პრემიერლიგის უცხოელი მეგოლეები

პრემიერლიგის X ტურმა რამდენიმე საინტერესო ამბავი დაიტია:
ბრენდან
როჯერსის მშვენიერი ლესტერი საუთჰემპტონს ესტუმრა და თავსხმა წვიმაში მასპინძლები არ დაინდო – 9 უპასუხო გოლი გაუტანა;
ენფილდ როუდზე ჩემპიონთა ლიგის ფინალისტები დადგნენ ერთმანეთის პირისპირ და როგორც მაისში, მადრიდის ვანდა მეტროპოლიტანოზე, ისევ ლივერპულმა გაიმარჯვა;
ინგლისის ჩემპიონმა მანჩესტერ სიტიმ ერთ დროს ჩემპიონთა თასის მომგებ ასტონ ვილას უშანსოდ აჯობა…

ხსენებულ მატჩებთან შედარებით ნორვიჩ სიტისა და მანჩესტერ იუნაიტედის პაექრობა თითქოს ჩრდილში მოექცა, მაგრამ გამორჩეული ამბების გარეშე არც ამ თამაშს ჩაუვლია.

ოლე-გუნარ სულშერის ბიჭებმა 3:1 მოიგეს: მანჩესტერ იუნაიტედმა პრემიერლიგის ეგიდით მე2000 გოლი სწორედ ამ შეხვედრაში გაიტანა – სკოტ მაკტომინეიმ შეაბიჯა საკლუბი ისტორიაში;

სტუმართა მეგოლეებმა რაშფორდმა და მარსიალმა პენალტები ვერ გამოიყენეს და პირველი თანაგუნდელები გახდნენ, ერთ შეხვედრაში რომ შერცხვნენ;

მათი 11მეტრიანები ნორვიჩელთა ნიდერლანდელმა მეკარე ტიმ კრულმა მოიგერია და მერვე გოლკიპერი შეიქნა, ვინც ეს შეძლო…

მაგრამ დღევანდელი წერილი სხვა ფაქტს ეძღვნება, ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წუთით ადრე რომ დაფიქსირდა: ნორვიჩის ერთადერთი საპასუხო გოლი ონელ ერნანდესმა გაიტანა. და 26 წლის კუბელი გახდა 110ე ქვეყნის წარმომადგენელი, რომელმაც პრემიერლიგაში გოლი მიითვალა.

110 – არც მეტი, არც ნაკლები!

ივლისში, როცა იადონებმა ერნანდესი განაცხადში შეიყვანეს, ცხადი გახდა – მისი დებიუტი პრემიერლიგაში დროის ამბავი იყო. ბრაუნშვაიგის აინტრახტიდან გადაბირებული ფორვარდი პირველი კუბელი და 110ე არაბრიტანელი გახდა, ვინც ყველაზე საინტერესო ჩემპიონატში ითამაშა, 27 ოქტომბერს, დავიდ დე ხეას კარში შეგდებული გოლით კი ის სხვა მხრივ გახდა 110-ე.

გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად განვმარტავ: უცხოელებად მხოლოდ ისინი ითვლებიან, რომლებმაც მხოლოდ პრემიერლიგაში გაიტანეს გოლი. ამასთანავე: სიაში ბრიტანელები არ არიან – შოტლანდიელები, უელსელები და ჩრდილოირლანდიელები.

1992-93 წლების ანუ პირველი პრემიერლიგიდან დაწყებული, ყველაზე მეტი მეგოლე საფრანგეთიდანაა – 120 და ამავე ქვეყნიდანაა უცხოელთა ბომბარდირი. გამოცნობა არ გაგიჭირდებათ – ტიერი ანრი, ლონდონის არსენალის იდეალური ფორვარდი, რომელმაც 258 მატჩში 175 გოლი შეაგდო.

დიდებული ფრანგი იუვენტუსში გატარებული მძიმე სეზონის შემდეგ, 1999 წლის 3 აგვისტოს შეუერთდა არსენალს. მეთოფეებმა ის 11 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინეს – დღეს ლიგის რამდენიმე ვარსკვლავი ამდენს წელიწადში გამოიმუშავებს.

ანრიმ 8 სეზონი გაატარა ჰაიბერიზე და არსენალის ისტორიაში საუკეთესო ფორვარდად დარჩა, პრემიერლიგის მემატიანენი კი მას ყველა დროის გამორჩეულ მოთამაშეთა შორის ასახელებენ.

