ქალთა ნაკრები ვიცე-ჩემპიონია

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ბათუმში გამართული ევროპის გუნდური ჩემპიონატი II ადგილზე დაასრულა. ოქროს მედლებს როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა შორის რუსეთის გუნდები დაეუფლნენ.

ნანა ძაგნიძემ I, ხოლო მერი არაბიძემ IV დაფაზე საუკეთესო შედეგისთვის მცირე ოქროს მედლები მიიღეს. ლელა ჯავახიშვილს (III დაფა) მცირე ბრინჯაოს მედალი ერგო. ვაჟთა შორის II დაფაზე მესამე საუკეთესო შედეგი აჩვენა ივან ჩეპარინოვმა, რომელიც ბრინჯაოთი დაჯილდოვდა.

საქართველოს ქალთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონის ტიტული ერთხელ, 1997 წელს ხორვატიის ქალაქ პულაში მოიგო. 1992 (დებრეცენი, უნგრეთი), 2005 (გიოტებორგი, შვედეთი), 2009 (ნოვი სადი, სერბეთი) და 2017 (კრეტა, საბერძნეთი) წლებში, ისევე როგორც ახლა, II ადგილზე გავიდა, 2001 (პორტო-კარასი, საბერძნეთი) და 2015 (რეიკიავიკი, ისლანდია) წლებში კი III ადგილი დაიკავა.

ვაჟთა გუნდის საუკეთესო შედეგი ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში დაკავებული III ადგილია.

ბათუმმა ევროპის გუნდურ ჩემპიონატს 1999 წლის შემდეგ მეორედ უმასპინძლა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 4 ნოემბერი)

ka_GEGeorgian