კატარი 2022: მეთორთმეტე სათამაშო დღის საინტერესო ამბები

ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო ჯილდო ისტორიაში რვა გუნდს მოუგია და მათგან შვიდმა ითამაშა კატარში, მხოლოდ ევროპის ჩემპიონ იტალიას არ გაუმართლა.
ხსენებული შვიდეულიდან ხუთმა უკვე გაინაღდა მერვედფინალი, ინგლისის, არგენტინის, საფრანგეთის და ესპანეთის ნაკრების მეტოქეებიც ვიცით, ბრაზილიის მოწინააღმდეგე კი დღეს გაირკვევა. ფლეი ოფში თამაშის შანსს ინარჩუნებს მსოფლიოს პირველი ჩემპიონი ურუგვაიც, აი თასის ოთხგზის მფლობელმა გერმანიამ კი გუშინ დაასრულა კატარი 2022.

ისევე, როგორც ოთხი წლის წინ, ბუნდესნაკრები კვლავ ჯგუფში ჩარჩა. ჰანსი ფლიკის ბიჭებმა 4:2 სძლიეს კოსტა რიკას, მაგრამ მერვედფინალში გასასვლელად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან ესპანეთი იაპონიასთან დამარცხდა, პირენელებთან შედარებით კი გერმანელებს ბურთების უარესი სხვაობა ჰქონდათ.

გუშინვე დაიწერა, რომ ლუის ენრიკეს გუნდი ძალიან ცუდად მოიქცა, რადგან ჩამორჩენის შემდეგ ანგარიშის გათანაბრება აღარ სცადა. რამდენად სწორი ნათქვამია არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ გუნდი, რომელსაც ყველაზე მეტჯერ უთამაშია ფინალში, დღეს შინ ბრუნდება.

იაპონიას და მაროკოს კი აპლოდისმენტები, რადგან ორივემ ურთულესი ჯგუფები მოიგო და დამსახურებულად გავიდა მერვედფინალში. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იაპონელთა მიღწევაა, რომლებმაც ჯგუფში მსოფლიოს ორ ჩემპიონს სძლიეს.

მაროკო 2:1 კანადა

1: მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი ოფში მეორედ ითამაშებს ორი აფრიკული გუნდი. მაროკომდე ეს უფლება სენეგალმა მოიპოვა. საინტერესოა, რომ შავი კონტინენტის ორი წარმომადგენელი მეორე ეტაპზე მეორედაა. პირველად ასეთი რამ 2014 წელს მოხდა, ალჟირის და ნიგერიის ნაკრებთა დამსახურებით.

2: ნიგერია 1998-ის შემდეგ მაროკო პირველი აფრიკული გუნდია, რომელმაც ჯგუფი მოიგო.

3: კანადელებმა ფინალურ ეტაპზე გამართული ზედიზედ მეექვსე თამაში წააგეს, რაც სალვადორის (1970, 1982) შედეგის გამეორებაა. მათზე უარესი მაჩვენებელი ერთადერთ გუნდს აქვს – მექსიკას, რომელიც 1930, 1950, 1954 და 1958 წლებში ზედიზედ 9-ჯერ დამარცხდა ჯგუფში.

4: მუსტაფა ჰაჯის და აბდელჯალილ ჰადას შემდეგ ჰაკიმ ზიეჩი მესამე მაროკოელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა.

5: იუსეფ ენ ნესირი პირველი მაროკოელია, რომელმაც ორ ჩემპიონატზე გაიტანა გოლი. პირველად მან 2018 წელს გაახარა გულშემატკივრები.

6: მაროკოს ნაკრების მეკარე ნაიფ აგუერდი კატარი 2022-ის პირველი მონაწილეა, რომელმაც საკუთარ კარში გაიტანა გოლი. უცნაურია, მაგრამ ფაქტია: ნაგუერდის ავტოგოლი ამ მსოფლიო ჩემპიონატის მე-100 გოლი აღმოჩნდა.

