პრაღის გვირგვინი: ჰრადი

პრაჟსკი ჰრადი – პრაღის სასახლე ის ადგილია, რომელიც ჩეხეთის დედაქალაქში ჩასულმა ტურისტმა უნდა მოინახულოს. ამ ულამაზესი ქალაქის რა გზამკვლევიც არ უნდა გადაშალოთ, ერთ-ერთი პირველი რჩევა სწორედ გრანდიოზულ კომპლექსზე ასვლაა.

მე თუ მკითხავთ, ადამიანმა ჰრადს რამდენიმე საათი კი არა, ერთი დღე უნდა დაუთმო. ვისთვის როგორ, მაგრამ მეგობრებთან ერთად იქ გატარებულ არასრულ 4 საათს სიამოვნებით დავუმატებდი ამდენივეს და უფრო დიდხანს გავჩერდებოდი წმინდა ვიტის თვალისმომჭრელ საკათედრო ტაძარში (მთავარი ნაგებობაა), გაცილებით ნელა მოვივლიდი ძველ სამეფო სასახლეს და წმინდა გიორგის ბაზილიკას, პრაღის სავიზიტო ბარათად ქცეულ პატარა და კოხტა ოქროს ქუჩასაც მეტი ყურადღებით ჩავუყვებოდი და ბოლო კარიბჭიდან გასული, პრაღის ხედებით უფრო დიდხანს დავტკბებოდი. და არც ღვინოზე ვიტყოდი უარს, რომელსაც იქვე, ქალაქში ჩამავალი ბილიკის დასაწყისში გთავაზობთ ერთ-ერთი საოჯახო მეღვინეობა.

პეტრშინის ქედზე აღმართული ეს დიდებული კომპლექსი გინესის რეკორდების წიგნშია შესული, როგორც შუა საუკუნეების მსოფლიოს უდიდესი ციხესიმაგრე. ისტორიას არ მოვყვები, მხოლოდ რამდენიმე მონაცემს გაგაცნობთ: სასახლის სიგრძე 570, სიგანე – 130, ფართობი კი 70 ათასი კვადრატული მეტრი.

რამდენიმე წლის წინ ბარსელონაში მოვხვდი და კატალონიის სიამაყედ სამართლიანად აღიარებულმა საგრადა ფამილიამ წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა! ამ ზღაპრული ტაძრის ხილვით გამოწვეული ემოცია, ალალად ვიტყვი – ათასფერია, თუმცა დღეს გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ პრაჟსკი ჰრადის მთავარი ნაგებობა – წმინდა ვიტის კათედრალი (ჩეხეთის მეფეების და პრაღის არქიეპისკოპოსების განსასვენებელი) ლეგენდარული ანტონიო გაუდის შედევრს არაფრით ჩამოუვარდება. ჩემთვის საგრადა ფამილია და ეს ტაძარი მხარდამხარ დგანან, ორივე უმაღლესი დონისაა და არქიტექტურის მწვერვალად მიმაჩნია. თუ რამეზე კამათობენ, ეს გემოვნებაა, მაგრამ როგორც ენდოკრინოლოგი ხაჩიკიანი იტყოდა – ია ტაკ დუმაიუ და თქვენ რაც გინდათ ის თქვით.

იმ წლებში, როცა სლოვაკეთთან გაერთიანებულ ჩეხეთს მოსკოვი რკინის ფარდით „მფარველობდა“, პრაჟსკი ჰრადი ტურისტებისთვის დაკეტილი იყო, თუმცა ხელისუფლებაში ვაცლავ ჰაველის და მისი გუნდის მისვლის შემდეგ ამ ულამაზესი ტერიტორიის გარშემო აგებული რკინის ღობე ნელ-ნელა მოიშალა. დღეს კომპლექსი მნახველებს ვერ აუდის, ქალაქს კი, შესაბამისად, უდიდესი შემოსავალი აქვს.

სულ ეს იყო რის თქმაც მსურდა.

დანარჩენისთვის ეს ალბომი გადაფურცლეთ.

და თავად დარწმუნდებით, რომ იქაურობა ულამაზესია.

ამიტომაც, თუ პრაღაში შეისეირნებთ, არ დაიზაროთ, ნახეთ ეს საოცარი კომპლექსი.

ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
პრაღა, ჩეხეთი; 2018 წლის 5 ნოემბერი

ka_GEGeorgian