კატარი 2022: ნახევარფინალების საინტერესო ამბები

მშვენიერი ნახევარფინალები ვიხილეთ, მაგრამ მგონი, უკეთესი ფინალი გველის – არგენტინა და საფრანგეთი პირველად გაარკვევენ ერთმანეთში ოქროს თასის მფლობელს და თუ იმას გავითვალისწინებთ, როგორ მივიდა ეს ორი გუნდი გადამწყვეტ მატჩამდე, ვფიქრობ დიდებული თამაში გველის.

არც მესამე ადგილისთვის შეხვედრა დაიწუნება: ბრავო ხორვატიას ზედიზედ მეორე ნახევარფინალისთვის, მაროკოს კი მხოლოდ და მხოლოდ აპლოდისმენტები. ის, რაც ამ გუნდმა მოახერხა, ქების გარდა არაფერს იმსახურებს. დიდი შანსია რეგრაგის ბიჭებმა ისტორია დაწერონ და მაროკოც პირველი აფრიკული გუნდი გახდეს, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალს რომ დაეუფლება. თუმცა მგონია, რომ არც ხორვატია გავა მინდორზე ვალის მოსახდელად.

რაც შეეხება ნახევარფინალებს, ბევრი საინტერესო ამბავი მოხდა, ლეო მესიმ რამდენიმე რეკორდი დაამყარა და რაც მოვიძიე, ქვევით ჩამოვწერე:

არგენტინა 3:0 ხორვატია

1: არგენტინა მეექვსედ გავიდა ფინალში და ამ შედეგით ბრაზილიის და იტალიის ნაკრებ გუნდებს გაუთანაბრდა. სამეულზე წინ მხოლოდ გერმანიაა 8 გადამწყვეტი თამაშით.

2: 22 წლის და 316 დღის ხულიან ალვარესი ყველაზე ახალგაზრდაა პელეს შემდეგ, რომელმაც უდიდესი ტურნირის ნახევარფინალში დუბლი შეასრულა. 1958 წელს ფეხბურთის მეფე 17 წლის და 249 დღის იყო, როცა საფრანგეთს 2 გოლი გაუტანა.

3: გონსალო იგუაინის შემდეგ ალვარესი მხოლოდ მეორე არგენტინელია, რომელმაც 22 წლისამ გაიტანა 4 გოლი მსოფლიოს ერთ ჩემპიონატზე. იგუაინმა ეს 2010 წელს შეძლო.

4: ლეო მესიმ 25-ედ ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე და რეკორდსმენს, გერმანელ ლოთარ მათეუსს გაუთანაბრდა.

5: მესი არგენტინის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ფინალურ ეტაპზე – 11 გოლი.

6: გოლს+პასის სისტემით ლეოს უკვე 19 ქულა აქვს (11 გოლი, 8 შედეგიანი გადაცემა) და ჩემპიონატების თანარეკორდსმენია გერდ მიულერთან, მიროსლავ კლოზესთან (ორივე გერმანია) და რონალდოსთან (ბრაზილია) ერთად.

7: მესი ერთადერთია ისტორიაში, რომელმაც ფინალური ეტაპის 4 შეხვედრაში გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა: 2006 წელს სერბეთთან, ხოლო კატარში მექსიკის, ნიდერლანდების და ხორვატიის ნაკრებთა წინააღმდეგ.

8: მას შემდეგ, რაც ჩემპიონატს მერვედფინალები დაემატა, მესი მხოლოდ მე-6 ფეხბურთელია, რომელმაც ფლეი ოფის ყველა ეტაპზე გაიტანა გოლი. მანამდე ეს იტალიელებმა სალვატორე სკილაჩიმ (1990) და რობერტო ბაჯომ (1994), ბულგარელმა ხრისტო სტოიჩკოვმა (1994), ხორვატმა დავორ შუკერმა (1998) და ნიდერლანდელმა უესლი სნეიდერმა (2010) მოახერხეს.

9: მესიმ რონალდოს რეკორდი გაიმეორა – ფინალური ეტაპის მე-13 შეხვედრაში გაიტანა გოლი ან შეასრულა საგოლე გადაცემა.

10: ხორვატიის ნაკრების 37 წლის კაპიტანი ლუკა მოდრიჩი მხოლოდ მეოთხეა, რომელმაც ამ ასაკში ერთ ჩემპიონატზე 6 თამაში დაიწყო ძირითად შემადგენლობაში. 1962 წელს იგივე გააკეთა ნილტონ სანტოსმა (ბრაზილია), 1982 წელს დინო ძოფმა (იტალია), ხოლო 1990 წელს პიტერ შილტონმა (ინგლისი).

11: გერმანელი რუდი ფიოლერის შემდეგ (2002 – 42 წლის, 78 დღის), 44 წლის და 216 დღის ლიონელ სკალონი ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია, რომელმაც გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა.

საფრანგეთი 2:0 მაროკო

1: საფრანგეთი პირველია ბრაზილიის შემდეგ (1998, 2002), რომელიც მიჯრით მეორე ფინალში ითამაშებს. ასევე პირველი ევროპული გუნდი გერმანიის 1990 წლის ნაკრების შემდეგ.

2: საფრანგეთმა კვლავ არ წააგო ის მატჩი, რომლის პირველი ტაიმი მოიგო – 26 გამარჯვება და ერთი ფრე.

3: დიდიე დეშამი მე-4 მწვრთნელია, რომელმაც ზედიზედ ორ ფინალში გაიყვანა გუნდი. პირველად ეს იტალიელმა ვიტორიო პოცომ მოახერხა (1934,1938 – ის ერთადერთია, რომელმაც ორივე ფინალი მოიგო), შემდეგ კი არგენტინელმა კარლოს ბილადრომ და გერმანელმა ფრანც ბეკენბაუერმა, ორივემ 1986 და 1990 წლებში. პირველი ფინალი სამხრეთამერიკელის გამარჯვებით დასრულდა, მეორე – კაიზერ ფრანცის.

4: თეო ერნანდესმა 4:39-ე წუთზე გახსნა ანგარიში და ნახევარფინალებში მეორე ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა. 1958 წელს, ფრანგებთან მატჩში, ვავამ მეორე წუთზე დააწინაურა ბრაზილია.

5: შეცვლაზე შესულმა რანდალ კოლო მუანიმ 44 წამში გაიტანა გოლი და ეს მესამე ყველაზე სწრაფი შედეგია ტურნირის ისტორიაში. 2002 წელს მორალეშმა მინდორზე შესვლიდან 16 წამში გამოიჩინა თავი, ხოლო 1998 წელს დანიელმა ებე სანდმა 26 წამში.

6: საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა უგო ლორისმა მე-19 შეხვედრა ჩაატარა ფინალურ ეტაპზე და მეკარეთა რეკორდი გაიმეორა, რომელიც ბუნდესნაკრების კარის დარაჯმა მანუელ ნოიერმა ამავე ტურნირზე დაამყარა.

 

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 15 დეკემბერი)
ფოტო:
FIFA

ka_GEGeorgian