კატარი 2022: ნარინჯისფერი არმია

ესეც ასე: ნარინჯისფერები მერვედფინალში არიან!
ნიდერლანდები პირველი უცხოური ქვეყანაა, სადაც ვიმოგზაურე, წლების შემდეგ კიდევ არაერთი დაუვიწყარი დღე გავატარე იქ და ამის გამო მათ სხვანაირად ვგულშემატკივრობ.

ტკბილ მოგონებებს რომ თავი დავანებო, ნიდერლანდები ძალიან უხდება მსოფლიო ჩემპიონატს, გნებავთ როგორც გუნდი და თუგინდ ცალკე აღებული გულშემატკივრები. ნარინჯისფერი არმია სხვა ხიბლს მატებს საფეხბურთო ტურნირებს და გამონაკლისი არც კატარია – ამ მშვენიერი ქვეყნიდან არაბეთში ჩასული ფანები არაერთ ვიდეოს აქვეყნებენ სოციალურ ქსელში და მათი ცქერა ერთი სიამოვნებაა.

ლუის ვან გაალს და მის რჩეულ ბიჭებს ადევნებული ქომაგები ხომ კარგად ერთობიან, მაგრამ არც სამშობლოში დარჩენილები იწყენენ და ლუდის ტრფიალნი, მგონი, უკეთესადაც არიან: ნაკრების სამივე თამაში აიაქსის საშინაო სარბიელზე, იოჰან კრუიფის სახელობის არენის დიდ ეკრანებზე აჩვენეს, მინდორზე უშველებელი სუფრები გაიშალა, დიჯეი ჰანგებად დაიღვარა, ლუდი კი ბევრზე ბევრი დაილია.

კატარში ჩასულ ქომაგებს შორის ყველაზე გახარებული, მგონი, მაინც ლორენს იახტია. მისი სახელი და გვარი ბევრს არაფერს გეტყვით, მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს ახალგაზრდა კაცი სამშობლოდან სამი თვის წინ დაიძრა ველოსიპედით და მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანაში ექვს ათასზე მეტი კილომეტრის გავლით ჩავიდა.

იახტი რომ ამაოდ არ გაისარჯა, დღეს დადასტურდა – კოდი ხაკპოს და ფრენკი დე იონგის ორი გოლით ნიდერლანდებმა ამ რამდენიმე საათის წინ მასპინძელ კატარს 2:0 აჯობა და პირველი ადგილით შეაღო მერვედფინალის კარი!

საინტერესო კი ისაა, რომ ეს ნარინჯისფერთა პირველი საფლეიოფო თამაში იქნება 2014 წელს, ბრაზილიაში მოგებული ბრინჯაოს მედლების შემდეგ. რუსეთი 2018 ამ მშვენიერ გუნდს გაუცდა.

თუმცა საინტერესო მხოლოდ ეს არ არის:

1: ნიდერლანდებმა მეცხრედ ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში (1974 და 1978 წლების მეორე ჯგუფური ეტაპის ჩათვლით მეთერთმეტედ) და ყველა შემთხვევაში დაძლია ბარიერი. ამ ასპროცენტიანი შედეგით ნარინჯისფერები პირველები არიან;

2: ბრაზილია 2014-ის ჩათვლით ნიდერლანდები ზედიზედ 10 მატჩია არ აგებს – 7 მოგება, 3 ფრე (პენალტების სერია არ ითვლება)!

იქიდან გამომდინარე, რომ ათივე შეხვედრაში გუნდს ლუის ვან გაალმა უხელმძღვანელა, ეს ასაკოვანი მწვრთნელი ტურნირის რეკორდსმენია – ასეთი სერია სხვას არ აქვს!

3: ეინდჰოვენელი კოდი ხაკპო კატარში გუნდის ლიდერად მოგვევლინა და დღეს მან სამი საინტერესო ამბით გაგვახარა:

ა) 23 წლის ბიჭი პირველი ნიდერლანდელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ჩატარებულ საწყის სამ შეხვედრაში გაიტანა გოლი;

ბ) უესლი სნეიდერის შემდეგ (2010) ის გახდა პირველი ნიდერლანდელი, რომელმაც ფიფას ოქროს თასის გათამაშებაში მარცხენათი, მარჯვენათი და თავით შეაგდო ბურთი;

გ) მესამე მიღწევა კი ყველაზე საინტერესოა: ხაკპომ ნაკრების სამივე მატჩში გახსნა ანგარიში, ასეთი რამ კი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში სულ მეორედ მოხდა.

პირველად ასეთი უცნაური რამ იტალიელმა ალესანდრო ალტობელიმ შეძლო 1986 წელს, მექსიკაში.

ცნობისათვის: კატარული გოლებით ხაკპო იოჰან კრუიფის გვერდით დადგა – ლეგენდარულმა მფრინავმა ჰოლანდიელმაც სამი ბურთი შეაგდო თავის ერთადერთ მსოფლიო ჩემპიონატზე…

ნიდერლანდების ნაკრები მერვედფინალში 3 დეკემბერს ითამაშებს B ჯგუფის მეორეადგილოსანთან. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ხალიფას ალ რაიანის სტადიონზე ლუდი ისევ არ იქნება, მაგრამ იოჰან კრუიფის არენაზე კვლავ ათეულობით ლიტრი დაილევა.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 29 ნოემბერი)
ფოტო:
OnsOranje

ka_GEGeorgian