პრემიერლიგის ქართული გოლები

პრემიერლიგის X ტურში კრიზისში მყოფმა მანჩესტერ იუნაიტედმა 3:1 სძლია ნორვიჩ სიტის.
მატჩი რამდენიმე საინტერესო ამბით გამოირჩა: მანჩესტერ იუნაიტედმა პრემიერლიგის ეგიდით მე2000 ბურთი სწორედ ამ შეხვედრაში გაიტანა – სკოტ მაკტომინეიმ შეაბიჯა საკლუბი ისტორიაში; სტუმართა მეგოლეებმა რაშფორდმა და მარსიალმა პენალტები ვერ გამოიყენეს და პირველი თანაგუნდელები გახდნენ, ერთ შეხვედრაში რომ შერცხვნენ; მათი 11მეტრიანები ნორვიჩელთა მეკარე ტიმ კრულმა მოიგერია და მერვე გოლკიპერი შეიქნა, ვინც ეს შეძლო…

მაგრამ მთავარი ისაა, რომ ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წუთით მასპინძელთა 26 წლის კუბელმა შემტევმა ონელ ერნანდესმა ერთადერთი საპასუხო ბურთი შეაგდო და გახდა 110ე ქვეყნის წარმომადგენელი, რომელმაც პრემიერლიგაში გოლი მიითვალა!

110 – არც მეტი, არც ნაკლები!

და ამ 110 ქვეყნიდან ერთ-ერთი საქართველოა – ინგლისის ელიტარულ საფეხბურთო ლიგაში 4მა ქართველმა გამოიჩინა თავი!

პირველი ჩვენებური, რომელმაც პრემიერლიგის კლუბის მაისური მოირგო და გოლიც გაიტანა, გიორგი ქინქლაძე გახლავთ, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოთამაშე – ქინქი 1995 წლის ზაფხულში გადაბარგდა მანჩესტერ სიტიში და პირველივე სეზონში წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.

პრემიერლიგის „ქართული გოლების“ ათვლა 1995 წლის 25 ნოემბრიდან იწყება: მანჩესტერელთა ძველ საშინაო სარბიელზე, მეინ როუდზე, 28 027 ფანის თვალწინ, სიტიმ გიორგის ერთადერთი გოლით დაამარცხა ასტონ ვილა.

9 დეკემბერს, მიდლსბროსთან სტუმრად 1:4 წაგებულ შეხვედრაში ქინქლაძემ მე2 გოლი შეაგდო პრემიერლიგაში, 1996 წლის 16 მარტს, შინ საუთჰემპტონთან 2:1 მოგებულ მატჩში კი დუბლი შეასრულა!

ეს პირველი და ჯერჯერობით ბოლო „ქართული დუბლია“ პრემიერლიგაში.

წმინდანების კარში გატანილი 2 გოლიდან ერთი უბრალოდ ჯადოსნური იყო – სიტის ქართველი შვიდიანი 4(!) მეტოქეს გასცდა, საჯარიმოში მეკარესთან პირისპირ შესულმა კი ბურთს ბუცი ამოჰკრა და მოხდენილად შეაგდო. ქინქის ის დარტყმა დღემდე პრემიერლიგის ყველა დროის ეფექტური გოლების ჩამონათვალშია და ფანების აღტაცებას იწვევს. მოკლედ რომ ვთქვა, შედევრია, დროს რომ გაუძლო.

ქინქლაძის შესანიშნავი თამაშის მიუხედავად, სიტი პრემიერლიგიდან გავარდა.

1999-2000 წლების სეზონში გიორგი ინგლისის ჩემპიონატს დაუბრუნდა, თუმცა დერბი ქაუნთის მაისურით და 2001-02 წლების ჩათვლით 65 მატჩში 3 გოლი შეაგდო.

ქინქლაძის პირველი დერბული გოლი 2000 წლის 4 მარტით თარიღდება – უიმბლდონთან შინ 4:0 მოგებულ მატჩში ანგარიში გახსნა. მომდევნო სეზონში, 2000 წლის 23 სექტემბერს, გიომ კვლავ შინ გაიტანა – ლიდს იუნაიტედთან 1:1 დასრულებულ მატჩში, 2001-02 წლების სეზონში კი XXVII ტურში გამოიჩინა თავი – 23 თებერვალს ლესტერ სიტისთან 3:0 მოგებულ მატჩში პირველმა გაიტანა.

7 პრემიერლიგური გოლით ქინქლაძე მე2 ყველაზე შედეგიანი ქართველია, ლიდერი კი თემურ ქეცბაია გახლავთ, საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი – მან 8ჯერ დაარტყა ზუსტად!

სანამ მის გოლებს შეგახსენებთ, გეტყვით, რომ თემური კიდევ ერთი საინტერესო ამბით გამოირჩევა: პირველი ქართველია, რომელმაც ყველაზე ძველი საფეხბურთო ტურნირის – ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში ითამაშა.

