პრეზიდენტი, ეშმაკები და 17

ეს მოწიფული მამაკაცი 66 წლის იტალიელი მილიონერი მასიმო ჩელინო გახლავთ, სერია კლუბ ბრეშას მფლობელი.
მისი კლუბი შავ დღეშია, ოცდახუთი ტურის შემდეგ ბოლოსწინა, მეცხრამეტე ადგილზეა და სერია ში დაქვეითება ემუქრება.

წელს ბრეშამ ყველა, ხუთივე თამაში წააგო და ჩელინომაც ჩათვალა, რომ საკლუბო ბაზაზე ეშმაკმა დაისადგურა. შავი ძალების განსადევნად პრეზიდენტმა მღვდელი მიიწვია. სასულიერო პირმა ცდა არ დააკლო, გასახდელებიც აკურთხა და სავარჯიშო მოედანიც, მაგრამ მეორე დღეს ანუ გუშინ, ბრეშას ბენევენტომ აჯობა – 1:0.

რას მოიმოქმედებს ჩელინო ზედიზედ მეექვსე წაგების შემდეგ არ ვიცი, მაგრამ ამ ამბავმა დაახლოებით ოცი წლის წინანდელი ქართული ისტორია გამახსენა, როცა არცთუ კარგ დღეში მყოფი ერთი გუნდის მწვრთნელმა ფეხბურთელები და თანაშემწეები ტაძარში წაასხა და ცუდი დროების დასასრულებლად გუნდის სახელით ცხვარიც შესწირა. უნდა ვთქვა, რომ იმ ქართველ მწვრთნელს არაფერი ეშველა, პირიქით, ცოტა ხანში თანამდებობა დაატოვებინეს.

ჩელინო პრეზიდენტია და მას არავინ გაუშვებს, მაგრამ მის უცნაურ გამოხტომებს არაფერი ეშველება. ცნობილია, რომ რიცხვი 17 იტალიაში უიღბლოდ ითვლება, ჩელინო კი ასეთ ამბებს დიდ ყურადღებას აქცევს და სწორედ ამის გამო თავის კლუბებში მე-17 ნომრით არავის ათამაშებს. ეგ კი არა, მისი ბრძანებით კალიარის და ბრეშას სტადიონებზე ყველა რიგის მე-17 ადგილი 16ბ-ედ გადაკეთდა.

მომდევნო ტურში, 25 თებერვალს, ბრეშა ბარის მასპინძლობს, ბარიში კი, მოგეხსენებათ, წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედია დაკრძალული. ჰოდა მგონია, რომ ჩელინოს ბიჭებს არც ბარის ძლევა გაუადვილდებათ…

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 19 თებერვალი

ka_GEGeorgian