კატარი 2022: მეცამეტე სათამაშო დღის საინტერესო ამბები

ჯგუფური ტურნირი დასრულდა, დღეს მერვედფინალები იწყება და ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ კარგი ჩემპიონატია. ისევე, როგორც ოთხი წლის წინ, ჯგუფურ ეტაპზე რამდენიმე მშვენიერი თამაში იყო, თუმცა ახლა უფრო მეტი სენსაცია ვნახეთ.

იქიდან გამომდინარე, რომ მომდევნო მსოფლიოზე გაცილებით მეტი გუნდი ითამაშებს, განსაკუთრებით აზია-აფრიკიდან, კატარი 2022-ს ამ კუთხითაც ვუყურებ. მაინტერესებს რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო ფიფამ, როცა ეს ნაბიჯი გადადგა და ამ ორ კონტინენტს საგზურები დაუმატა. მერვედფინალისტების შემხედვარე, ნამდვილად გონივრული გადაწყვეტილებაა – სამი აზიური გუნდი ფლეი ოფში, თუ არ ვცდები, პირველადაა და მაროკო-სენეგალიც, მგონი, სიურპრიზს გვიმზადებს.

ჯგუფური ეტაპის გათვალისწინებით მომწონს, რომ დამატებითი დრო გაიზარდა. საინტერესო იყო ისიც, პირველი ორი ტურის შემდეგ მხოლოდ 5 გუნდის ბედი რომ იყო გარკვეული და 27 ნაკრები ფლეი ოფის საგზურისთვის იბრძოდა. იაპონიის, საუდის არაბეთის, კამერუნის და ავსტრალიის სიურპრიზებიც სასიამოვნო სანახავი გამოდგა. ჯერ ეს იყოს, დანარჩენზე მოგვიანებით.

სამხრეთი კორეა 2:1 პორტუგალია

1: 2010 წლის შემდეგ კორეის ნაკრები პირველად გავიდა მერვედფინალში.

2: ფინალურ ეტაპზე გატანილი ბოლო 7 გოლიდან კორეელებმა 4 ძირითადი დროის უკანასკნელ წუთზე ან უფრო გვიან გაიტანეს.

ურუგვაი 2:0 განა

1: 2002 წლის შემდეგ ურუგვაი პირველად ვერ გავიდა ჯგუფიდან.

2: 1966 წლიდან დაწყებული განა პირველია, რომელმაც ერთ მეტოქეს ორი პენალტი ვერ გაუტანა. შავ ვარსკვლავებს პირველად 2010 წელს არ გაუმართლათ.

3: ხიორხიან დე არასაეტა მხოლოდ მესამე ურუგვაელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის პირველ ტაიმში დუბლი შეასრულა. პირველი, ვინც ეს შეძლო ხუან პერეგრინო ანსელმო გახლდათ (1930 წელს იუგოსლავიასთან), მეორე კი ოსკარ მიგესი (1950, ბოლივია). საინტერესოა, რომ ურუგვაელებმა ორივე ტურნირი მოიგეს.

შვეიცარია 3:2 სერბეთი

1: ინგლისი-არგენტინის მერვედფინალის შემდეგ (საფრანგეთი 1998) ეს პირველი შემთხვევაა, როცა გუნდებმა 2-2 გოლი გაუტანეს ერთმანეთს პირველ ტაიმში.

2: რონალდუს და მესის გარდა შერდან შაქირი ერთადერთია, რომელმაც მსოფლიოს ბოლო სამ ჩემპიონატზე გაიტანა გოლი.

3: შაქირიმ, გრანიტ ჯაკამ და რიკარდო როდრიგესმა მეთერთმეტედ ითამაშეს ფინალურ ეტაპზე და ეს შვეიცარიის ახალი რეკორდია.

კამერუნი 1:0 ბრაზილია

1: კამერუნი პირველი აფრიკული გუნდია, რომელმაც ფინალურ ეტაპზე ბრაზილიას აჯობა.

2: ბრაზილია უკანასკნელი გუნდი იყო, რომელსაც ჯგუფურ ეტაპზე სამივე თამაშის მოგება შეეძლო. სელესაოს მარცხის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კატარი 2022 პირველი მსოფლიო ჩემპიონატია აშშ 1994-ის შემდეგ, როცა ერთმა გუნდმაც ვერ გაიმარჯვა ჯგუფის ყველა შეხვედრაში.

3: დანი ალვეში ყველაზე ასაკოვანია, რომელმაც ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა. ვეტერანი მცველი კამერუნელთა წინააღმდეგ 39 წლის და 210 დღის გახლდათ.

4: ვინსენ აბუბაქარი პირველია ზინედინ ზიდანის შემდეგ, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში გოლი გაიტანა და შემდეგ წითელი ბარათი უჩვენეს. კამერუნელისგან განსხვავებით ლეგენდარულ ფრანგს იგივე ფინალში შეემთხვა.

5: აბუბაქარი მხოლოდ მე-3 აფრიკელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების კარი დალაშქრა. პირველი კოტდივუარელი დიდიე დროგბა გახლდათ (2010), მეორე კი კამერუნელი ჟოელ მატიპი (2014).

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 3 დეკემბერი)
ფოტო:
FIFA

ka_GEGeorgian