პრინცი და ფინალი

იაპონია 2019-ის დასკვნით მატჩს, რაგბის მსოფლიო თასის ფინალს სასექსის ჰერცოგი, პრინცი ჰარიც დაესწრება. ეს ინფორმაცია ბაკინგემის სასახლის პრესცენტრმა დაადასტურა.

უებ ელისის თასის ახალი მფლობელი ინგლისის და სამხრეთ აფრიკის ნაკრებთა შეხვედრაში 2 ნოემბერს, იოკოჰამაში გამოვლინდება.

პრინცი ჰარი ინგლისის რაგბის კავშირის პატრონად ითვლება. 2003 წელს, როცა მისმა თანამემამულეებმა თასი მოიგეს, გუნდისთავს ჯილდო სწორედ მან გადასცა. 4 წლის წინ, თვიქნემზე გამართული ფინალის შემდეგ, ახალზელანდიელთა კაპიტანი რიჩი მაკქოა უებ ელისის თასით ასევე პრინცმა ჰარიმ დააჯილდოვა.

ჰარის ძმა, კემბრიჯის ჰერცოგი პრინცი უილიამი უელსის რაგბის კავშირის პატრონია. უელსელები ნახევარფინალში სწორედ სამხრეთაფრიკელებთან დამარცხდნენ. პრინცი უილიამი იოკოჰამაში ჩასვლას არ გეგმავს.

ინგლისის ნაკრები 2007 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს მსოფლიო თასის ფინალში. ინგლისი დღემდე ერთადერთი ევროპული გუნდია, რომელსაც რაგბის მთავარი ჯილდო მოუგია.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 29 ოქტომბერი)

ka_GEGeorgian