ქართული ევროსეზონის ბოლო

გუშინ, 17 აგვისტოს, ბოლო ქართულმა კლუბმა დაასრულა 2023-2024 წლების ევროსეზონი: გორის დილა მეორე შეხვედრაშიც დამარცხდა ნიქოზიის აპოელთან.
ჩვენი საკლუბო ფეხბურთი რომ ფსკერზეა, ამაზე ივლისაგვისტოს ევრომატჩებიც მიგვითითებსსაქართველოს ოთხი საუკეთესო კლუბი თვენახევარში დაემშვიდობა ევროასპარეზს.

არადა, ოცდაათი წლის წინ, 1993 წლის 18 აგვისტოს, როცა თბილისის დინამომ პირველად ითამაშა ევროტურნირზე საქართველოს სახელით, ვერც წარმოვიდგენდი, რომ დებიუტიდან სამი ათეული წლის შემდეგ ჩვენ გუნდებს ასეთი კატასტროფული ევროშედეგები ექნებოდათ.

ოცდაათი წლის წინ მეგონა, რომ ორ-სამ წელიწადში დინამო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ითამაშებდა და გრანდებთან გამარჯვებებით გამახარებდა. სადაც კიევის დინამო, იქვე თბილისისაც-მეთქი, ჩემთვის ვფიქრობდი…

ყველაფერი, მათ შორის იმ დინამოს ხელმძღვანელთა დაპირება, ოცნების გუნდს ვაშენებთო, მტკნარი ტყუილი აღმოჩნდა.

ყველაზე შემზარავი კი ისაა, რომ ამ ოცდაათ წელიწადში, შედეგებთან ერთად, კლუბების მესვეურთა ამბიციებიც დაკნინდა: მაშინ ოცნების გუნდებს გვპირდებოდნენ, დღეს კი ავღანელი(!) ლეგიონერით „ძლიერდებიან“…

2020 წელს თბილისის დინამო ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე 1:6 განადგურდა ფარერის კუნძულების კლაკსვიკთან. გუშინდელივით მახსოვს: სირცხვილნაჭამი კლუბის პრეზიდენტი რამდენიმე დღეში ერთ-ერთ სპორტულ გადაცემას ეწვია და ყველას დაგვპირდა, გვაპატიეთ ეს ამბავი, ჩვენთვისაც მძიმეა, სამაგიეროდ ახლა, ამ დღიდან დავიწყებთ სამწლიან პროექტს, რომლის შედეგებით ყველა გავიხარებთო.

ამ სამი წლის განმავლობაში დინამომ რამდენიმე მწვრთნელი და ათეულობით ფეხბურთელი გამოიცვალა და მორიგი ევროსეზონი მალტის ჰამრუნ სპარტანსთან ორი წაგებით დაამთავრა.

იმ კლაკსვიკმა კი ივლის-აგვისტოში ჩემპიონთა ლიგაზე ჯერ უნგრეთის ფერენცვაროშს მოუგო, შემდეგ შვედეთის ჩემპიონს, სულ ცოტა დააკლდა ნორვეგიის მიოლდეს დასამარცხებლად და ახლა ევროპალიგის ფლეი ოფშია, ტირასპოლის შერიფს ხვდება. თუ ფარერელებმა მოლდოველები შეაჩერეს, ჯგუფში ითამაშებენ.

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 18 აგვისტო

ka_GEGeorgian