჯიშში, კალათბურთსა და ჰოკეიში, ფიგურულ ციგურაობასა და მძლეოსნობაში, ფუტსალში, ჩოგბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, საბრძოლო ხელოვნებებში, საცხენოსნო სპორტში…

მაქსიმალური ტევადობა 22 ათასია, მაგრამ, თუ საჭიროა, პირველი იარუსის ტრიბუნები იკეცება. ევროპის თამაშების დღეებში ასე იყო – პირველი იარუსის დასაჯდომი ადგილები საყრდენ კედლებთან იყო აკეცილი და 4546 კვადრატული მეტრის საშეჯიბრო არენაც თავისუფლად იტევდა მოფარიკავეთა ოცამდე ბილიკს და ერთდროულად რამდენიმე ასეულ სპორტსმენს, მწვრთნელს, მსაჯს, მოხალისეს და ფოტოჟურნალისტს.

არანაკლებ მომხიბლა ტაურონ არენის გარშემო მოწყობილმა პარკმა, რომელიც 25 ივნისს დამსვენებლებით იყო სავსე. დიდი თუ პატარა მშვენივრად ატარებდა დროს: ბიჭები ტბაში დაცურავდნენ, ბავშვები ნაპირზე ერთობოდნენ, უმეტესობა მინდორში გაშლილ სკამებზე გადაწოლილიყო და მზეს ეფიცხებოდა, სხვები ლუდს მიირთმევდნენ ან ძაღლებს ასეირნებდნენ, ცოტა მოშორებით ველომოყვარულები და ბადმინტონის მოთამაშეები დავლანდე, ტბის პირას გაშლილი კაფეც მთლიანად სავსე იყო…

ეს ფოტოები იმ დღეს გადავიღე.

როცა ვთქვი, ასეთი უნდა იყოს მულტისპორტული კომპლექსი-მეთქი, შენობის გარშემო ტერიტორიაც ვიგულისხმე, ისევე როგორც არენამდე მისასვლელი გზები. არახალია, რომ სწორედ მათი ერთობლიობით ფასდება სპორტული ნაგებობა. ტაურონ არენა კი ნამდვილად სამაგალითოა, რადგან არაერთმა საერთაშორისო სპორტულმა ფედერაციამ მიანიჭა უმაღლესი რეიტინგი. ეს კი ნიშნავს, რომ იქ მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაც შეიძლება, სხვა რანგის საერთაშორისო შეჯიბრებებზე რომ არაფერი ვთქვა.

მგონი, ნათელია თუ რატომ შემშურდა კრაკოველების. ვნახე დარბაზი, გავისეირნე მის გარშემო მოწყობილ მშვენიერ პარკში და უნებურად გამახსენდა თბილისი, სადაც ძველ და ახლო წარსულის სპორტულ არენებს ერთმანეთზე საშინელი კორპუსები შემოარტყეს, უახლესი კი ისეთ ადგილზე ააგეს, მტერს და ავს, გარეთ გამოსვლა არ მოგინდება. დარბაზებამდე მისასვლელ გზებზე არაფერს ვამბობ – სპორტული შეჯიბრების დაწყებამდე და დასრულების შემდეგ საცობი გარანტირებულია…

ძალიან მომეწონა კრაკოვის მეორე ბოლოში აგებული ვისლას სტადიონიც. იქ თამაშების გახსნის დღეს, შვიდკაცა რაგბის ტურნირზე და დახურვის ცერემონიალის დროს ვიყავი. მომდევნო ჩანახატში იქაურობაზე დავწერ.

ლაშა გოდუაძე
კრაკოვი, პოლონეთი
2023 წლის 8 ივლისი

ka_GEGeorgian