კატარი 2022: მერვედფინალების საინტერესო ამბები

მეტ-ნაკლებად საინტერესო ჯგუფური ეტაპი მშვენიერი მერვედფინალებით გაგრძელდა და მესამე წრეში დიდებული წყვილებიც მივიღეთ: ნიდერლანდები-არგენტინა საფეხბურთო კლასიკად შეიძლება ჩავთვალოთ, ისევე როგორც საფრანგეთის და ინგლისის ნაკრებთა პაექრობა. მაროკო-პორტუგალია ძალიან საინტერესო დაპირისპირებას გვიქადის, ხორვატია-ბრაზილიის გამარჯვებულის გამოცნობა კი რთულია.

მერვედფინალებში საინტერესო კიდევ ის იყო, რომ 28 გოლი გავიდა, ეს კი რეკორდია, რადგან 1986 წლიდან, მას შემდეგ, რაც ფინალურ ეტაპს ეს წრე დაემატა, ამდენი გოლი არასდროს გასულა.

სასიხარულო იყო კატარი 2022-ის პირველი ჰეთ-თრიქიც, რომელიც პორტუგალიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვედრილმა გონსალო რამოსმა მიითვალა. ეს უკანასკნელი კრიშტიანუ რონალდუს ნაცვლად მოხვდა სასტარტო თერთმეტეულში. მასსა და გუნდის თავკაცს ფერნანდუ სანტუშს შორის მომხდარი უსიამოვნება ამით დასრულდა თუ არა, სამ დღეში შევიტყობთ: პორტუგალია მაროკოს დოჰაში დაუპირისპირდება. იმავე დღეს, მოგვიანებით გაიმართება ინგლისი-საფრანგეთის პაექრობა, ხოლო ერთი დღით ადრე, 9 დეკემბერს, პირველი ნახევარფინალისტები გამოვლინდებიან – ალ რაიანში ხორვატია-ბრაზილიაა დანიშნული, ლუსაილში კი ნიდერლანდები-არგენტინა.

ნიდერლანდები 3:1 აშშ

1: მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ბრაზილიასთან 2:3 წაგების შემდეგ ნიდერლანდების ნაკრები ზედიზედ 19 თამაშია აღარ მარცხდება არაევროპელ მეტოქესთან. სერია 13 მოგებას და 6 ფრეს ითვლის.

2: გოლით და 2 შედეგიანი გადაცემით დენზელ დუმფრისი მხოლოდ მე-3 ნიდერლანდელი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში 3 გოლში მიიღო მონაწილეობა.
პირველად ასეთი რამ იოჰან კრუიფმა შეძლო 1974 წელს, 1978 წელს კი რობ რენსენბრინკმა, ორჯერ.
ამავდროულად: დუმფრისი პირველი ნიდერლანდელია, რომელმაც უდიდეს ტურნირზე პირველ ტაიმში 2 გოლი გაატანინა თანაგუნდელებს.

3: მემფის დეპაიმ 43-ე გოლი შეაგდო ნარინჯისფერი მაისურით და ახლა მხოლოდ რობინ ვან პერსის ჩამორჩება (50).

4: 35 წლის და 151 დღის ჯოვანი ვან ბრონკჰორსტის შემდეგ (2010 წელს ურუგვაისთან) დელეი ბლინდი ყველაზე ასაკოვანი ნიდერლანდელია (32-269), რომელმაც ფინალურ ეტაპზე გოლი გაიტანა.

არგენტინა 2:1 ავსტრალია

1: ლეო მესისთვის ეს იყო საიუბილეო, მე-1000 ოფიციალური მატჩი კარიერაში და დიადმა არგენტინელმა დიდებული მიღწევა 789-ე გოლით აღნიშნა. საინტერესოა, რომ ეს მესის პირველი ბურთია მსოფლიო ჩემპიონატების ფლეი ოფში.

