კატარი 2022: მეოთხედფინალების საინტერესო ამბები

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ბრაზილიამ თასისკენ სვლა მეოთხედფინალში დაასრულა, ზუსტად ისე, როგორც ოთხი წლით ადრე, რუსეთში. არადა ტიტეს გუნდმა გახსნა ანგარიში და ძალიან ახლოს იყო ნახევარფინალთან. არ გამოვიდა და მწვრთნელმაც მეორე დღეს თანამდებობა დატოვა.

ჩემპიონატს გამოეთხოვა ნიდერლანდებიც. ლუის ვან გაალის გუნდმა არგენტინასთან კვლავ პენალტების სერიაში წააგო, 2014 წლის მსგავსად. ტიტესი არ იყოს, ვან გაალიც გადადგა და ის ერთადერთია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე, ძირითად ან დამატებით დროში ზედიზედ 12 თამაში არ წააგო.

სახლში დაბრუნდა პორტუგალიაც. ფერნანდუ სანტუშის გუნდი მაროკოსთან ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ ვალიდ რეგრაგის ბიჭებმა ისტორია დაწერეს და აფრიკულ გუნდებს არნახული წარმატება არგუნეს.

რაც შეეხება ინგლისს, ზედიზედ მესამე ნახევარფინალი ვერ გამოვიდა: წინა მსოფლიო ჩემპიონატზე დაკავებული მესამე ადგილის და შარშანდელი ევროფინალის შემდეგ გარეთ საუთგეიტის გუნდი მეოთხედფინალში შეაჩერეს.

თითოეული მეოთხედფინალის გამორჩეულ ამბებამდე ეს საინტერესო ფაქტიც: საფრანგეთი მეშვიდედ ითამაშებს ნახევარფინალში, არგენტინისთვის ხორვატიასთან თამაში მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე ნახევარფინალია, ბალკანელები მესამედ მოხვდნენ საუკეთესო ოთხ გუნდს შორის, მაროკო კი, ცხადია, პირველადაა ბოლოსწინა ეტაპზე.

ხორვატია 1:1 (პენ 4:2) ბრაზილია

1: ხორვატია მეხუთედ მონაწილეობდა მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში და მეხუთედ გაიმარჯვა.

2: ბრაზილია გახდა მე-13 გუნდი, რომელმაც დამატებით დროში გახსნა ანგარიში, მაგრამ პირველი, რომელიც დაწინაურების მიუხედავად მაინც დამარცხდა.

3: ხორვატთა მეკარე დომინიკ ლივაკოვიჩმა თამაშისშემდგომ სერიაში უკვე 4 პენალტი მოიგერია და რეკორდი გაიმეორა.

4: ნეიმარმა 77-ე გოლი გაიტანა სელესაოში და ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ პელეს რეკორდი გაიმეორა.

არგენტინა 2:2 (პენ 4:3) ნიდერლანდები

1: ალბისელესტე პირველია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატებზე 5 მატჩისშემდგომი სერია მოიგო (6-დან). თავის მხრივ, ნიდერლანდებმა მესამედ წააგო საფეხბურთო ლატარეა.

2: ლეო მესიმ მე-10 გოლი გაიტანა ფინალურ ეტაპზე და ნაკრების რეკორდსმენს, გაბრიელ ომარ ბატისტუტას გაუთანაბრდა.

3: ვოტ ვეგჰორსტი პირველი ნიდერლანდელია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა და დუბლი შეასრულა. ასევე: მან 100:30 წუთზე გაათანაბრა ანგარიში და 1966 წლიდან დაწყებული, ეს ფლეი ოფში ძირითად დროში გასული ყველაზე გვიანი გოლია.

მაროკო 1:0 პორტუგალია

1: მაროკო აფრიკის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლა მოახერხა.

2: მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებული მაროკოელთა მეკარე იასინ ბონო პირველი აფრიკელი გოლკიპერია, რომელმაც მსოფლიოს ერთ ჩემპიონატზე 3 შეხვედრაში არ გაუშვა გოლი.
ასევე: პორტუგალიელთა წინააღმდეგ ბონომ 50-ედ ითამაშა ნაკრებში.

3: იუსეფ ენ-ნესირიმ მე-3 გოლი გაიტანა ფინალურ ეტაპზე და მაროკოს ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა მსოფლიო ჩემპიონატებზე.

4: ვალიდ რეგრაგის მხოლოდ 8 თამაში დასჭირდა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გუნდის გასაყვანად. ეს მეორე შედეგია ისტორიაში ოტო გლორიას შემდეგ (1966, პორტუგალია – 5).

საფრანგეთი 2:1 ინგლისი

1: საფრანგეთი და ინგლისი პირველად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატის ფლეი ოფში. აქამდე ისინი მხოლოდ ჯგუფში ხვდებოდნენ ერთმანეთს.

2: ბრაზილიის 1998 წლის ნაკრების შემდეგ საფრანგეთი პირველი მოქმედი ჩემპიონია, რომელიც ნახევარფინალში გავიდა.

3: 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ (დეტალური სტატისტიკა ამ წლიდანაა დათვლილი) საფრანგეთი პირველია, რომელიც 2 პენალტით დაისაჯა, მაგრამ მაინც მოიგო თამაში.

4: ინგლისი მეშვიდედ გამოეთიშა მთავარ ტურნირს მეოთხედფინალში, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ისტორიაში.

5: უგო ლორისმა 143-ედ ითამაშა ნაკრებში და ლილიან ტურამის რეკორდი გააუმჯობესა. 143 მატჩში ლორისი 119-ჯერ კაპიტანი გახლდათ.

6: ჩუამენი პირველი ფრანგია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის შეხვედრაში გოლი შეაგდო, შემდეგ კი პენალტით დაჯარიმდა. ბოლო, რომელსაც ასეთი რამ შეემთხვა, ხორვატი ივან პერიშიჩი გახლდათ – ოთხი წლის წინ, ფინალში ფრანგების წინააღმდეგ.

7: ანტუან გრიზმანმა 27-ე საგოლე გადაცემა შეასრულა და ნაკრების რეკორდსმენი გახდა. აქამდე ის ზინედინ ზიდანის და ტიერი ანრის მიღწევის თანაზიარი გახლდათ.

8: ჰარი კეინმა ინგლისის რეკორდი გაიმეორა: მთავარ გუნდში 53-ე გოლი გაიტანა და უეინ რუნის გაუთანაბრდა.

9: კეინი პირველია ისტორიაში, რომელმაც ფინალურ ეტაპზე 4 თერთმეტმეტრიანი გაიტანა (მატჩისშემდგომი სერიის გარეშე).

10: კეინმა მეთერთმეტედ უკაპიტნა ინგლისს ფინალურ ეტაპზე და ეს გუნდის რეკორდია.

11: 19 წლის და 164 დღის ჯუდ ბელინგემი ყველაზე ახალგაზრდა ინგლისელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ბელინგემმა უეინ რუნის რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც 2006 წელს პორტუგალიასთან მატჩში 20 წლის და 250 დღის გახლდათ.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 11 დეკემბერი)
ფოტო:
FIFA

ka_GEGeorgian