ანრის გუნდურ ტიტულებს არ ვახსენებ (ჩამონათვალი შთამბეჭდავია), მხოლოდ პირადს ჩამოგითვლით: პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ (PFA) 2ჯერ, ხოლო ფეხბურთზე მწერალ ჟურნალისტთა კავშირმა (FWA) 3ჯერ აღიარა წლის რჩეულად; 2001-06 წლებში ზედიზედ 6ჯერ მოხვდა სეზონის სიმბოლურ ნაკრებში; 4ჯერ გახდა საუკეთესო ბომბარდირი; მისი მრავალი ლამაზი გოლიდან 2 სეზონში საუკეთესოდ აღიარეს და რაც მთავარია, 2012-13 წლების შემდეგ, როცა პირველი 20 ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი შეადგინეს, ანრი 11 რჩეულში დასახელდა!

მაგრამ ანრი დიდხანს ვერ შეინარჩუნებს ნომერ პირველი არაბრიტანელი გოლეადორის სახელს – დიეგო არმანდო მარადონას ყოფილი სიძე და შვილიშვილების მამა სერხიო აგუერო ამავე სეზონში გადაასწრებს ფრანგს. არგენტინელის აქტივში 172 გოლია და რა თქმა უნდა მანჩესტერ სიტის ყველა დროის ყველაზე შედეგიანი ფორვარდია.

სერხიო ინგლისში 2011 წლის ზაფხულში, მადრიდის ატლეტიკოში გატარებული 5 მშვენიერი სეზონის შემდეგ გადაბარგდა – მანჩესტერელებმა მის სანაცვლოდ 35 მილიონი გირვანქა გაიღეს. მას შემდეგ ის სიტის ერთგულია – მიმდინარე სეზონი, რომელშიც 8 მატჩში ამდენივე გოლი შეაგდო, მისთვის მეცხრეა, ტემპი კი დაახლოებით ანრის მსგავსი აქვს: 172 ბურთი 247 თამაშში.

სიტისთან ერთად აგუერომ უფრო მეტი ტიტული მოიგო, ვიდრე ანრიმ არსენალში, მაგრამ ინდივიდუალური ჯილდოების მხრივ ფრანგი გაცილებით წინაა. და გულახდილად რომ ვთქვა, სერხიოს შთამბეჭდავი სტატისტიკის მიუხედავად, ფრანგის გავლენა ლიგაზე გაცილებით დიდი იყო.

პრემიერლიგაში გოლების გამტანი 110 ქვეყნის ფეხბურთელთა შორის 4 ქართველიცაა, თუმცა მათ შესახებ წერილის მეორე ნაწილში მოგითხრობთ.

