ქართველი დიდების დარბაზში

ხვიჩა კვარაცხელიას იტალიური აღიარება ხომ სასწაული ამბავია, მაგრამ გუშინ შვეიცარიიდან კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვამცნეს და ისიც დიდ ყურადღებას იმსახურებს, რადგან არანაკლებ სასიამოვნოა: კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის – FIBA – დიდების დარბაზს აგვისტოში ათი დიადი სახელი შეემატება და მათ შორის ზურაბ საკანდელიძე.

საზეიმო ცერემონია მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ორი დღით ადრე, 23 აგვისტოს, FIBA-ს კონგრესის დასრულების შემდეგ გაიმართება ფილიპინების დედაქალაქ მანილაში.

ზურაბ საკანდელიძე კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის დიდების დარბაზის პირველი ქართველი წევრი გახდება. FIBA-ს მხრიდან ეს ქართველის მეორე დიდი აღიარებაა. 1991 წელს ამ ორგანიზაციამ ყველა დროის უდიდეს ორმოცდაათ მოთამაშეს შორის ლეგენდარული ოთარ ქორქია დაასახელა.

FIBA-მ კალათბურთის დიდების დარბაზი 1991 წელს დააფუძნა, თუმცა მისი პირველი წევრები მხოლოდ 2007 წელს დაასახელა. სადღეისოდ მსოფლიო კალათბურთის დიდების დარბაზი 60 მამაკაცს, 21 ქალს, 30 მწვრთნელს, რამდენიმე ოფიციალურ პირს და ერთადერთ გუნდს ითვლის, ამერიკის შეერთებული შტატების 1992 წლის „ოცნების ნაკრებს“.

გუშინდელ ოფიციალურ განცხადებაში ითქვა, რომ FIBA-მ 2004 წელს გარდაცვლილი ქართველი მოთამაშე საერთაშორისო სარბიელზე უდიდესი წარმატებებისთვის დააფასა.

საკანდელიძე, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები თბილისის დინამოში გაატარა, ერთადერთი ქართველი კალათბურთელია, რომელმაც ყველა სანაკრებო ტურნირი მოიგო: 1972 წელს ოლიმპიადა, 1967 წელს მსოფლიო ჩემპიონატი, 1965, 1967, 1969 და 1971 წლებში კი ევროპირველობა. ამას გარდა, ის ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო და ევროჩემპიონატების პრიზიორიც გახლავთ. ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატის ოქროს მედალიც ვახსენოთ, რომელიც მან 1964 წელს მოიგო… ნეაპოლში.

მოკლედ, სასიამოვნო და დასაფასებელი ამბავია და დიდი იმედი მაქვს, ეს ცნობა დამატებითი სტიმული იქნება ჩვენი ნაკრებისთვის, რომელიც პირველად ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატზე. ილიას ზუროსის ბიჭები F ჯგუფში მოხვდნენ და პირველ ეტაპზე იაპონიაში, ოკინავაში ითამაშებენ – 26 აგვისტოს კაბო ვერდესთან, 28-ში სლოვენიის წინააღმდეგ, 30-ში კი ვენესუელასთან.

ლაშა გოდუაძე
202
3 წლის 3 ივნისი
ფოტოკოლაჟი:
FIBA

ka_GEGeorgian