პრეზენტაცია: რობერტ შავლაყაძე – ოლიმპიური სიმაღლე

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში წიგნის – რობერტ შავლაყაძე-ოლიმპიური სიმაღლე – პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნის ავტორი სპორტული ჟურნალისტი და პუბლიცისტი პაატა ნაცვლიშვილია. უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილი და უხვად ილუსტრირებული წიგნი საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ გამოიცა.

პრეზენტაციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, სამინისტროს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები, სპორტული ფედერაციების მესვეურები, ვეტერანი სპორტსმენები და გულშემატკივრები დაესწრნენ. სამინისტროში თავი მოიყარეს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დამფუძნებლებმა, ტოკიოს 1964 წლის ოლიმპიადის ჩემპიონმა, ფრენბურთელმა ვაჟა კაჭარავამ და გაზეთ ლელოს საპატიო რედაქტორმა თენგიზ გაჩეჩილაძემ. საგულისხმოა, რომ რობერტ შავლაყაძე, რომელიც 84 წლის გახლდათ, წიგნის ავტორთან, პაატა ნაცვლიშვილთან ერთად ასევე სეოკ-ის დაფუძნების მოთავე გახლდათ.

„საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ წლეულს რამდენიმე კარგი გამოცემით გაგვახარა, ეს წიგნი კი ხარისხით უდავოდ გამორჩეულია! თუმცა, ბატონი რობერტი და მისი სპორტული კარიერა ამაზე ნაკლები დონის გამოცემას, ასეთ ყოვლისმომცვლელ წიგნს ნამდვილად არ იმსახურებს.
ბატონი რობერტი ქართული სპორტის ლეგენდაა და ეს არ გახლავთ გადაჭარბებული სიტყვები. ის, რაც ჩვენმა საამაყო მძლეოსანმა რომის ოლიმპიადაზე მოახერხა, მხოლოდ გამორჩეულთა ხვედრია: ოლიმპიური ოქრო უძლიერეს ამერიკელ სპორტსმენებთან ორთაბრძოლაში მოიპოვა და თან, ოლიმპიური რეკორდით!
დარწმუნებული ვარ, იმ წლებში მძლეოსნობაში ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატები რომ ჩატარებულიყო, ბატონი რობერტის კარიერა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა!
მსურს ქართული სპორტის ყველა გულშემატკივარს მივულოცო ასეთი კარგი და მაღალი დონის გამოცემა, თანამედროვე სპორტსმენებს კი დიდი გამარჯვებები ვუსურვო, რათა წლების შემდეგ მათ შესახებაც გამოიცეს ასეთი კარგი წიგნები“, – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

წიგნის შესახებ ისაუბრეს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა მიხეილ აბაიშვილმა, პაატა ნაცვლიშვილმა, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა, სპორტულმა ჟურნალისტებმა თენგიზ რუხაძემ, დემიკო ლოლაძემ, გია გორგოძემ, თენგიზ გაჩეჩილაძემ. პრეზენტაციას სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, სპორტული ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე უძღვებოდა.

რობერტ შავლაყაძე რომის ოლიმპიადის ერთ-ერთი მთავარი სენსაციის ავტორია. ქართველმა მძლეოსანმა სიმაღლეზე ხტომაში გაიმარჯვა: მსოფლიოს 5-გზის რეკორდსმენს, ამერიკელ ჯონ თომასს და მის თანამემამულეს, წინა ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ ჩარლზ დიუმასს აჯობა! მეტიც – თავად დაამყარა ოლიმპიური რეკორდი და გააცამტვერა მითი ამერიკელთა უძლეველობის შესახებ!

სწორედ შავლაყაძე აღმოჩნდა ის პირველი ევროპელი სპორტსმენი, რომელმაც დაამხო ამერიკელთა მრავალწლიანი ჰეგემონია სიმაღლეზე ხტომაში და ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა!

ქართველი მძლეოსნის ტრიუმფის მეორე დღეს ნიუ იორკ თაიმსში ჯონ თომასის სანუგეშოდ დაბეჭდილ ამ სიტყვებს ამოიკითხავდით: „თომასი ჯერ ახალგაზრდაა, მომავალი წინ აქვს და მისთვის უკეთესია, თუ შეძლებს ამ მარცხის გმირულად გადატანას. ოღონდ, უნდა ახსოვდეს, რომ მსოფლიო დიდია და განუწყვეტლივ წარმოშობს ახალ შავლაყაძეებს“.

რომის ოლიმპიადის გარდა რობერტ შავლაყაძემ 1964 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი მოიგო, 1957-63 წლებში სოციალისტური ქვეყნების თამაშები, 1958-62 წლებში კი ძმები ზნამენსკების პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი. 1960 წელს ქართველ მძლეოსანს სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება მიენიჭა.

რობერტ შავლაყაძე ვახტანგ გორგასლის II ხარისხის, ღირსების და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენების კავალერია.

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2017 წლის 13 სექტემბერი)
ფოტო: www.msy.gov.ge

ka_GEGeorgian