2: ერნან კრესპოს შემდეგ (2006) ხულიან ალვარესი პირველი არგენტინელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ძირითად შემადგენლობაში ჩატარებულ პირველ 2 თამაშში გოლი გაიტანა.

3: ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუს შემდეგ (17 წელი, 249 დღე), 18 წლის და 79 დღის ავსტრალიელი გერანგ კუოლი ყველაზე უმცროსია, რომელმაც უდიდესი ტურნირის ფლეი ოფში ითამაშა.

ინგლისი 3:0 სენეგალი

1: ინგლისის ნაკრებმა 12 გოლი გაიტანა კატარში და ეს ეროვნული რეკორდის გამეორებაა. გარეთ საუთგეიტის გუნდმა რუსეთი 2018-იც 12 ბურთით დაასრულა. ამაზე მეტი გოლი ინგლისელებს მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე არასდროს გაუტანიათ. თუმცა წინა მსოფლიო ჩემპიონატთან შედარებით, ინგლისელებმა 3-ით ნაკლები მატჩი ჩაატარეს და ყველა გოლი პენალტის გარეშე შეაგდეს (რუსეთში 3-ჯერ გაიხარეს თერთმეტმეტრიანიდან).

2: მსოფლიო ჩემპიონატებზე და აფრიკის თასზე თამაშის ისტორიაში სენეგალი პირველად დამარცხდა ასეთი დიდი სხვაობით.

3: ჰარი კეინმა მე-11 გოლი გაიტანა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე (7/4) და ნაკრების რეკორდსმენს, 10 გოლის ავტორ გარი ლინეკერს გადაასწრო (ყველა მსოფლიო ჩემპიონატზე).

4: ტომ ფინეის შემდეგ (36 წლის და 64 დღის, 1958 წელს სსრკ-ს წინააღმდეგ) ჯორდან ჰენდერსონი (32-170) ყველაზე ასაკოვანი ინგლისელია, რომელმაც ფინალურ ეტაპზე გოლი გაიტანა.

5: ლუის ნაზარიუ დე ლიმა რონალდოს შემდეგ (1998 წელს დანიასთან – 21 წელი, 284 დღე) ფილ ფოდენი ყველაზე ახალგაზრდაა (22-190), რომელმაც ფლეი ოფში 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

6: 19 წლის და 158 დღის ჯუდ ბელინგემი ყველაზე ახალგაზრდა ინგლისელია (1966 წლიდან), რომელმაც ფინალურ ეტაპზე საგოლე გადაცემა მიითვალა.
ასევე: 18 წლის და 198 დღის მაიკლ ოუენის შემდეგ (1998 წელს არგენტინასთან), ბელინგემი ყველაზე უმცროსია ნაკრების ისტორიაში, რომელმაც ფლეი ოფის მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.

ხორვატია 1:1 (3:1) იაპონია

1: ხორვატებმა ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მესამე პენალტების სერია მოიგეს (2018 წელს დანიასთან და რუსეთთან), იაპონიამ კი მეორედ მიიღო მონაწილეობა საფეხბურთო ლატარეაში (პირველად 2010 წელს პარაგვაისთან) და ისევ დამარცხდა.

2: პორტუგალიელი რიკარდუს (2006 წელს ინგლისთან) და თანამემამულე დანიელ სუბასიჩის (2018 წელს დანიასთან) შემდეგ, ხორვატიის ნაკრების გოლკიპერი დომინიკ ლივაკოვიჩი მხოლოდ მე-3 მეკარეა, რომელმაც თამაშის შემდგომ პენალტების სერიაში 3 დარტყმა მოიგერია.

3: ივან პერიშიჩმა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე მე-10 გოლი შეაგდო, რაც ხორვატიის ნაკრების რეკორდია.

4: იუტო ნაგატომომ მეთხუთმეტედ ითამაშა ფინალურ ეტაპზე და აზიელებს შორის მხოლოდ კორეელ მიუნ-ბო ჰონს ჩამორჩება, რომლის აქტივში 16 მატჩია.