ხორვატია 0:0 ბელგია

1: XXI საუკუნეში ბელგიის ნაკრებმა პირველად ვერ დაძლია მსოფლიო/ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი, არადა კატარი 2022 წითელი ეშმაკებისთვის ამ საუკუნეში მეექვსე უდიდესი ტურნირია.

იაპონია 2:1 ესპანეთი

1: ბრაზილია 1938-ის და გფრ 1970-ის შემდეგ იაპონიის ეს ნაკრები მხოლოდ მესამეა, რომელმაც ერთ ჩემპიონატზე ორ ისეთ მატჩში გაიმარჯვა, რომლის პირველი ტაიმი წააგო.

2: მსოფლიო ჩემპიონატების დეტალურ სტატისტიკას 1966 წლიდან ითვლიან და მას შემდეგ მხოლოდ ორჯერ წააგო გუნდმა თამაში, მიუხედავად იმისა, რომ 90 წუთის განმავლობაში 700 და მეტი ზუსტი გადაცემა მიითვალა: 2022 წლის 23 ნოემბერს გერმანიამ იაპონიასთან და გუშინ, 1 დეკემბერს ესპანეთმა კვლავ იაპონიასთან.

3: პირველ ტაიმში როდრის (115) და პაუ ტორესს (109) მეტი ზუსტი პასი ჰქონდათ, ვიდრე იაპონიის ნაკრებს (89).

4: 1966 წლის ჩემპიონატიდან დაწყებული როდრი პირველია, ვინც ერთ თამაშში 200-ზე მეტი ზუსტი გადაცემა შეასრულა – 204 პასი 215-დან.

5: იაპონიის ნაკრები მთელი სათამაშო დროის მხოლოდ 17.7% ფლობდა ბურთს და მაინც გაიმარჯვა. ასეთი რამ ფინალურ ეტაპზე პირველად მოხდა.

6: იაპონიის ნაკრების ბოლო სამი გოლი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა შეაგდეს.

7: სერხიო ბუსკეტსმა მსოფლიო ჩემპიონატის მე-16 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეკარე ანდონი სუბისარეტას გაუთანაბრდა. ესპანეთის ნაკრების ისტორიაში ისინი მხოლოდ იკერ კასილიასს და სერხიო რამოსს ჩამორჩებიან – 17 თამაში.

8: ლეგენდარული ბასკი თავდამსხმელის ტელმო სარას შემდეგ (1950) ალვარო მორატა ესპანეთის ნაკრების პირველი ფეხბურთელია, რომელმაც უდიდესი ტურნირის ფინალურ ეტაპზე ჩატარებულ პირველ 3 თამაშში გოლი გაიტანა.

გერმანია 4:2 კოსტა რიკა

1: ბუნდესნაკრები ზედიზედ მეორედ ჩარჩა ჯგუფში (ოთხი წლის წინ პირველი წრე უკანასკნელ ადგილზე დაასრულა), არადა 1954 წლიდან დაწყებული გერმანია ზედიზედ 16-ჯერ გავიდა მომდევნო ეტაპზე.

2: მანუელ ნოიერმა ფინალურ ეტაპზე მე-19 შეხვედრაში ითამაშა, რაც საუკეთესო შედეგია მეკარეებს შორის.

3: მატს ჰუმელსის შემდეგ (2014 წელს საფრანგეთთან) სერჟ გნაბრი პირველი გერმანელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე თავით გაიტანა გოლი.

4: კაი ჰავერცი მხოლოდ მეორე გერმანელია, რომელიც შეცვლაზე შევიდა და დუბლი შეასრულა. პირველი ანდრე შიურლე გახლავთ, ვინც იგივე 2014 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში გააკეთა მასპინძელი ბრაზილიის წინააღმდეგ.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 2 დეკემბერი)
ფოტო:
FIFA

ka_GEGeorgian