ქართული სპორტის მუზეუმის ოლიმპიური გამოფენა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზმა ოლიმპიურ გამოფენას უმასპინძლა, რომელიც ქართული სპორტის მუზეუმის თანადგომით განხორციელდა.
ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილეები აკაკი ლოდია, შალვა გოგოლაძე, რევაზ ჯაველიძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ხაბარელი, 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი, ოლიმპიური ჩემპიონები რომან რურუა და ქეთევან ლოსაბერიძე, ოლიმპიური თამაშების მედალოსანი ნაძეჟდა ხნიკინა-დვალიშვილი, მსოფლიოს ჩემპიონები გურამ საღარაძე და მიხეილ გიორგაძე, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, ვეტერანი სპორტსმენები, გარდაცვლილ სპორტსმენთა ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დაესწრნენ.
ოლიმპიური გამოფენის ეგიდით სტუმრებმა საქართველოს ეროვნული არქივის ფოტომასალა და დოკუმენტები, ასევე ქართული სპორტის მუზეუმში დაცული სხვადასხვა ნივთები იხილეს: ტანმოვარჯიშე მედეა ჯუღელის და ძიუდოისტ ლაშა შავდათუაშვილის ოლიმპიური სამოსი; მშვილდოსან ქეთევან ლოსაბერიძის მშვილდი; ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძის მიერ 1988 წელს სეულში მოგებული ოლიმპიური მედლები; ოლიმპიელთა სამკერდე ნიშნები; კალათბურთელ ზურაბ საკანდელიძის ოლიმპიური ოქროს მედალი და პრიზი; მძლეოსან ვიქტორ სანეევისთვის გადაცემული XX საუკუნის საუკეთესო ქართველი მამაკაცი სპორტსმენის ჯილდო; ძალოსნების რაფაელ ჩიმიშკიანის და გიორგი ასანიძის თასები; ჩოგბურთელ ლელა მესხის ჯილდო; წყალში მხტომელი სერგო შალიბაშვილისთვის გადაცემული ოლიმპიური გვირგვინი; მოჭიდავე დავით ციმაკურიძის, კალათბურთელების ნოდარ ჯორჯიკიას და ლევან მოსეშვილის ოლიმპიური მედლები; ასევე მუზეუმში დაცული ოლიმპიური მოძრაობის შესახებ გამოცემული ლიტერატურა.
„პირველ რიგში მსურს უდიდესი მადლობა გადავუხადო ამ გამოფენის ორგანიზატორებს – საქართველოს ეროვნულ არქივს და ქართული სპორტის მუზეუმს, რომლებმაც სპორტის გულშემატკივრებს მართლაც რომ შესანიშნავი საჩუქარი უძღვნეს. მსურს გულითადი მადლობა ვუძღვნა ყველა ვეტერან სპორტსმენს, ასევე ჩვენი სასახელო სპორტსმენების ოჯახის წევრებს, რომლებმაც აქ მობრძანებით თავიანთი მეუღლეების და მშობლების ხსოვნას პატივი მიაგეს. დამეთანხმებით, შესანიშნავი გამოფენაა და მოხარული ვარ, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით და ქართული სპორტის მუზეუმის კეთილი ნებით, ეს გამოფენა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე გააგრძელდება“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
„ახლა, როცა ყველა ჩვენგანი, სპორტის ყველა გულშემატკივარი რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადას ელის და ქართველი სპორტსმენების წარმატებაზე ოცნებობს, ეს გამოფენა მართლაც რომ შესანიშნავი საჩუქარი გამოდგა თითოეული ჩვენგანისთვის. საქართველოს უამრავი დიდებული სპორტსმენი ჰყავს და დარწმუნებული ვარ, წლევანდელი ოლიმპიადის შემდეგ მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. მსურს მადლობა გადავუხადო ქალბატონ თეას, იუსტიციის სამინისტროს, ეროვნულ არქივს და მის მესვეურებს, ასევე ქართული სპორტის მუზეუმს ამ შესანიშნავი გამოფენის ორგანიზებისთვის“, – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
ზაფხულის XXXI ოლიმპიადა ბრაზილიის ქალაქ რიო დე ჟანეიროში 5 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნება და 21 აგვისტოს დასრულდება. მასში საქართველოს ოლიმპიური გუნდი რეკორდულად ბევრი, 40 სპორტსმენით იასპარეზებს.
ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2016 წლის 2 აგვისტო)
ფოტო: ქართული სპორტის მუზეუმი