პსჟ, მბაპე და 10 ამბავი

ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა და თან როგორ: მერვედფინალის პირველ მატჩში წუხელ ბარსა კამპ ნოუზე 1:4 განადგურდა პარი სენ-ჟერმენთან!
რამდენიმე წლის წინ, როცა პარიზელებმა კატალონიელები შინ 4:0 გაანადგურეს, ლამის ყველამ დაწერა, რომ წყვილის გამარჯვებული პირველი შეხვედრის შემდეგ გაცხადდა. მაგრამ მაშინ ბარსამ სასწაული მოახდინა – საპასუხო თამაში 6:1 მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ახლა, სიმართლე რომ ვთქვა, იგივეს შანსი მიზერულია. მაურისიო პოჩეტინოს პსჟ გაცილებით კარგი გუნდია ვიდრე ბარსა, ლეო მესი კი მარტო ნაღდად ვერაფერს გახდება. არგენტინელი კი ამ ბარსაში მართლა მარტოა.
მოკლედ, დიდებული თამაში იყო, რომელმაც ბევრი საინტერესო ამბავი დაიტია:

1: პარი სენ-ჟერმენი პირველი ფრანგული კლუბია, რომელმაც ბარსას ჩემპიონთა ლიგაში მისსავე მოედანზე სძლია.
კამპ ნოუზე ფრანგული კლუბების წინააღმდეგ აქამდე გამართული 10 თამაშიდან ბარსელონამ 8 მოიგო, 2ჯერ კი ფრედ ითამაშა.

2: ჩემპიონთა თასზე და ლიგაში ასპარეზობის ისტორიაში ბარსელონამ პირველად წააგო ზედიზედ 2 საშინაო თამაში. გემახსოვრებათ: ჯგუფური ტურნირის უკანასკნელ შეხვედრაში იუვენტუსმა კატალონიელებს 3:0 აჯობა.
ამავდროულად: ბარსამ ხსენებულ ტურნირში ზედიზედ 2 საშინაო მატჩში პირველად გაუშვა მინიმუმ 3 გოლი.

3: პარი სენ-ჟერმენმა ესპანურ კლუბთან ლიგის ფლეი-ოფში გასვლაზე ისტორიაში მეორედ გაიმარჯვა.
2013 წლის თებერვალში პარიზელებმა ვალენსიას მესტალიაზე სძლიეს – 2:1.

4: პსჟმ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მე20 საგარეო მატჩში გაიტანა გოლი და ეს მე2 საუკეთესო შედეგია ტურნირის ისტორიაში. რეკორდი მადრიდის რეალს ეკუთვნის – 22 თამაში.

5: მაურისიო პოჩეტინოს გუნდი გახდა მხოლოდ მე2 ფრანგული კლუბი, რომელმაც ბარსას ევროპის საკლუბო ტურნირების ეგიდით (1955 წლიდან) კამპ ნოუზე მოუგო.
ცნობისათვის: თასების მფლობელთა თასის 1984-85 წლების გათამაშებაში, 1984 წლის ოქტომბერში, მეცმა კამპ ნოუზე 4:1 გაანადგურა ბარსა.

6: კილიან მბაპე პირველია, რომელმაც ლიგის ფლეი-ოფში ბარსას ჰეთ-თრიქი შეუსრულა!

7: მბაპე მე3 მოთამაშეა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში ბარსელონის წინააღმდეგ ჰეთ-თრიქი შეასრულა.
პირველი 2 შემთხვევა 1997 წელს დაფიქსირდა, ჯგუფურ ტურნირში. ჯერ ნიუკასლ იუნაიტედის კოლუმბიელმა შემტევმა ფაუსტინო ასპრილიამ დასაჯა ესპანელები 3ჯერ, შემდეგ კი კიევის დინამოს ამომავალმა ვარსკვლავმა ანდრეი შევჩენკომ.

8: ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში მბაპეს უკვე 10 გოლი დაუგროვდა და ამ მხრივ მე3 საუკეთესო ფრანგი გოლეადორია კარიმ ბენზემას (18) და ტიერი ანრის (12) შემდეგ.

9: პარიზული კლუბის მაისურით 22 წლის კილიან მბაპემ უკვე 110 გოლი გაიტანა და ყველა დროის გოლეადორთა სიაში მე3 ადგილზე აინაცვლა – 109 გოლის გამტან პორტუგალიელ პედრუ პაულეტას გადაასწრო.
მბაპეზე წინ მხოლოდ 2 შემტევი დგას: ურუგვაელი ედინსონ კავანი 200 გოლით და ზლატან იბრაჰიმოვიჩი, 156.

10: ლეო მესიმ ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მე17 წელს მოახერხა გოლის გატანა და გუშინდელი ზუსტი პენალტით რეალის ერთ-ერთ ლეგენდას რაულს გაუთანაბრდა.
სამეფო კლუბის შემტევი 1995 წლიდან 2011 წლის ჩათვლით მინიმუმ ერთი ლიგური გოლით ასრულებდა წელიწადს.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 17 თებერვალი)
ფოტო: UEFA.com

ka_GEGeorgian