პრეზიდენტის სათამაშო
გახსოვდეს: ხის სიმაღლე მიწის ზემოდან კი არ იზომება, არამედ მისი ფესვებიდან…
ფილმი, სადაც ეს ფრაზა ისმის, მგონი ყველას გვინახავს.
წუხელ, ევროპის დასალიერში დინამოს საცოდაობას რომ ვუყურებდი, „ფესვები“ და დოდო აბაშიძის კინოგმირის ეს სიტყვები გამახსენდა.
ჩემთვის ქართული ფეხბურთი პირველ რიგში თბილისის დინამოა და მერე სხვა დანარჩენი, მათდამი პატივისცემის მიუხედავად.
დინამოა ის მთავარი ფესვი, რაზეც აღმოცენდა და დგას ჩვენი ფეხბურთი. ავად თუ კარგად, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ვერავინ უარყოფს, რომ ჯერ იყო თბილისის დინამო და მხოლოდ მერე – ქუთაისის ტორპედო, ბათუმის დინამო, სამტრედია, ზესტაფონი, თბილისის ამერი, ვიტ ჯორჯია და ლოკომოტივი, სხვები და სხვები…
ათწლეულების წინ დათესილს თუ არ მოუარე, რა შეგრჩება? ხე გახმება, შეშად ქცეულს ბუხარში შეანთებენ და დაიფერფლება, ახლის გაზრდას კი ათწლეულები დასჭირდება. თუ გაიზარდა საერთოდ…
საფეხბურთო გუნდი მხოლოდ ბავშვთა აკადემიის კეთილმოწყობით, საკლუბო ბაზის კაპიტალური რემონტით და წლიდან წლამდე თანხის ხარჯვით არ კეთდება.
ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ მთავარი საქმის სიყვარულია, რაც გაქვს, ან არ გაქვს. დინამოს პატრონს კლუბი რომ უყვარდეს და მისი მომავალი აღელვებდეს, გუნდში მისვლისთანავე შეიმუშავებდა გეგმას, გვერდით დაიყენებდა პროფესიონალებს და ასე განავითარებდა კლუბს. შესაბამისად, გუშინდელ სირცხვილს ან მის მსგავსს უბრალოდ გამორიცხავდა.
მაგრამ კარგა ხანია მივხვდი, რომ რომან ფიფიას დინამო არ უყვარს. და დიდი ხანია მას გუნდი ტვირთად ექცა.
მისთვის დინამო „პრესტიჟული“ სათამაშო იყო, ერთგვარი ძვირფასი რუბიკის კუბიკი, რომელსაც მისდა სამწუხაროდ თავი-ბოლო ვერ გაუგო, ვერ ააწყო და დღეს უკვე ვერც ელევა.
რომან ფიფიას და მის გუნდს კლუბის განვითარების გეგმა რომ არ აქვს, ამას შედეგები, მწვრთნელთა მუდმივი ცვლა, მენეჯერ/დირექტორების მიდი-მოდი და ბევრი გაუგებარი ტრანსფერი ადასტურებს.
ბატონი ფიფია 2011 წლიდან ფლობს თბილისის დინამოს. რამდენიმე წელიწადია კლუბის ბიუჯეტს ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამით მიღებული სოლიდური თანხითაც ავსებს, მაგრამ მისი პრეზიდენტობის 9 წლის თავზე დინამო მაინც არ არის გუნდი.
დინამო არაა გუნდი, რადგან მას ფლობს კაცი, ვინც სხვა საქმეში და ასპარეზზე ეგებ წარმატებულია, მაგრამ საფეხბურთო მეურნეობისა ვერაფერი გაიგო.
ისეთ ბიჭებს მოვიყვანთ, ყველას გავაოცებთ…
ახლა თუ არა, ნახევარ წელიწადში მაინც…
ექვს თვეში თუ არა, გაისად…
დრო კი გარბის: უეფამ ჩემპიონთა და ევროპალიგის ფორმატები შეცვალა, დინამო და მისი მსგავსი კლუბები ჯგუფურ ეტაპზე შედარებით იოლად რომ მოხვდნენ.
ევროფეხბურთის მმართველი სახლის ინიციატივით არაერთმა ისარგებლა. შორს ნუ გავიხედავთ – ბორისოვოს ბატეს მაგალითიც გამოდგება, ბელარუსული კლუბი წლიდან წლამდე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში იყო და გვარიანი აქტივიც დააგროვა. აზერბაიჯანის კლუბებმა ითამაშეს ევროპალიგის ჯგუფში, ლუქსემბურგელებმა…
დინამო?
აქტობე, გაბალა, პაოკი, დუნაისკა სტრედა, ტირანა…
„დიდებული“ ჩამონათვალი გუშინ ფარერის კუნძულების კლაკსვიკმა გააგრძელა ისტორიული 6:1-ით.
ამ ნაკლებად ცნობილმა კლუბებმა დაიბრიყვეს დინამო და აბა ტოტენჰემ ჰოთსფური, სტიაუა, აეკი, ზაგრები და ფეიენოორდი მათთან რა სახსენებელია?!
თუ დინამო უშანსოდ აგებდა ძლიერებთან, დღეს უკვე განწირულია ფარერის კუნძულების გუნდთანაც.
კრახი!
კატასტროფა!
მარაზმი!
ფსკერი!
სირცხვილი!
ამ ქებათა ქებას, მჯერა, თქვენც იოლად გააგრძელებთ…
ვინც ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენის საკონფერენციო დარბაზში შესულა, მართლა მაგარი დინამოელების მოგებულ უამრავ თასსაც ნახავდა.
რამდენჯერაც იქ შევდივარ, ჩავუვლი ხოლმე მაგიდებზე სასხვათაშორისოდ „გამოფენილ“ ჯილდოებს და გული მწყდება, რადგან დინამოს წარსული და გამარჯვებები ასეთ დაუფასებლობას არ იმსახურებს.
საკლუბო მუზეუმის მოწყობას განა რა უნდა, რომ საშველი ვერ დაადგა? თითქოს დაიგეგმა, ჩემი კოლექციის გადამკიდე, მეც შემეხმიანნენ წლების წინ, მაგრამ სიტყვა საქმედ ვერ იქცა.
აღარც მახსოვს რამდენი გუნდის მუზეუმი მინახავს. გრანდებზე, ბარსელონა-მილან-აიაქსზე რომ არაფერი ვთქვა, 15 წლის წინ დაარსებულ ტაშკენტის ბუნიოდკორს გუშინ და გუშინწინ მოგებული ბროლის თასების მეტი არაფერი აქვს გამოფენილი და ამ დროს დინამოს ძველისძველი ჯილდოები ტილოგადაფარებულ მაგიდებზე იმტვერება.
შენ, კლუბის წარმატებაზე მეოცნებე პრეზიდენტმა ახლავე თუ არ გააგებინე მომავალ ფეხბურთელებს, რას ნიშნავს თბილისის დინამო და ვის უთამაშია თეთრ-ლურჯი მაისურით, წლების მერე, დიღმის საწვრთნელი ბაზის კარს რომ შემოაღებენ 16-17 წლის ბიჭები, ყველაფერი ძალიან გვიანი იქნება.
ხის სიმაღლე მიწის ზემოდან კი არ იზომება, არამედ მისი ფესვებიდან.
ვეჭვობ, რომ დინამოს პატრონს ეს შეგონება ახსოვდეს.
დინამოს გუშინდელი სირცხვილი პირველ რიგში მისი ბრალია.
ლაშა გოდუაძე (2020 წლის 25 სექტემბერი)
ფოტო: დინამო თბილისი