საფრანგეთი 3:1 პოლონეთი

1: საფრანგეთის ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს ზედიზედ მესამე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში.

2: უგო ლორისმა ორი ეროვნული რეკორდი გაიმეორა: ფინალურ ეტაპზე მე-17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რითაც ტიერი ანრის და ფაბიენ ბარტეზის გვერდით დადგა, ასევე ლილიან ტურამს გაუთანაბრდა ნაკრებში ჩატარებული მატჩებით – 142. ცნობისათვის: ამ უკანასკნელმა 16-ჯერ ითამაშა უდიდეს ტურნირზე.

3: ოლივიე ჟირუმ 52-ე გოლი გაიტანა ნაკრების მაისურით და გუნდის ახალი რეკორდსმენი გახდა. ჟირუმ ანრის მიღწევა გააუმჯობესა.

4: ვოიცეხ შჩესნის კარში გატანილი მეორე ბურთი კილიან მბაპეს კარიერაში 250-ე გოლია (360 თამაშში). ამ ნიშნულის მისაღწევად ფრანგს კრიშტიანუ რონალდუსთან შედარებით 150 მატჩით ნაკლები დასჭირდა (510), ლეო მესის კი 19 თამაშით აჯობა (379).

ბრაზილია 4:1 სამხრეთი კორეა

1: ბრაზილიის ნაკრებმა განაცხადში მყოფი ყველა, 26-ვე მოთამაშე გამოიყენა და პირველი გუნდი გახდა ტურნირის ისტორიაში, რომელმაც ასეთი რამ მოახერხა.

2: სელესაომ მხოლოდ მეორედ გაიტანა ფინალური ეტაპის მატჩის პირველ ნახევარში 4 გოლი. პირველად ასეთი რამ 1954 წელს, მექსიკასთან შეხვედრაში დაფიქსირდა.

3: პელეს და რონალდოს შემდეგ ნეიმარი მხოლოდ მე-3 ბრაზილიელია, რომელმაც მსოფლიოს 3 ჩემპიონატზე გაიტანა გოლი.
ასევე: ნეიმარმა ნაკრების მაისურით ბოლო 6 გოლი პენალტის ნიშნულიდან შეაგდო.

4: 38 წლის და 74 დღის ტიაგუ სილვამ ტურნირის რეკორდი დაამყარა – ყველაზე ასაკოვანია, ვინც საგოლე გადაცემა შეასრულა. ბრაზილიელმა კამერუნელი როჟე მილას მიღწევა გააუმჯობესა – 1990 წელს, იტალიაში, აფრიკელი 38 წლის და 42 დღის გახლდათ.

მაროკო 0:0 (პენ 3:0) ესპანეთი

1: მსოფლიო ჩემპიონატზე დანიშნული ბოლო 7 პენალტების სერიიდან ყველა იმ გუნდმა მოიგო, რომელიც თანმიმდევრობით მეორე იყო.

2: კამერუნის (1990), სენეგალის (2022) და განის (2010) შემდეგ მაროკო მე-4 აფრიკული ქვეყანაა, რომლის ნაკრები მეოთხედფინალში ითამაშებს.

3: მაროკოელთა მთავარი მწვრთნელი ვალიდ რეგრაგი პირველი აფრიკელი სპეციალისტია, რომელმაც გუნდი მეოთხედფინალში გაიყვანა.

4: ესპანეთი გახდა პირველი ისტორიაში, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე პენალტების სერია ოთხჯერ წააგო (1986 – ბელგია, 2002 – სამხრეთი კორეა, 2018 – რუსეთი).
ასევე: ფურია როხა პირველია 2006 წლის შვეიცარიის შემდეგ, რომელმაც „საფეხბურთო ლატარეაში“ ერთი დარტყმაც ვერ გამოიყენა.
ასევე: ესპანელთათვის ეს მე-5 მატჩისშემდგომი სერია იყო, რაც არგენტინის რეკორდის გამეორებაა.

