ქართული კინომუსიკის შედევრები

ქართული კინომუსიკის შედევრები – ასე ჰქვია პროექტს, რომლითაც მაგთიმ საქართველოში ოპერირების 25 წლის იუბილე აღნიშნა.
ლამის ორსაათნახევრიანი კონცერტი ნიკოლოზ რაჭველმა და ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა მოამზადა თეონა ჯორბენაძესთან ერთად და უნდა ვთქვა, რომ ის დიდებული იყო!

ფილმები, რომელთა მუსიკაც მოვისმინეთ გუშინ ფილარმონიაში შეკრებილებმა, ყველას არაერთხელ გვინახავს, მაგრამ გია ყანჩელის, რევაზ ლაღიძის, გოგი ცაბაძის, ბიძინა კვერნაძის და არაერთი სხვა ქართველი კომპოზიტორის საქვეყნოდ ცნობილი ნაწარმოებების დიდ სცენაზე გაცოცხლება მაინც სხვანაირად სისამოვნო გამოდგა.

წლების წინ, როცა მაგთისვე მხარდაჭერით იმავე გუნდმა მსოფლიო კინომუსიკის შედევრები წარმოგვიდგინა, ვინატრე, ნეტა მსგავსი ქართულ კინომუსიკაზეც გაკეთდეს-თქო და აგერ ბატონო, დიდებული საჩუქარი მე და ჩემნაირებს (ჩვენ ხომ ძალიან ბევრნი ვართ).

ზღაპრული იყო! ამიტომ მადლობა პროექტის ყველა სულისჩამდგმელს, ასევე დიდებულ შემსრულებლებს ნატო მეტონიძეს, ეკა მამალაძეს, ლიზა ბაგრატიონს, ნინო ქათამაძეს… განსაკუთრებით ჩემს საყვარელ ცისფერ ტრიოს…

ბოლო აკორდი, ლამის ცხრაწუთიანი კომპოზიცია ბექა გოჩიაშვილის, გიორგი ცაგარელის და ოსკესტრის შესრულებით, კონცერტის გვირგვინი იყო და ნამეტანი ხმამაღლა ნათქვამად თუ არ მოგეჩვენებათ, ნიჭის ზეიმად აღვიქვი. არანაკლებ მესიამოვნა ისიც, რომ ნიკამ კონკრეტულად ეს ნომერი უკრაინაში თავისუფლებისთვის მებრძოლ თითოეულ ადამიანს მიუძღვნა.

მსოფლიო კინომუსიკის შედევრები, პრემიერის შემდეგ, კიდევ 29-ჯერ დაიდგაო, გვითხრა დამშვიდობებამდე ნიკამ და იმედი გამოთქვა, რომ ეს პროექტიც დღეგრძელი იქნება. სხვანაირად უბრალოდ ვერ წარმომიდგენია – ქართული კინომუსიკის შედევრები წარმატებისთვისაა შექმნილი.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 22 სექტემბერი)

ka_GEGeorgian