ქართველი მესი მარადონაზე

„ინსინიეს შემცვლელად მოვიდა გამთამაშებელი, რომელსაც სამშობლოში ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელს ადარებენ. მას ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ ლეგენდარული დიეგოს სახელობის სტადიონის ახალი კერპი გახდეს“.
ამ სიტყვებს გუერინ სპორტივოს მიმომხილველის როსანო დონინის ოთხგვერდიანი წერილის – „კვარაცხელია – ქართველი მესი მარადონაზე“ – შესავალში ამოიკითხავთ.

მისი სტატია ზუსტად ერთი წლის წინ გამოქვეყნდა ყველაზე ძველი იტალიური სპორტული გამოცემის გუერინ სპორტივოს აგვისტოს ნომერში. იმ დროს სერია ა დაწყებული არ იყო. რაც მომდევნო ცხრა თვეში ვიხილეთ, უკვე ისტორიაა: ქართველი ახალწვეულის დიდებული თამაშის დახმარებით ნაპოლი ისტორიაში მესამედ გახდა იტალიის უძლიერესი კლუბი, პირველად 1990 წლის შემდეგ.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, დონინის ვარაუდი გამართლდა და ქართველი მართლაც გახდა სტადიო მარადონას ახალი კერპი – ნეაპოლელთა მარცხენა გარემარბი სერია ა-ს ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელად დაასახელეს, უეფამ კი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარა.

ამ ორი ტიტულის გარდა ხვიჩას კიდევ რამდენიმე პრიზი და ბევრზე ბევრი ტაში ერგო. 2022-2023 წლების სეზონის გათვალისწინებით, ახლა ის ურთულესი ამოცანების წინაშე დადგება, თუმცა მგონია, რომ ახალ გამოწვევებსაც გაუმკლავდება.

იმიტომ, რომ ძალიან მაგარია!

იმიტომ, რომ ამდენი ადამიანი ვგულშემატკივრობთ!

27 აგვისტოს ნეაპოლს სასუოლო ეწვევა. სერია ა-ს პირველი ტური კვარადონას გაუცდა, მაგრამ ამჯერად ყველაფერი რიგზეა და, დიდი იმედი მაქვს, ხვიჩასაც ვიხილავთ. ჰოდა, ვუსურვოთ, რომ ახალი მწვრთნელის ხელშიც ისე იბურთაოს, როგორც სპალეტის დროს ახერხებდა. ან უკეთესად.

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 25 აგვისტო
ფოტო:
Guerin Sportivo (#8, 2022)

ka_GEGeorgian