პრემიერლიგა 1992-2012: ოცწლეულის რჩეულები

ყველაფერი 1991 წლის ზაფხულში, რამდენიმე კლუბის ხელმძღვანელთა ლონდონური შეხვედრით დაიწყო.
„გვინდოდა, რომ მეტი უფლებები გვქონოდა. მაშინ ვერც ვიფიქრებდით, ამდენს თუ მივაღწევდით“, – პრემიერლიგის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი ალან შუგარი იმ დროს ტოტენჰემ ჰოთსფურის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო.
პრემიერლიგა ოფიციალურად 1992 წლის 20 თებერვალს დაარსდა, 1992-93 წლებში კი პირველი სეზონი ჩატარდა.
იმ დროს ფეხბურთელები წელიწადში საშუალოდ 75 ათას გირვანქას იღებდნენ. დღეს საშუალო წლიური ხელფასი 1,1 მილიონია…
ლიგის გარიჟრაჟზე სატელევიზიო შემოსავლები ძლივს აჭარბებდა 80 მილიონს. ახლახანს 3-მილიარდიანი(!) კონტრაქტი გაფორმდა BSkyB-სთან…
1992-93 წლების სეზონში ინგლისის ჩემპიონატი კუნძულს გარეთ არავის აინტერესებდა. დღეს პრემიერლიგა ყველაზე პოპულარული საფეხბურთო პირველობაა და მილიარდამდე ტელემაყურებელი ჰყავს…
პრემიერლიგის მესვეურებმა განვლილი 20 სეზონის შედეგები შეაჯამეს და 1992-2012 წლების რჩეულები დაასახელეს:

ინგლისის პრემიერლიგა
მეკარე: პეტერ შმეიხელი (მანჩესტერ იუნაიტედი; დანია)
მანჩესტერელთა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, რომელიც 1991-99 წლებში შეუცვლელი იყო. ოლდ ტრაფორდი ჩემპიონთა ლიგის მოგებისთანავე დატოვა, მანამდე კი 5-ჯერ გახდა ჩემპიონი.

მარჯვენა მცველი: გარი ნევილი (მანჩესტერ იუნაიტედი; ინგლისი)
მთელი კარიერა „წითელ ეშმაკებში“ გაატარა და 602 მატჩში 7 გოლი შეაგდო. 8-ჯერ მოიგო პრემიერლიგა, 2006 წლიდან კარიერის დასასრულამდე კი კაპიტანი იყო. დღეს ინგლისის ნაკრების თავკაცის როი ჰოჯსონის თანაშემწეა.

ცენტრალური მცველი: ტონი ადამსი (არსენალი; ინგლისი)
ლონდონელთა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. 2011 წლის 9 დეკემბერს ემირეითს სთედიუმზე მისი ძეგლიც გაიხსნა. ჰერბერტ ჩეპმენის და ტიერი ანრის შემდეგ ადამსი მესამე არსენალელია, ვისაც ასეთი პატივი ხვდა წილად. კლუბში 672 მატჩში 48 გოლი შეაგდო.

ცენტრალური მცველი: ნემანია ვიდიჩი (მანჩესტერ იუნაიტედი; სერბეთი)
მანჩესტერელთა ისტორიაში პირველი სერბი კაპიტანია. ინგლისელებმა ის 2006 წელს შეიძინეს მოსკოვის სპარტაკისგან. 4-4-ჯერ მოიგო პრემიერლიგა და სუპერთასი, 2009 და 2011 წლებში კი ლიგის სპონსორმა ბარქლეიმ სეზონის უძლიერეს ფეხბურთელად აღიარა.

მარცხენა მცველი: ეშლი კოული (არსენალი, ჩელსი; ინგლისი)
კარიერის საუკეთესო წლები ლონდონის არსენალში და ჩელსიში გაატარა. ის საფეხბურთო ასოციაციის ერთი მნიშვნელოვანი რეკორდის მფლობელია: 7-ჯერ მოიგო თასი! 2002, 2003 და 2005 წლებში არსენალის, 2007, 2009, 2010 და 2012 წლებში კი ჩელსის მაისურით.

მარჯვენა ნახევარმცველი: კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერ იუნაიტედი; პორტუგალია)
2009 წელს რეალმა მის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაუხადა მანჩესტერ იუნაიტედს. ამ ფასად არათუ ინგლისში, მსოფლიოშიც არავინ გაყიდულა! მანჩესტერს 292 მატჩში შეგდებული 118 გოლით გამოეთხოვა.

ცენტრალური ნახევარმცველი: სტივენ ჯერარდი (ლივერპული; ინგლისი)
მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი, რომელიც 2003 წლიდან ლივერპულის კაპიტანია, რამდენიმე თვის წინ კი ინგლისის ნაკრების გუნდისთავიც გახდა. მალე ლივერპულის მაისურით საიუბილეო, მე-600 შეხვედრას ჩაატარებს, მაგრამ ჩემპიონატი არასდროს მოუგია.

ცენტრალური ნახევარმცველი: პოლ სქოულზი (მანჩესტერ იუნაიტედი; ინგლისი)
2011 წელს წავიდა, მაგრამ ექვს თვეში ფერგიუსონმა დაბრუნება სთხოვა და მას შემდეგ კვლავ იუნაიტედშია. 10-ჯერ მოიგო ჩემპიონატი, კლუბში ჩატარებული მატჩების რაოდენობით კი მხოლოდ რაიან გიგზი და ლეგენდარული ბობი ჩარლტონი უსწრებენ.