120 – საფრანგეთი: ტიერი ანრი (არსენალი) – 175
106 – ირლანდია: რობი კინი (ქოვენთრი, ლიდს იუნაიტედი, ტოტენჰემ ჰოთსფური, ლივერპული, ვესტ ჰემ იუნაიტედი, ასტონ ვილა) – 126
88 – ჰოლანდია: რობინ ვან პერსი (არსენალი, მანჩესტერ იუნაიტედი) – 144
75 – ესპანეთი: ფერნანდო ტორესი (ლივერპული, ჩელსი) – 85
53 – ბრაზილია: რობერტო ფირმინო (ლივერპული) – 51
50 – იტალია: პაოლო დი კანიო (შეფილდ უენსდი, ვესტ ჰემ იუნაიტედი, ჩარლტონ ატლეტიკი) – 66
43 – არგენტინა: სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) – 172
36 – ნორვეგია: ოლე-გუნარ სულშერი (მანჩესტერ იუნაიტედი) – 91
35 – დანია: კრისტიან ერიკსენი (ტოტენჰემ ჰოთსფური) – 50
33 – ბელგია: რომელუ ლუკაკუ (ვესტ ბრომვიჩ ალბიონი, ევერტონი, მანჩესტერ იუნაიტედი) – 113; პორტუგალია: კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერ იუნაიტედი) – 84; გერმანია: მესუტ ოზილი (არსენალი) – 32
31 – ნიგერია: იაკუბუ (პორტსმუთი, მიდლსბრო, ევერტონი, ბლექბერნ როვერსი) – 95
29 – შვედეთი: ფრედრიკ ლუნგბერგი (არსენალი, ვესტ ჰემ იუნაიტედი) – 48
27 – სენეგალი: სადიო მანე (საუთჰემპტონი, ლივერპული) – 71
24 – იამაიკა: ჯეისონ იუელი (უიმბლდონი, ჩარლტონ ატლეტიკი) – 56
22 – კოტ დივუარი: დიდიე დროგბა (ჩელსი) – 104; აშშ: კლინტ დემპსი (ფულემი, ტოტენჰემ ჰოთსფური) – 57
19 – სერბეთი: სავო მილოშევიჩი (ასტონ ვილა) – 29
18 – ხორვატია:
ნიკიცა იელავიჩი (ევერტონი, ჰალ სიტი, ვესტ ჰემ იუნაიტედი) – 29
17 – ავსტრალია: მარკ ვიდუკა (ლიდს იუნაიტედი, მიდლსბრო, ნიუკასლ იუნაიტედი) – 92
16 – კამერუნი: ჟოზეფ-დეზირე ჟობი (მიდლსბრო) – 16
15 – მაროკო: ჰასან კაჩლული (საუთჰემპტონი, ასტონ ვილა) – 16
14 – ურუგვაი: ლუის სუარესი (ლივერპული) – 69; ისლანდია: გილფი სიგურდსონი (სუონსი სიტი, ტოტენჰემ ჰოთსფური, ევერტონი) – 60; შვეიცარია: შერდან შაქირი (სტოკ სიტი, ლივერპული) – 21
12 – განა: ტონი იებოა (ლიდს იუნაიტედი) – 24
11 – ალჟირი: რიად მაჰრეზი (ლესტერ სიტი, მანჩესტერ სიტი) – 48; კოლუმბია: ხუან პაბლო ანხელი (ასტონ ვილა) – 44; მალი: ფრედერიკ კანუტე (ვესტ ჰემ იუნაიტედი, ტოტენჰემ ჰოთსფური) – 43; ჩეხეთი: პატრიკ ბერგერი (ლივერპული, პორტსმუთი, ასტონ ვილა) – 38; ისრაელი: იოსი ბენაიუნი (ვესტ ჰემ იუნაიტედი, ლივერპული, ჩელსი, არსენალი) – 31
10 – ფინეთი: მიქაელ ფორსელი (ჩელსი, ბირმინგემ სიტი) – 34; თურქეთი: მაზი იზეტი (ლესტერ სიტი, ბირმინგემ სიტი) – 34; კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა: ლომანა ლუალუა (ნიუკასლ იუნაიტედი, პორტსმუთი) – 24; საბერძნეთი: სტელიოს იანაკოპულოსი (ბოლტონ უონდერერსი) – 20
9 – ჩილე: ალექსის სანჩესი (არსენალი, მანჩესტერ იუნაიტედი) – 63; სამხრეთ აფრიკა: ბენი მაკართი (ბლექბერნ როვერსი) – 37; რუმინეთი: დან პეტრესკუ (შეფილდ უენსდი, ჩელსი, ბრედფორდ სიტი, საუთჰემპტონი) – 23
8 – ავსტრია: მარკო არნაუტოვიჩი (სტოკ სიტი, ვესტ ჰემ იუნაიტედი) – 43
7 – ბულგარეთი: დიმიტარ ბერბატოვი (ტოტენჰემ ჰოთსფური, მანჩესტერ იუნაიტედი, ფულემი) – 94; ეგვიპტე: მოჰამედ სალაჰი (ჩელსი, ლივერპული) – 61; კორეის რესპუბლიკა: ჰონ-მინ სო (ტოტენჰემ ჰოთსფური) – 44; კანადა: ტომაშ რაძინსკი (ევერტონი, ფულემი) – 35; სლოვაკეთი: შილარ ნემეტი (მიდლსბრო) – 23
6 – ტრინიდადი და ტობაგო: დუაიტ იორკი (ასტონ ვილა, მანჩესტერ იუნაიტედი, ბლექბერნ როვერსი, ბირმინგემ სიტი, სანდერლენდი) – 123; მექსიკა: ხავიერ ერნანდესი (მანჩესტერ იუნაიტედი, ვესტ ჰემ იუნაიტედი) – 53; ეკვადორი: ანტონიო ვალენსია (უიგან ატლეტიკი, მანჩესტერ იუნაიტედი) – 24; იაპონია: შინჯი ოკაზაკი (ლესტერ სიტი) – 14