5: მას შემდეგ, რაც ტურნირის დეტალური სტატისტიკა ითვლება (ინგლისი 1966), ესპანეთი ერთადერთია, რომელმაც ფინალური ეტაპის მატჩში მინიმუმ 1000 და მეტი ზუსტი გადაცემა 4-ჯერ შეასრულა, აქედან 3-ჯერ კატარში: 1058 იაპონიასთან, 1045 კოსტა რიკასთან და 1019 მაროკოსთან. ოთხი წლის წინ, რუსეთის წინააღმდეგ მერვედფინალში, ესპანელებმა ბურთი 1115-ჯერ გაითამაშეს ზუსტად.

6: სერხიო ბუსკეტსი ფინალურ ეტაპზე ჩატარებული 17 თამაშით ნაკრების რეკორდსმენებს იკერ კასილიასს და სერხიო რამოსს გაუთანაბრდა.

7: 18 წლის და 123 დღის გავი ყველაზე ახალგაზრდაა პელეს შემდეგ, რომელმაც ფლეი ოფში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. ფეხბურთის მეფე 1958 წლის ფინალში 17 წლის და 249 დღის გახლდათ.

პორტუგალია 6:1 შვეიცარია

1: შვეიცარიის ნაკრებმა პირველად გაუშვა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში 6 გოლი, ხოლო 5-ბურთიანი სხვაობით მეორედ დამარცხდა. პირველად 1966 წელს, ჯგუფში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან – 0:5.
ასევე: 1963 წლის ივნისში ინგლისთან განადგურების შემდეგ – 1:8, შვეიცარიელებმა პირველად გაუშვეს 6 გოლი საერთაშორისო მატჩში.

2: მიროსლავ კლოზეს შემდეგ (გერმანია, 2002) გონსალო რამოსი პირველია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრების ძირითად შემადგენლობაში დებიუტი ჰეთ-თრიქით აღნიშნა.

3: 3 ზუსტი დარტყმით და საგოლე გადაცემით რამოსი პირველია რუსი ოლეგ სალენკოს შემდეგ, რომელმაც ფინალური ეტაპის მატჩში 4 გოლში მიიღო მონაწილეობა. სალენკომ 1994 წელს 5 ბურთი გაუტანა კამერუნს.

4: ჟოზე ტორეშის (1966) და ბრუნო ფერნანდეშის (2022) შემდეგ ჟოაუ ფელიში პირველი პორტუგალიელია, რომელმაც ოქროს თასის გათამაშების მატჩში 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. თუმცა ფელიში ერთადერთია ხსენებულ სამეულში, ვინც ეს ფლეი ოფში მოახერხა.

5: ბრუნო ფერნანდეშმა უკვე 5 გოლში მიიღო მონაწილეობა (2 ზუსტი დარტყმა, 3 შედეგიანი გადაცემა), რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია პორტუგალიის ნაკრებისთვის 1966 წლის ტურნირის შემდეგ. მსოფლიოს VIII ჩემპიონატზე ეუსებიომ 10 გოლში შეიტანა წვლილი, ჟოზე ტორეშმა 6-ში.

6: 39 წლის და 283 დღის ასაკში პეპე გახდა ყველაზე ასაკოვანი, რომელმაც უდიდესი ტურნირის ფლეი ოფში გოლი გაიტანა. პეპემ კამერუნელი როჟე მილას (1990 წელს კოლუმბიასთან, 38-34) რეკორდი გააუმჯობესა.

7: ევრო 2008-ზე შვეიცარიასთან თამაშის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუ პირველად ვერ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების თამაშში, 31 მატჩის შემდეგ.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 7 დეკემბერი)
ფოტო:
FIFA

ka_GEGeorgian