მარცხენა ნახევარმცველი: რაიან გიგზი (მანჩესტერ იუნაიტედი; უელსი)
მას უამრავი რეკორდი ეკუთვნის, რომელთაგან რამდენიმეს, ალბათ, ვერავინ გააუმჯობესებს. ასეთთა შორისაა საგოლე პასების რაოდენობა – 271!  2003 წელს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ გიგზი ჩემპიონატის და თასის გათამაშების XX საუკუნის სიმბოლურ ნაკრებებში დაასახელა.

თავდამსხმელი: ტიერი ანრი (არსენალი; საფრანგეთი)
იშვიათად, რომ მოქმედ ფეხბურთელს ძეგლი დაუდგან. მითუმეტეს ინგლისში და თან, უცხოელს. უკვე რამდენიმე წელიწადია არსენალის სარბიელის ტერიტორიას ფრანგი სუპერვარსკვლავის მონუმენტი ამშვენებს. 2001-06 წლებში ის პრემიერლიგის სეზონის სიმბოლური ნაკრების წევრი იყო, 2002, 2004, 2005 და 2006 წლებში კი ლიგის ბომბარდირი.

თავდამსხმელი: ალან შირერი (ბრექბერნ როვერსი, ნიუკასლ იუნაიტედი; ინგლისი)
1996 წელს ბლექბერნ როვერსიდან მშობლიურ ნიუკასლში დაბრუნდა – „ჯორდებმა“ მის სანაცვლოდ 15 მილიონი გირვანქა გაიღეს, რაც იმ დროს ლიგის რეკორდი იყო. შირერი პრემიერლიგის საუკეთესო მეგოლეა და ერთადერთი, რომელმაც ლიგაში 100-ზე მეტი გოლი ორი კლუბის მაისურით გაიტანა.

მწვრთნელი: სერ ალექს ფერგიუსონი (მანჩესტერ იუნაიტედი)
მისი წყალობით კლუბი ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი გუნდი გახდა. 12-ჯერ მოიგო პრემიერლიგა, 10-ჯერ კი სეზონის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს. ყველა დროის ყველაზე ტიტულიანი ბრიტანელი მწვრთნელი ამ სეზონში საიუბილეო, 1500-ე მატჩში უხელმძღვანელებს იუნაიტედს.

პრემიერლიგა
ფეხბურთელი: რაიან გიგზი (მანჩესტერ იუნაიტედი)
ოლდტრაფორდელთა მაისურით 900-ზე მეტი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ ერთხელაც არ გაუძევებიათ! უელსელი ერთადერთია, პრემიერლიგის ოცივე სეზონში რომ ითამაშა და გოლიც გაიტანა. ლიგის 12-გზის ჩემპიონია!

გუნდი: ლონდონის არსენალი 2003-04
ერთადერთი, რომელმაც დაუმარცხებლად მოიგო პრემიერლიგა! 38 ტურიდან 26-ში იმარჯვა.

სეზონი: 2011-12
ჩემპიონი უკანასკნელი ტურის ბოლო წამებზე გაირკვა: მანჩესტერ სიტიმ ქუინზ პარკ რეინჯერსს შინ 3:2 აჯობა და 1968 წლის შემდეგ პირველად გახდა ჩემპიონი! სიტიმ და მეორეადგილოსანმა მანჩესტერ იუნაიტედმა 89-89 ქულა დააგროვეს.

გოლი: უეინ რუნი სიტისთან
მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელმა უეინ რუნიმ 2011 წლის 12 თებერვალს ქალაქურ დერბიში ულამაზესი „მაკრატელა“ გაუტანა სიტის. მისი გოლით იუნაიტედმა 2:1 გაიმარჯვა.

თამაში: მანჩესტერ იუნაიტედი 4:3 მანჩესტერ სიტი
2009 წლის 20 სექტემბერს მანჩესტერის ოლდ ტრაფორდზე გამართული ქალაქური დერბი – იუნაიტედი 4:3 სიტი დაუვიწყარია! მასპინძლები სამჯერ იგებდნენ და სტუმრებმა სამჯერვე გაათანაბრეს, მათ შორის მესამედ 90-ე წუთზე, მაგრამ დამატებულ დროში გამარჯვების გოლი გიგზის პასით მაიკლ ოუენმა შეაგდო.

სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ: რაიან გიგზი (ყველაზე მეტი მატჩი – 598); ალან შირერი (ყველაზე მეტი გოლი – 260) და მეკარე დევიდ ჯეიმსი (ყველაზე მეტი თამაში გოლის გაუშვებლად – 173)
პრემიერლიგაში 500-ზე მეტი თამაშისთვის სამახსოვრო სინები გადაეცათ რაიან გიგზს (598), დევიდ ჯეიმსს (572), გარი სპიდს (გარდაცვალების შემდეგ, 535), ფრენკ ლამპარდს (530), ემილ ჰესკის (516) და სოლ კემპბელს (503).
ნომინაციაში „გოლის საუკეთესო აღნიშვნა“ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი თემურ ქეცბაიაც იყო წარდგენილი (ნიუკასლ იუნაიტედი; 1997-98 წლების სეზონში ბოლტონთან), მაგრამ მთავარი პრიზი ერიკ კანტონას ერგო.

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 1-7 ოქტომბერი)

ka_GEGeorgian