5 – პარაგვაი: როკე სანტა კრუზი (ბლექბერნ როვერსი, მანჩესტერ სიტი) – 26; რუსეთი: ანდრეი კანჩელსკისი (მანჩესტერ იუნაიტედი, ევერტონი) – 42
4 – კოსტა რიკა: პაულო ვანჩოპე (დერბი ქაუნთი, ვესტ ჰენ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი) – 50; პერუ: ნოლბერტო სოლანო (ნიუკასლ იუნაიტედი, ასტონ ვილა, ვესტ ჰემ იუნაიტედი) – 49; გაბონი: პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი) – 39; უკრაინა: სერგეი რებროვი (ტოტენჰემ ჰოთსფური) – 10; საქართველო: თემურ ქეცბაია (ნიუკასლ იუნაიტედი) – 8; ტუნისი: რადი ჯაიდი (ბოლტონ უონდერერსი) – 8
3 – ბოსნია-ჰერცეგოვინა: ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი) – 50; ახალი ზელანდია: კრის ვუდი (ლესტერ სიტი, ბარნლი) – 25; ბენინი: სტეფან სესენიონი (სანდერლენდი, ვესტ ბრომვიჩ ალბიონი) – 25; უნგრეთი: ზოლტან გერა (ვესტ ბრომვიჩ ალბიონი, ფულემი) – 17; გვინეა: ტიტი კამარა (ლივერპული) – 9; მონტენეგრო: სტევან იოვეტიჩი (მანჩესტერ სიტი) – 8; ჰონდურასი: მეინორ ფიგუეროა (უიგან ატლეტიკი) – 4; პოლონეთი: იან ბედნარეკი (საუთჰემპტონი), რობერტ ვარჟიხა (ევერტონი), მარჩინ ვასილევსკი (ლესტერ სიტი) – 1
2 – ტოგო: ემანუელ ადებაიორი (არსენალი, მანჩესტერ სიტი,  ტოტენჰემ ჰოთსფური, კრისტალ პალასი) – 97; ლატვია: მარიანს პაჰარსი (საუთჰემპტონი) – 42; გრენადა: ჯეისონ რობერტსი (ვესტ ბრომვიჩ ალბიონი, პორტსმუთი, უიგენ ატლეტიკი, ბლექბერნ როვერსი) – 36; მონსერატი: რუელ ფოქსი (ნორვიჩ სიტი, ნიუკასლ იუნაიტედი, ტოტენჰემ ჰოთსფური) – 36; ვენესუელა: სალომონ რონდონი (ვესტ ბრომვიჩ ალბიონი, ნიუკასლ იუნაიტედი) – 35; ზიმბაბვე: პეტერ ნდლოვუ (ქოვენთრი სიტი) – 34; ბურუნდი: საიდო ბერაინო (ვესტ ბრომვიჩ ალბიონი) – 23; კონგო: კრისტოფერ სამბა (ბლექბერნ როვერსი) – 16; ბარბადოსი: ემერსონ ბოისი (უიგან ატლეტიკი) – 11; კურაშაო: ლეანდრო ბაკუნა (ასტონ ვილა) – 6; ირანი: აშკან დეჯეგა (ფულემი) – 5; ლიბერია: ჟორჟ ვეა (ჩელსი, მანჩესტერ სიტი) – 4; სლოვენია: რობერტ კორენი (ვესტ ბრომვიჩ ალბიონი, ჰალ სიტი) – 4; ჩინეთი: ჟიაი სუნი (მანჩესტერ სიტი) – 3; ანტიგუა და ბარბუდა: მიკელე ლეიგერტვუდი (კრისტალ პალასი, რედინგი) – 2
1 – გაიანა: კარლ კორტი (უიმბლდონი, ნიუკასლ იუნაიტედი, ვულვერჰემპტონ უონდერერსი) – 28; ბერმუდა: შონ გოატერი (მანჩესტრ სიტი) – 13; სომხეთი: გენრიხ მხითარიანი (მანჩესტერ იუნაიტედი, არსენალი) – 13; კენია: ვიკტორ ვანიამა (საუთჰემპტონი, ტოტენჰემ ჰოთსფური) – 10; გიბრალტარი: დენი ჰიგინბოტომი (დერბი ქაუნთი, საუთჰემპტონი, სანდერლენდი, სტოკ სიტი) – 9; ბელარუსი: ალექსანდრ ჰლები (არსენალი, ბირმინგემ სიტი) – 8; ჩრდილოეთ მაკედონია: გიორგი ხრისტოვი (ბარნსლი) – 4; ეკვატორული გვინეა: პედრო ობიანგი (ვესტ ჰემ იუნაიტედი) – 3; ანგოლა: მანუშო (ჰალ სიტი) – 2; ბურკინა ფასო: ბერტრან ტრაორე (ჩელსი) – 2; გამბია: მუდუ ბაროუ (სუონსი სიტი) – 1; ესტონეთი: რაგნარ კლავანი (ლივერპული) – 1; სენტ კიტსი და ნევისი: ბობი ბოური (კრისტალ პალასი) – 1; სიერა ლეონე: კეი კამარა (ნორვიჩ სიტი) – 1; კუბა: ონელ ერნანდესი (ნორვიჩ სიტი) – 1

 

*-პირველად აღნიშნულია გოლის გამტან ფეხბულთა რაოდენობა კონკრეტული ქვეყნიდან, შემდეგ კი იმ ქვეყნის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი, მისი კლუბების ჩამონათვალი და გოლების რაოდენობა

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 31 ოქტომბერი)

ka_GEGeorgian