კატარი 2022: ფინალური ამბები

არგენტინა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია.
საოცარი ფინალი, ექვსი გოლი და პენალტების სერია – კატარი 2022 ნამდვილად იმსახურებდა ასეთ დასასრულს, რადგან ზამთარში პირველად ჩატარებულმა მსოფლიო პირველობამ ბევრი დიდებული თამაში გვაჩუქა, განსაკუთრებით კი ფლეი ოფში.
2010 წლის ესპანეთის შემდეგ არგენტინა პირველია, რომელმაც ფინალურ ეტაპზე სასტარტო თამაში წააგო, მაგრამ მაინც აღმართა თასი.
საფრანგეთი კი ძალიან ახლოს იყო იტალიის (1934, 1938) და ბრაზილიის (1958, 1962) შედეგთან, თუმცა ყველაზე მთავარი საფეხბურთო ჯილდოს ზედიზედ მოგება ვერ მოაქხერხა.

მიუხედავად ამისა, საფრანგეთი კვლავაც რჩება გუნდად, რომელიც არასდროს დამარცხებულა ფინალში: 1998 და 2018 წლებში სამფეროვნებმა თასი აღმართეს, 2006 წელს და ახლა კი მხოლოდ თერთმეტმეტრიანების სერიაში მოეცარათ ხელი.

დიდიე დეშამის გუნდი მაინც აპლოდისმენტებს იმსახურებს, რადგან აშკარად ჩაგდებული პირველი ტაიმისა და ცუდად დაწყებული მეორე ნახევრის მიუხედავად, ფრანგებმა ბრწყინვალედ ითამაშეს ძირითადი დროის უკანასკნელ თხუთმეტ წუთს, არც დამატებით ნახევარ საათში დათმეს რამე და ერთი შეხედვით განწირული ფინალი გადაარჩინეს. რომ არა უიღბლობა პენალტების სერიაში, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონად საფრანგეთს მოვიხსენიებდი და არა არგენტინას.

კატარის მსოფლიო ჩემპიონატი ბევრი რამის გამოა საინტერესო და დასამახსოვრებელი, ერთ-ერთი მთავარი კი შედეგიანობაა – 172 გოლი ვიხილეთ და ეს ახალი რეკორდია. ერთით ნაკლები გოლი გავიდა 1998 წელს საფრანგეთსა და 2014 წელს ბრაზილიაში.

მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას ხშირად ვწერდი საინტერესო ამბების შესახებ და ვერც ფინალს ავუქცევ გვერდს, მით უმეტეს, რომ გადამწყვეტმა შეხვედრამ ბევრი რეკორდი გვაჩუქა:

1: ფინალში მეთერთმეტედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს სამხრეთამერიკული და ევროპული გუნდები. ამერიკელებმა მერვედ გაიმარჯვეს.

2: კატარში 5-ჯერ დაინიშნა პენალტების სერია და ეს რეკორდია. რაც შეეხება ფინალებს, მხოლოდ მესამედ გამოვლინდა ჩემპიონი საფეხბურთო ლატარიით, 1994 (ბრაზილია 0:0 იტალია) და 2006 (იტალია 1:1 საფრანგეთი) წლების შემდეგ.

3: არგენტინის ნაკრებმა 36 წლის შემდეგ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. ამაზე დიდი ინტერვალით მხოლოდ იტალიამ აღმართა ოქროს თასი – 1982 წელს, მეორე ტრიუმფიდან 44 წელიწადში.

4: არგენტინამ მეექვსედ მოიგო პენალტების სერია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე და ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

5: ლიონელ სკალონი პირველი არგენტინელი, ხოლო ისტორიაში მხოლოდ მე-3 მწვრთნელია, რომელმაც მსოფლიო და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატები მოიგო.
პირველად ამ ორ ტურნირში მარიო ზაგალომ გაიმარჯვა (1970 – მსოფლიო, 1997 – კოპა ამერიკა), ხოლო მეორედ კარლოს ალბერტო პარეირამ (1994 – მსოფლიო, 2004 – კოპა ამერიკა). ორივე მათგანი ბრაზილიის ნაკრებს ხელმძღვანელობდა.

6: ლეო მესი ერთადერთია, რომელმაც ორჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული. პირველად 2014 წელს, ბრაზილიაში, როცა მისი არგენტინა ფინალში 0:1 დამარცხდა გერმანიასთან.

7: მესი ერთადერთია, რომელმაც ფინალური ეტაპის ყველა წრეში გაიტანა გოლი: ჯგუფში, მერვედფინალში, მეოთხედფინალში, ნახევარფინალსა და ფინალში.

8: მესიმ 26-ედ ითამაშა ფინალურ ეტაპზე და ეს ახალი რეკორდია. არგენტინელმა გერმანელ ლოთარ მათეუსს გადაასწრო.

9: მესი პირველი სამხრეთამერიკელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის და ჩემპიონთა თასის/ლიგის ფინალში გაიტანა გოლი.

10: შვედი ნილს ლიდჰოლმის შემდეგ (35 წლის და 264 დღის, 1958 წელს), მესი ყველაზე ასაკოვანია (35-177), ვინც ფინალში გაიტანა გოლი.

11: სამხრეთ ამერიკის და მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე მესიმ უკვე 26 გოლი შეაგდო (13-13) და ერთი ბურთით გადაუსწრო ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდოს. ბრაზილიელი 2006 წლიდან ფლობდა რეკორდს.

12: მესის მეორე გოლი ფენომენალური არგენტინელის კარიერაში მეასეა, რომელიც მარჯვენა ფეხით შეაგდო.

13: 1966 წლიდან დაწყებული ანხელ დი მარია პირველია, რომელმაც ფინალში პენალტი მოინადირა და გოლი გაიტანა.

14: კილიან მბაპე მხოლოდ მეორეა, ვინც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში შეასრულა ჰეთ-თრიქი. 1966 წელს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებთან მატჩში ინგლისელმა ჯეფრი ჰერსტმა გაიტანა 3 გოლი (4:2).

15: ემილიანო მარტინესის კარში შეგდებული 3 გოლით მბაპე მსოფლიო ფინალების ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი გახდა 4 გოლით. ოთხი წლის წინ მან ხორვატებს ერთი გოლი გაუტანა.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 19 დეკემბერი)
ფოტო:
FIFA

ka_GEGeorgian