ქართული კრივის ევროტრიუმფი

ერევანში გუშინ დამთავრებული მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრების სრული ტრიუმფით დასრულდა: 3 ოქროს მედალი, ერთი ვერცხლი და გუნდური პირველი ადგილი!
სომხეთის დედაქალაქში ჩემპიონები გახდნენ სახილ ალახვერდოვი (48კგ), არტუშ გომციანი (60კგ) და გიორგი ყუშიტაშვილი (86კგ), ხოლო ლაშა გურულმა (67კგ) ვერცხლი მოიგო.
კონტინენტის პირველობაში 39 ქვეყანა მონაწილეობდა, თუნდაც ერთი მედალი კი ოცმა ნაკრებმა მოიპოვა.

ჩვენი კრივის ისტორიაში ქართველმა სპორტსმენებმა პირველად იასპარეზეს ევროპის ჩემპიონატის ოთხ ფინალში და ასევე პირველად იზეიმა ჩემპიონობა ერთზე მეტმა მოკრივემ! ამ ისტორიული ამბების გარდა კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა და ყველაფერს თანმიმდევრობით ჩამოვწერ:

1: 1993 წლის შემდეგ საქართველოს პირველად ჰყავს კრივში ევროპის ჩემპიონი. 29 წლის წინ, ბურსაში (თურქეთი), ოქროს მედალს გიორგი კანდელაკი (91კგ) დაეუფლა.
პირველი ქართველი კი, ვინც სპორტის ამ სახეობაში მოიგო ევროპირველობა, დავით კვაჭაძეა (81კგ), ვინც 1977 წელს
დასავლეთ გერმანიის ქალაქ ჰალეში გახდა ევროპის ჩემპიონი.

2: ქართული კრივის ისტორიაში ნაკრებმა მეორედ დაასრულა ევროპირველობა 4 მედლით.
1993 წელს, თურქეთის ქალაქ ბურსაში ჩემპიონობა იზეიმა გიორგი კანდელაკმა (91კგ), რამაზ ფალიანი (57კგ) და აწ გარდაცვლილი ზურაბ სარსანია (+91კგ) ფინალში დამარცხდნენ, პაატა გვასალია (60კგ) კი ბრინჯაოს დაეუფლა.

3: ერევანში ტრიუმფის შემდეგ ქართული კრივის აქტივში 5 ევროოქროა და ამ შედეგით კრივმა წყალბურთს (3), თანამედროვე ხუთჭიდს (3) და ბატუტზე ხტომას (4) გადაუსწრო.
თუ წინ მდგომ სხვა სახეობებში მხოლოდ პირადი პირველობის ევროოქროებს დავითვლით, მაშინ კრივი ტყვიის სროლაზე (6 ოქრო, აქედან 4 პირადში), მშვილდოსნობაზე (11, 2), სასტენდო სროლაზე (14, 2) და კალათბურთზეც (14) წინ დგას.

4: ქართველმა სპორტსმენებმა წელს ევროპის ჩემპიონატებზე უკვე 7 ოქროს მედალი მოიგეს, რაც საუკეთესო შედეგია 2016 წლის შემდეგ. მაშინ 8 ქართველმა იზეიმა ევროჩემპიონობა და ერთ კალენდარულ წელიწადში.
ევროპირველობაზე მოგებული 8 ოქროს მედალი ქართული სპორტის რეკორდია. 2016 წლის გარდა ასეთი მაღალი შედეგი სულ ორჯერ დაფიქსირდა – 1989 და 1987 წლებში.

5: წელს მოგებული 7 ევროოქრო სახეობების მიხედვით ასე ნაწილდება: კრივი – 3, ძიუდო – 2, ბერძნულ-რომაული და თავისუფალი ჭიდაობა.

6: ერევნის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ქართული კრივის აქტივში 22 მედალია – 5 ოქრო, 7 ვერცხლი, 10 ბრინჯაო. სპორტის სახეობების მიხედვით ეს მეხუთე საუკეთესო შედეგია ძიუდოს, ჭიდაობების და ძალოსნობის შემდეგ.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 31 მაისი)
ფოტო: საქართველოს კრივის ფედერაცია

ka_GEGeorgian