ქართული სპორტის მუზეუმში ვეტერანი სპორტსმენები გაიხსენეს

დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მდებარე ქართული სპორტის მუზეუმში ვეტერანი სპორტსმენებისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა. ღონისძიება მუზეუმის 50 წლის იუბილეს ფარგლებში შედგა.

„ქართული სპორტის მუზეუმი წლეულს 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. ვცდილობთ არ გამოგვრჩეს მნიშვნელოვანი თარიღები და ჯეროვანი ყურადღება დავუთმოთ ყველა ღირსახსოვარ მოვლენას. ეს შეკრებაც ამ მისიას ეხმიანება. წლეულს არაერთი გამორჩეული სპორტსმენისა და მოღვაწის იუბილეა: 130 წელი სრულდება გიორგი ეგნატაშვილის დაბადებიდან, 90 წელი შეუსრულდებოდა ლეგენდარულ ქართველ მსახიობსა და კომენტატორს ეროსი მანჯგალაძეს, 100 წელი გაიოზ ჯეჯელავას, ასევე ვიზეიმებდით ზურაბ საკანდელიძის, ავთანდილ ქორიძის, თეიმურაზ სტეფანიას, თამაზ ანთაძის, ალექსანდრე ფიოდოროვის და კიდევ არაერთი სპორტსმენის და მოღვაწის იუბილეს, თუმცა სამწუხაროდ, ისინი ჩვენს შორის აღარ არიან. ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის და გპირდებით, რომ მუზეუმში ასეთი შეხვედრები და მიღებები კვლავ გაიმართება“, – განაცხადა ქართული სპორტის მუზეუმის ხელმძღვანელმა ნანა მიქაძემ.

„იცით, ვუყურებ ამ ფოტოებს, ვიხსენებ ამ მართლა ძალიან მაგარ ბიჭებსა და კაცებს და გული მწყდება, რომ ისინი დღეს ჩვენ გვერდით აღარ არიან. დიდი მადლობა ქართული სპორტის მუზეუმს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ამ ლამაზი მიღებისთვის“! – განაცხადა ვეტერანმა მოჭიდავემ, მსოფლიოს ჩემპიონმა გურამ საღარაძემ.

მიღებას გარდაცვლილი სპორტსმენების ოჯახის წევრები, ვეტერანი ფეხბურთელები ალექსანდრე ჩივაძე, რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა, ოთარ გაბელია, სერგო კუტივაძე, ოლიმპიური ჩემპიონი ქეთევან ლოსაბერიძე და პრიზიორები მაია აზარაშვილი, ნიკოლოზ დერიუგინი, ოთარ ქორქია, ასევე გულშემატკივრები და ჟურნალისტები დაესწრნენ.

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა გია გორგოძემ სტუმრებს იმ გამოცემების თუ ფილმების შესახებ უამბო, რომელიც სსჟა-ს ეგიდით მომზადდა, ხოლო ქართული სპორტის მუზეუმის მცველმა ლილი ლომსაძემ მუზეუმის საქმიანობა შეაჯამა და 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 17 აპრილი)

ka_GEGeorgian