1998 წლის 16 მაისს, როცა ნიუკასლ იუნაიტედი უემბლიზე ლონდონის არსენალთან 0:2 დამარცხდა, ქეცბაია ძირითად შემადგენლობაში გახლდათ (86ე წუთზე შეცვალა ლეგენდარულმა ინგლისელმა ჯონ ბარნსმა). ერთი წლის შემდეგ, 1999 წლის 22 მაისს, ნიუკასლელებმა კვლავ ითამაშეს თასის ფინალში, მაგრამ ისევ 0:2 დამარცხდნენ, ამჯერად სერ ალექს ფერგიუსონის ტრებლის მომგებ მანჩესტერ იუნაიტედთან. ოლდტრაფორდელების წინააღმდეგ თემური ისევ ძირითადში იყო და მხოლოდ 79ე წუთზე გავიდა, როცა შოტლანდიელმა სტივენ გლასმა შეცვალა…

პრემიერლიგას დავუბრუნდები: ქეცბაია ნისლიან ალბიონზე 1997-98 წლების სეზონში გამოჩნდა ნიუკასლ იუნაიტედის შემადგენლობაში და ჩრდილოინგლისურ კლუბში 3 სეზონი გაატარა.

სადებიუტო ჩემპიონატში 3, მომდევნო სეზონში კი 5 გოლი შეაგდო. 8 გოლიდან პირველი ქეცბაიამ 1997 წლის 29 ნოემბერს გაიტანა ლონდონში, სელჰარსტ პარკზე – ნიუკასლმა მისი და იონ დალ ტომასონის გოლებით 2:1 სძლია კრისტალ პალასს.

1998 წლის 17 იანვარს ჯორდებმა ბოლტონ უონდერერსი ქეცბაიას 90ე წუთზე გატანილი ბურთით დაამარცხეს (2:1), 22 თებერვალს კი, ლიდს იუნაიტედთან საშინაო შეხვედრაში თემურმა ქულა გადაარჩინა – 87ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში.

ბოლტონთან უკანასკნელ წამებზე გასროლას ფანების ყიჟინა, ქართველის გადარევა, მაისურის და ბუცის გახდა, ერთი სიტყვით სრული სიგიჟე მოჰყვა.

თემურის ცელქობა პრემიერლიგის ერთ-ერთი გამორჩეული აღნიშვნაა და ხშირად ხვდება ლიგის გამორჩეულ მომენტებს შორის.

1998-99 წლების ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი უფრო შედეგიანი იყო – 26 მატჩში 5 გოლით დახურა პრემიერლიგა: 12 სექტემბერს, შინ საუთჰემპტონთან (4:0) 90ე წუთზე გაიტანა; 17 იანვარს ლონდონში, ჩარლტონ ატლეტიკთან (2:2) მე13 წუთზე გახსნა ანგარიში; მომდევნო ტურში, 30 იანვარს ასტონ ვილას (2:1) 27ე წუთზე გაუტანა; 3 აპრილს დერბი ქაუნთის (4:3) სტუმრად შეუგდო (39წთ), სეზონის ბოლო, მე5 გოლი (და პრემიერლიგაში უკანასკნელი) კი ორი დღის შემდეგ, 5 აპრილს გაიტანა სენტ-ჯეიმს პარკზე ტოტენჰემ ჰოთსფურთან 1:1 დასრულებული მატჩის 78ე წუთზე – ანგარიში გაათანაბრა.

გიორგი ქინქლაძე პირველი ქართული გოლის ავტორია, ქეცბაია – ყველაზე შედეგიანი გახლავთ, მათ შორის კი მიხეილ ყაველაშვილია, საქართველოს ნაკრების მე2 მოთამაშე, რომელმაც პრემიერლიგაში გოლი შეაგდო.

მეორე ქართველი სიტის 1996 წელს შეუერთდა, მისი დებიუტი კი 6 აპრილს შედგა მეინ როუდზე, მანჩესტერულ დერბიში. ოლდტრაფორდელებმა 3:2 გაიმარჯვეს, პეტერ შმეიხელის კარში გასული 2 გოლიდან კი პირველი სწორედ დებიუტანტისა გახლდათ – ყაველაშვილმა 39ე წუთზე გაიტანა და ერიკ კანტონას მიერ გოლად ქცეული პენალტი გაქვითა. გულდასაწყვეტია, რომ 90იანი წლების ერთ-ერთ გამორჩეულ ქართველ თავდამსხმელს სიტის მაისურით მეტი აღარ გაუტანია…

ახლო წარსულში ზურაბ ხიზანიშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გახლდათ. ლევან კობიაშვილის შემდეგ ქვეყნის პირველ გუნდში ყველაზე მეტი შეხვედრა სწორედ მან ჩაატარა. გარდა ამისა ის პრემიერლიგაში გასული ბოლო, მე17 „ქართული“ გოლის ავტორია.

2005-06 წლების სეზონი ბლექბერნელებმა ზედიზედ 3 გამარჯვებით დაასრულეს და ზურამ სწორედ მაშინ გამოიჩინა თავი: ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში შინ, მანჩესტერ სიტისთან 2:0 მოგებულ მატჩში.

სამწუხაროდ, მას შემდეგ პრემიერლიგაში ქართველს აღარ გაუტანია.

პრემიერლიგის ქართველი მეგოლეები:
თემურ ქეცბაია (ნიუკასლ იუნაიტედი – 1997-99) – 8
გიორგი ქინქლაძე (მანჩესტერ სიტი – 1995-96 და დერბი ქაუნთი 1999-2002) – 7
მიხეილ ყაველაშვილი (მანჩესტერ სიტი – 1995-96) – 1
ზურაბ ხიზანიშვილი (ბლექბერნ როვერსი – 2005-06) – 1

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 31 ოქტომბერი)

ka_GEGeorgian